ერთ-ერთი ყველაზე ბნელი დღე აშშ-ის ისტორიაში - მსოფლიო მასმედია ვაშინგტონში მომხდარი ამბების შესახებ
ვაშინგტონში მომხდარმა დრამატულმა მოვლენებმა, რომლებიც უპრეცედენტოა აშშ-ის ისტორიაში - როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმის (კონგრესის) დაკავებას შეეცადნენ, მსოფლიო საზოგადოება შოკში ჩააგდო. საერთაშორისო მასმედია - მემარჯვენეც და მემარცხენეც, მომხდარს „დემოკრატიაზე თავდასხმას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი წამსვლელი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის უდიდეს შეცდომას წარმოადგენს.
გთავაზობთ ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-ს რუსული სამსახურის (BBC Russian) მიერ მომზადებულ მსოფლიო პრესის მიმოხილვას:
--------------
ბრიტანული გაზეთი „თაიმსი“ (Times) ისტორიულ მომენტებს იხსენებს და წერს, რომ აშშ-ის პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც 1797 წელს ნებაყოფლობით დათმო თავისი თანამდებობა ორი ვადის შემდეგ, თუმცა იგი ვალდებული არ იყო. კონსტიტუციის 22-ე შესწორება, რომელიც პრეზიდენტობას მხოლოდ ორი ვადით განსაზღვრავს, 1951 წელს იქნა მიღებული.
მიუხედავად იმისა, ჯორჯ ვაშინგტონს პრეზიდენტობაზე უარის გამო აკრიტიკებდნენ, მან არ მოისურვა მონარქი ყოფილიყო, 200 წლის შემდეგ მისი გადაწყვეტილება პირველი პრეზიდენტის უმნიშვნელოვანეს მოვლენად ითვლება აშშ-ის დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში. მისი მმართველობის დროს ასევე გადაწყდა, რომ პოლიტიკურ მოვლენებში მთავარი კანონის უზენაესობაა და არა ძალადობრივი პროტესტები.
„თაიმ“-ის აზრით, დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი პრეზიდენტის ორივე ტესტში „ჩაიჭრა“: მან ვერ შეძლო პოსტის ნებაყოფლობით და ფაქიზად დატოვება და იმის ნაცვლად, რომ ძალადობრივი პროტესტი შეეჩერებინა, იგი მომხრეებს, პირიქით, აქეზებდა. კი, შემდეგ იგი მიხვდა შეცდომას და აქციის მონაწილეებს დამშვიდებისაკენ მოუწოდა, მაგრამ უკვე გვიან იყო. და თუ ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკელებს ახსოვთ ძლიერი ლიდერის საქმიანობის შედეგით და მისაბაძი ქცევით (მან ძლიერი სახელმწიფო დატოვა), დონალდ ტრამპს დაიმახსოვრებენ როგორც ვალდებულების დამრღვევს და იმ ქვეყნის ძლიერების დამსუსტებელს, რომელსაც იგი მთელი ძალითა და უნარით უნდა მომსახურებოდა.
------------------
„გარდიანი“ (The Guardian) თვლის, რომ დონალდ ტრამპმა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა - მის მიზანს ჯო ბაიდენის იურიდიულად გაპრეზიდენტების ჩაშლა წარმოადგენდა. ამით არჩეული პრეზიდენტის დელეგიტიმაცია მოხდებოდა და ახალი ადმინისტრაციის როლი შესუსტდებოდა.
„დემოკრატია - ეს შეთანხმებების სისტემაა, რომელიც გულისხმობს ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღებას და იმ შედეგის პატივისცემას, როგორიც არ უნდა იყოს ის. ქმედება, რომელიც კაპიტოლიუმზე (კონგრესთან და კონგრესში) ვნახეთ, ავტორირიტარული ხასიათისაა. ეს არის ადამიანების ერთი ჯგუფის ძალადობა მეორეზე - მათი დამორჩილების მიზნით, - ვარაუდობს „გარდიანი“.
--------------
„ინდეფენდენტი“ (The Independent) წერს, რომ დონალდ ტრამპმა ერთხელ სინანულით თქვა, რომ „ამერიკა მესამე სამყაროს ქვეყნად გადაიქცაო“, ახლა კი თვითონ შეუწყო ხელი ისეთი მოვლენების პროვოცირებას, რომელთა მიხედვით, აშშ მართლაც მესამე სამყაროს ქვეყნის ასოცირებას იწვევს.
სხვათა შორის, როცა ქუჩაში მღელვარება დაიწყო და ტრამპის წაქეზებით გაავებული ადამიანების კონგრესისაკენ დაიძრნენ, კაპიტოლიუმის შიგნით კანონმდებლებმა ისტორიული მომენტები გაიხსენეს - თუ როგორ შეუტიეს ბოლშევიკებმა 1917 წელს „ზამთრის სასახლეს“, რომელიც ფაქტიურად დაუცველი იყო, მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი იცავდა. ასე მოხდა კონგრესის შემთხვევაშიც. სხვაობა 1917 წლისა და 2021 წლის მოვლენებში მხოლოდ ის იყო, რომ ტრამპისტები, ლენინისტებისგან განსხვავებით, კონგრესის მარმარილოს სვეტებთან მობილური ტელეფონებით სელფს იღებდნენ.
წყარო: https://www.independent.co.uk/voices/trump-capitol-protest-riot-coup-b1783487.html
„დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), მიმოიხილავს რა ვაშინგტონში მომხდარ მოვლენებს, ვარაუდობს, თუ რა გავლენას მოახდენს „კონგრესის სასახლის აღება“ დონალდ ტრამპსა და რესპუბლიკური პარტიის ურთიერთობაზე. როცა თავდაპირველად დონალდ ტრამპს ირჩევდნენ, ბევრი ცნობილი რესპუბლიკელი საკუთარ თავს კითხვას უსვამდა - ხომ გახსნიდნენ პანდორას ყუთი დონალდ ტრამპისადმი მხარდაჭერით? ახლა მათ უკვე აქვთ პასუხი: დიახ, გახსნეს - მათ დაინახეს ტრამპის სწრაფვა ხელისუფლებისაკენ ყველა ხერხითა და მეთოდის გამოყენებით, როცა ამერიკის კონსტიტუცია უბრალო ქაღალდად იქცა.
კაპიტოლიმთან მომხდარი ინციდენტი აჩვენებს, რომ „ტრამპიზმი“ არსად არ წავა და მომავალშიც თავს იჩენს რესპუბლიკური პარტიის გაუწონასწორებელ წევრებში, თვითონ დონალდ ტრამპი კი ყოველთვის იტყვის, რომ თეთრი სახლი მხოლოდ დროებით დატოვა.
ისინი, ვინც ვაშინგტონის აქციაზე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩავიდნენ, სახლში დაბრუნდებიან და ბრძოლას [დემოკრატების წინააღმდეგ] ადგილებზე გააგრძელებენ. რასაკვირველია, რესპუბლიკელებში არიან საღად მოაზროვნეებიც: როგორც სენატორმა მიტჩ მაკკონელმა თქვა, ამერიკული დემოკრატია მსგავსი მოქმედებით „სასიკვდილო შტოპორში“ ჩავარდება და ქვეყანაში ძალადობა გაბატონდება.
https://www.telegraph.co.uk/news/2021/01/06/analysis-angry-hordes-storming-us-capitol-reflect-trumps-desire/
------------
ამერიკული „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) წერს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა, რომელიც თავიდანვე მწვავე უთანხმოებით, ინტრიგებით, სკანდალებით და შეთქმულების თეორიებით იყო გამსჭვალული, მთავრდება იმით, რომ გაავებული ბრბო, რომელსაც დამარცხებული, მაგრამ ჯერ კიდევ ქვეყნის ხელისუფლებაში მყოფი პრეზიდენტი მეთაურობს, კაპიტოლიუმზე იერიშს აწყობს და მის ოკუპირებას ახდენს. ისე ხდება, თითქოსდა ამერიკა ტიპიური ავტორიტარული სახელმწიფოა...
მსოფლიო 2021 წლის 6 იანვარს დაიმახსოვრებს როგორც ერთ-ერთ ყველაზე შავ დღეს აშშ-ის ისტორიაში. იმის ნაცვლად, რომ ეს დღე ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის სიმბოლო გამხდარიყო, 6 იანვარი ბოროტების დღე გახდა, როცა პრეზიდენტი თვითონ აქეზებს მომხრეებს - კონგრესში შეიჭერით, კარი შეანგრიეთ და ფანჯრები ჩალეწეთო...
ვაშინგტონში - ამერიკული დემოკრატიის ციტადელში - მსგავსი ფაქტის წარმოდგენა შეუძლებელი იყო და ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: პოლიციელები მოიერიშეების წინააღმდეგ იარაღს იყენებენ, უშვებენ ცრემლმდენ გაზს, შეშინებული კანონმდებლები კი კაბინეტებში იკეტებიან და იმალებიან... ექსტრემისტები სენატში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის ტრიბუნაზე ადიან, ზოგი კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერის მაგიდას უსხდებიან... არანაკლებ საგანგაშოა სიტყვები, რომლებიც მოვლენების გადმოცემისას ვსარგებლობთ: გადატრიალება, აჯანყება, ქვეყნისთვის ძირის გამოთხრა... უკვე დაიწყეს აშშ-ის შედარება „ბანანის რესპუბლიკასთან“ უცხოეთის სახელმწიფოების დედაქალაქებში კი შეშფოთებას გამოხატავენ... დონალდ ტრამპმა, როცა იგი პრეზიდენტი გახდა, პირობა დადო, რომ დაპირისპირებას ბოლოს მოუღებდა, ახლა კი პირიქით ხდება, ტანაც უარესი სახით - იმ შენობასთან, სადაც მან ფიცი მიიღო...
წყარო: https://www.nytimes.com/2021/01/06/us/politics/trump-congress.html
-------------
ამერიკულმა ტელეარხმა „ფოქს ნიუს“-მა (Fox News TV), რომელიც მემარჯვენე შეხედულებებით გამოირჩევა და გარკვეულწილად მხარს უჭერდა დონლად ტრამპს, ამჯერად მის მოქმედებას - კონგრესზე შტურმს - გამართლება ვერ მოუძებნა. პოლიტიკურმა მიმომხილველმა დეროი მერდოკმა მომხდარ ამბებს საბოტაჟის გასაოცარი აქტი უწოდა: „ამ იდიოტებმაჩვენი ცხოვრება, ვისაც დონალდ ტრამპის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკა მოგვწონდა, კიდევ უფრო გაართულეს თავიანთი უკანონო მოქმედებით“, აღნიშნა მან. „ახლა ის ყველაფერი კარგი, რაც პრეზიდენტმა გააკეთა - ხელფასების უპრეცედენტო მომატება აშშ-ის ისტორიაში, სიღარიბის ყველაზე დაბალი დონე, „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება და კოვიდსაწინააღმდეგო ორი ვაქცინის შექმნა სულ რაღაც ცხრა თვეში, წყალმა წაიღო. ახლა ჩვენ გვეუბნებიან - „თქვენ ისეთი დეგენერატი ლიდერი გყავთ, რომლის მომხრეებმა კაპიტპოლიუმს შეუტიეს?“
https://www.foxnews.com/opinion/capitol-attack-trump-supporters-deroy-murdock
---------------
გერმანული „ზიუდდოიჩე ცაიტუნგი“ (Süddeutsche Zeitung) წერს, რომ დონალდ ტრამპის მოქმედების „წყალობით“ ამერიკა ანარქიამ მოიცვა, ფეხქვეშ ითელება ქვეყანა და მისი კანონები. „დადგა დრო, რომ ამ კაცს პასუხი მოეთხოვოს. იგი შეურაცხყოფას აყენებს ამერიკას და ამერიკელ ხალხს, ანადგურებს დემოკრატიას, ადამიანებს გადატრიალებისაკენ მოუწოდებს. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მსგავსი მოქმედება - სახელმწიფო გადატრიალებისაკენ მოწოდება - მკაცრად ისჯება. დონალდ ტრამპმა ამისთვის პასუხი უნდა აგოს.
2021 წლის 6 იანვარს აშშ-ის ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა, ქვეყანას დიდი იმიჯური ზიანი მიადგა. თუმცა ამ მოვლენებს ერთი დადებითი ასპექტიც აქვს: ყველა პოლიტიკოსი, რომელიც დონალდ ტრამპის სიგიჟეს დაეთანხმება, პრეზიდენტთან ერთად უნდა წავიდეს. ტრამპისტებმა საკუთარ ლიდერს „დათვური სამსახური“ გაუწიეს: ფაქტიურად, იგი თეთრი სახლიდან თვითონვე ვადამდე გამოაგდეს. დონალდ ტრამპმა ექვს იანვარს პრეზიდენტობა დაასრულა, მას ახლა ხელბორკილები უნდა დაადონ, - ვარაუდობს გაზეთი.
წყარო: https://www.sueddeutsche.de/politik/washington-capitol-1.5166843
-----------
ესპანური „ელ პაისი“ (El Pais) თვლის, რომ ტრამპისტებმა მსოფლიოს დემოკრატიულ პრინციპებს დიდი დარტყმა მიაყენეს. დონალდ ტრამპი უკიდურესად უპასუხისმგებლოდ და სამარცხვინოდ მოიქცა. მან ეჭვქვეშ დააყენა არჩევნების შედეგები რაიმე რაციონალური ახსნა-განმარტების გარეშე და როგორც აშკარა ხდება, მან უმძიმესი ჭრილობა მიაყენა ამერიკულ საზოგადოებას. ჩვენ ახლა იძულებულები ვართ ვიფიქროთ არა მხოლოდ იმ რადიკალებზე, რომლებიც კონგრესში შევარდნენ და იქაურობა მილეწ-მოლეწეს, არამედ იმ მილიონობით ადამიანზეც, რომლებმაც ამ უღირსი პრეზიდენტის თავხედური სიცრუის გამო დემოკრატიის მიმართ რწმენა დაკარგეს.
ამერიკას რწმენის აღსადგენად წინ ურთულესი პერიოდი ელოდება. ჯოზეფ ბაიდენი, მისი გამოცდილებისა და განწყობის გათვალისწინებით, ალბათ, ამ საკითხის მოსაგვარებლად ყველაზე მიზანშეწონილ ფიგურას წარმოადგენს. ამერიკული საზოგადოებისადმი მიყენებული ზიანი უდიდესია. დემოკრატიულად მოაზროვნე მოსახლეობას დღეს ერთიანობა სჭირდება, რომ ანტიდემოკრატიული ვირუსის, სახელად „დონალდ ტრამპის“ იზოლირება მოახდინოს.
წყარო: https://elpais.com/opinion/2021-01-06/ataque-a-la-democracia-de-eeuu.html
-------------
როგორც ისრაელის გაზეთი „ჰაარეცი“ (Haaretz) აღნიშნავს, ტრამპს პრეზიდენტობის დროს საკმაოდ ბევრი წარუმატებლობა ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა წარმატებებიც... თუმცა საბოლოო ჯამში მას მხოლოდ ორი მოვლენით დაიმახსოვრებენ: პირველი - რაც მისი პრეზიდენტობის პირველ წელს მოხდა და მეორე - რაც გუშინ, მისი პრეზიდენტობის ბოლო წელს განხორციელდა.
პირველია 2017 წლის ზაფხულში, ვირჯინიის შტატში მომხდარი ულტრამემარჯვენეთა (ნეონაცისტთა) მიტინგი, როცა მან თქვა, რომ ისინი კარგი ადამიანები არიანო, ხოლო მეორე - სამარცხვინო უკანონო ქმედება, რომლის მიზანს ხელისუფლების ძალადობრივი შენარჩუნება წარმოადგენდა - ხელი შეშლოდა კონგრესის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებას.
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო