საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვავიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.
მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.
ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)
სიახლეები
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია
- ვრცელდება პაპუნა ლოცულაშვილის განცხადება, რომელზეც გორში სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობა განხორციელდა
- "დავბრუნდი 17 წლის მერე და ისევ ემიგრანტი გავხდი, ამჯერად საკუთარ ქვეყანაში“ – ელზა ჯაბიძე
- "ნაციონალურ მოძრაობას“ ნამდვილად არ აქვს უფლება, ისაუბროს ძალადობაზე, სისტემურ დანაშაულზე, ეს მათმა მომხრეებმაც კი გადასარევად იციან" - მიხეილ სარჯველაძე
- „საქართველო იმსახურებს უკეთესს“ სრულიად უკბილო და არაადეკვატური ლოზუნგია, „შემოდგომაზე შევიკრიბებით უფრო მეტი“ კი ძალიან მავნე გეგმაა"
