გერმანიაში მერკელის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა გაირკვა - ვინ არის არმინ ლაშეტი
“გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი არმინ ლაშეტი გახდა.
შესაბამისი გადაწყვეტილება შაბათს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატული კავშირის ყრილობაზე მიიღეს. 59 წლის არმინ ლაშეტი კანცლერის პოსტზე ანგელა მერკელი შემცვლელად მოიაზრება. მერკელი, რომელსაც კანცლერის პოსტი 2005 წლიდან უჭირავს, თანამდებობას წელს, სექტემბერში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შემდეგ დატოვებს. “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის” ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” საუბრისას ამბობს, რომ დიდი ალბათობით გერმანიის მომავალი კანცლერი ქვეყნის ეკონომიკური მიმართულებით გაძლიერებას შეეცდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გერმანიაში მერკელის სავარაუდო შემცვლელის ვინაობა გაირკვა - ვინ არის არმინ ლაშეტი და რა შეიცვლება მისი კანცლერობისას.
“არმინ ლაშეტი მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდ მიწას ხელმძღვანელობს გერმანიაში და უდავოდ წარმატებული პოლიტიკოსია. თუმცა, მისი აქტივობა მეტად შიდაპოლიტიკურ კონტექსტშია შესამჩნევი. მისი კანცლერობა იქნება ერთგვარი სურვილი იმისა, რომ გერმანიამ ბოლო პერიოდში გაჩენილი პრობლემები დაძლიოს - მაგალითად, მიგრანტების პრობლემა, ბრექსიტით გამოწვეული შოკი, კოვიდით გამოწვეული პრობლემები და ა.შ. საგარეო პოლიტიკურ კონტექსტში შეეცდება, რომ უფრო მეტად გაამყაროს გერმანიის ლიდერობა ვეროკავშირში. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი პრიორიტეტი ეკონომიკის გაძლიერება იქნება მისთვის. რა თქმა უნდა, ჯერ უნდა დაველოდოთ არჩევნებს, მაგრამ მზადება უნდა დავიწყოთ იქამდე, სანამ ახალი კანცლერი დაინიშნება და გავითვალისწინოთ ის შესაძლო პრიორიტეტები, რაც მას უნდა ჰქონდეს. უნდა გავაათმაგოთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა გერმანიასთან, რათა მათ უკეთესად დაინახონ ის შესაძლებლობები, რისი შეთავაზებაც საქართველოს შეუძლია ევროკავშირისა და გერმანიისთვის. გერმანია უაღრესადაა დაინტერესებული იმ საკვანძო მდგომარეობით, რაც საქართველოს აქვს - იგულისხმება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი დერეფანი. ამ კონტექსტში გერმანია ნამდვილად განიხილავს საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.
“ჩვენ თუ მოვახერხეთ და გავზარდეთ ინტერესის ხარისხი, მაშინ შეგვიძლია ბევრი სხვა პროცესის დაჩქარებაზე ვისაუბროთ, რაშიც გერმანია მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ვიცით, რომ გერმანია ერთერთია იმ სახელმწიფოთა შორის, რომელიც ნატო-ს გაფართოების საკითხში ძალიან კონსერვატიულია. მიუხედავ ამისა, სწორედ გერმანიაა ის სახელმწიფო, რომელიც უზარმაზარ ძალას ახმარს ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერებას. გერმანიის მიდგომა ასეთია - მოვამზადოთ ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად, შევქმნათ “შესაძლებლბის ფანჯარა” და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება. ამისთვის ჩვენი მხრიდან სერიოზული მუშაობაა საჭირო. გერმანია ის ქვეყანაა, რომელმაც პირველმა აღიარა და გახსნა საელჩო საქართველოში 1992 წელს, რომლის ვიცე-კანცლერმა პირველი დახმარება ჩამოიტანა საქართველოში და განსაკუთრებულად განიხილავდა საქართველოს როლს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ აქტიურები და ლოდინის ნაცვლად ჩვენ შევთავაზოთ ის ნაბიჯები, რასაც შეუძლია საქართველო-გერმანიის ურთიერთობა გაღრმავება”, - აცხადებს ფხალაძე. მისივე თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობების გაძლიერება განსხვავებულ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან იმისთვის, რომ საქართველო წევრობის რეალურ კანდიდატად განიხილოს ევროკავშირმა, ბევრად მეტია საჭირო, რადგან ბევრი სფეროა ქვეყანაში გასაუმჯობესებელი. რაც შეეხება ქვეყნის საგარეო კურსს, ფხალაძის აზრით, გერმანია-რუსეთის ურთიერთობის “დათბობა” და მოსკოვის მიმართ სენტიმენტების გაღვივება ლაშეტის კანცლერობის შემთხვევში მოსალოდნელი არაა. მისივე აზრით, ლაშეტის კანცლერობის შემთხვევაში გერმანიის, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერის როლი კიდევ უფრო გამოიკვეთება და გაძლიერდება”, - წერს სტატიის ავტორი.
“გერმანიას ეროვნული ინტერესების განსაზღვრაში განსაკუთრებული პრაგმატიზმი ახასიათებს. უპირველეს ყოვლისა ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მიზანია გერმანია იყოს მაქსიმალურად დაცული და რისკები იყოს მინიმალურ დონეზე. აბსოლუტურად არასწორია სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც გერმანიას რუსეთის მიმართ აქვს სენტიმენტები და რბილი პოლიტიკა. რეალურად, გერმანია ძალიან კარგად გრძნობს იმ საფრთხეს, რაც მომდინარეობს რუსეთისგან, თუმცა იმავდროულად გრძნობს იმასაც, რომ თანამედროვე უსაფრთხოების არქიტექტურა საჭიროებს ძალიან სერიოზულ რეფორმას იმისთვის, რომ გახდეს უფრო მდგრადი იმ ჰიბრიდული გამოწვევების მიმართ, რომლის წინაშეც დღეს ძალიან მოწყვლადია.. არ მგონია ევროკავშირისა და გერმანიის ურათიერთობები როგორმე შეიცვალოს. უბრალოდ, შესაძლოა კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის პოზიციები ევროკავშირში. დღეს ევროკავშირში გერმანიის როლი ცალსახადაა გამოყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ ახალი კანცლერის ერთ-ერთი ამბიცია გერმანიის როლის გაძლიერება და გამოკვეთა იქნება”, - დასძენს თენგიზ ფხალაძე.
სიახლეები
- "თუ არ ხევ მანდატს და არ გადიხარ, ე.ი. პარლამენტის ლეგიტიმურობას აღიარებ?" - ვახტანგ ძაბირაძე
- "ხალხო, შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში, „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“, მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! - საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა! " - მიხეილ სააკაშვილი
- მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის ქალაქ სუმიზე რუსული დრონებით შეტევას
- "მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან"- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
- "დღევანდელი ოპოზიცია, ის ოთხეული, რომელმაც ბარიერი გადალახა არა ამომრჩევლის, რამედ უცხოელი პატრონების ნებას წარმოადგენს" - შალვა პაპუაშვილი