„ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს“ - Deutsche Welle

გერმანულმა რადიოსადგურმა „დოიჩე ველემ“ («Deutsche Welle») გამოაქვეყნა პოლიტიკური მიმომხილველის მიოდრაგ შორიჩის სტატია სათაურით „ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს ცხოვრებას გაურთულებს“, რომელშიც განხილულია აშშ-ის (დასავლეთის) და რუსეთის პერსპექტიული ურთიერთობები და მოცემულია რუსეთის მოქმედების პროგნოზები.

 „2020 წლის ბოლოს რუსეთი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველაზე ღრმა საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა: მოსკოვი „ნაჩხუბარია“ თითქმის ყველა თავის ევროპელ მეზობელთან, ბელარუსის დიქტატორის ალექსანდრე ლუკაშენკოს გარდა.

 

ამერიკელებისა და ევროპელთა უმრავლესობა რომ რუსებს არ ენდობიან, ეს ისტორიულ წინამძღვრებითაა განპირობებული. განსაკუთრებით რუსული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც „იმპერიული და ავანტიურისტულია“ - სწორედ ასე ახასიათებს რუსულ დიპლომატიას აშშ-ის მომავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მოსალოდნელია, აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებს და გააფართოვებს.

 

გაუძლებს მოსკოვი დასავლეთის ახალ შეტევას?

ფაქტია, რომ რუსეთი ყოველ წელს სულ უფრო სუსტდება. კრემლმა ბოლო რამდენიმე წელი „ქარს გაატანა“: ვლადიმერ პუტინის მიერ გამოცხადებული „ეკონომიკის მოდერნიზაცია“ არ დაწყებულა, რუსული ბანკებისა და კომპანიების შემოსავლები თანდათან დნება. ქვეყანა ჯერ ისევ ნედლეულის ექსპორტით მიღებულ შემოსავლებზე ცხოვრობს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები საზღვარგარეთ გარბიან.

 

რეალური ხელფასი რამდენიმე წელია მცირდება, ქვეყნიდან მილიარდობით დოლარი საზღვარგარეთ გადის, უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირდება. მთავრობა რეკლამას უკეთებს რუსეთის არმიის სამხედრო აღჭურვილობას, იარაღს, რუსი ჯარისკავცების „გმირობას“ სირიაში, ლიბიაში, უკრაინაში... მაგრამ ჩვეულებრივი რუსი მოქალაქისათვის ეს ყველაფერი სუსტი ნუგეშისცემაა: სახელისუფლო მასმედიაში პატრიოტული პროპაგანდით პურს ვერ იყიდი და შიმშილს ვერ დაიკმაყოფილებს.

 

კრემლი თვის პოლიტიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეცლის, თუ მას ამაზე აიძულებენ. შესაბამისად, აშშ და ევროპა რუსეთთან მრავალწლიანი კონფრონტაციისთვის ემზადებიან. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომლებშიც რუსეთისა და დასავლეთის თანამშრომლობა აუცილებელია - მაგალითად, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმთან, ირანთან ბირთვული გარიგების განახლების ან კლიმატის ცვლილებების საკითხებში, მაგრამ ძირითადი იდეა - რუსეთი როგორც დასავლეთის მოწინააღმდეგე - უცვლელი რჩება.

 

მოსკოვს პეკინი სჭირდება: ჩინეთის იმედით

რას გააკეთებს რუსეთი?. ეკონომიკური მიზეზების გამო რუსეთი სულ უფრო მეტად დაეყრდნობა ჩინეთს, თანაც მოსკოვ-პეკინის კავშირში როლები მკაფიოდ იქნება განსაზღვრული: ერთ მხარეზეა ჩინეთი - ეკონომიკური გიგანტი, მეორეზე კი - რუსეთი, უკვე დასუსტებული მისი უმცროსი პარტნიორი.

 

რუსეთის სამხედრო ძლიერება საგარეო პოლიტიკაში მაინცდამაინც ბევრს არაფერს ცვლის. ამჟამად ნატო რუსეთზე ბევრად უფრო მძლავრია. მით უმეტეს, რომ ჯო ბაიდენს განზრახული აქვს მჭიდროდ ითანამშრომლოს ევროკავშირის ქვეყნებთან.

 

მოსკოვი იზოლაციაში იმყოფება, მაგრამ ისე იქცევა, თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდეს და ასაღელვებელიც არაფერი აქვს. ასეთი შთაბეჭდილება დატოვა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოველწლიურმა პრეს-კონფერენციამ. როგორც ჩანს, რუსეთის პრეზიდენტს დიდი ხანია რეალობასთან კავშირი აქვს გაწყვეტილი.

 

უშეცდომო არც ჯოზეფ ბაიდენი არ არის

როგორც ცნობილია, თანამედროვე მსოფლიოში ამა თუ იმ ქვეყნის გავლენა, პირველ რიგში, მისი ეკონომიკური პოტენციალით განისაზღვრება. აი, ამით კი რუსეთი ვერ დაიკვეხნის.

 

რა თქმა უნდა, დასავლეთის სახელმწიფოების ეკონომიკაც საკმაოდ დაზარალდა კორონავირუსის პანდემიით, მაგრამ როგორც კი პანდემია დასრულდება, დასავლეთში მკვეთრი ეკონომიკური აღმავლობა დაიწყება. დღეს ამერიკას და ევროპას ინფლაციის არ ეშინიათ - მათ შეუძლიათ იმდენი დოლარი და ევრო დაბეჭდონ, რამდენიც სურთ: ყველაფრის მიუხედავად, მსოფლიოში მათი ეკონომიკური ძლიერებისადმი ნდობა კვლავ შენარჩუნებულია.

 

იმავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ ჯოზეფ ბაიდენი, რომელიც ადრე სენატორიც იყო და ვიცე-პრეზიდენტიც, ბევრი არასწორი გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა: საკმარისია გავიხსენოთ აშშ-ის სამხედრო შეჭრა ლიბიაში, ერაყში და სხვა მომენტები. საერთოდ, დემოკრატიულ პარტიაში ჯო ბაიდენს ყოველთვის „საგარეოპოლიტიკურ ქორად“ თვლიდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, როცა ის უკვე ოფიციალურად გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, მას შესაძლებლობა ექნება დაშვებული შეცდომები გაკვეთილად ჩათვალოს და დასკვნები გააკეთოს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://p.dw.com/p/3nHpt

წაკითხვა 458 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.