რატომ არის რთული კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნა

თურქეთის ინგლისურენოვან გაზეთ „ჰურიეთ დეილი ნიუს“-ში («Hürriyet Daily News») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ არის რთული კავკასიური სამშვიდობო პლატფორმის შექმნა“, რომელშიც განხილულია თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდოღანის მიერ ინიცირებული კავკასიური „ექვსეულის“ ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი, კერძოდ - თბილისისა და ერევნის დამოკიდებულება ანკარის ინიციატივის მიმართ (ავტორი - სერკან დემირტაში).

„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რომელშიც გამარჯვება აზერბაიჯანმა მოიპოვა - გაათავისუფლა თავისი ტერიტორიები სომხური ოკუპაციისაგან - ხშირად ისმის იდეები თანამშრომლობის მექანიზმის შესაქმნელად კავკასიის რეგიონის ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით“, - აღნიშნულია სტატიაში. ამ თვალსაზრისით ავტორი ხაზს უსვამს თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ერდორანის დამსახურებულ როლს რეგიონული თანამშრომლობის განვითარების საქმეში და წერს:

 

„პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი იდგა იმ საერთაშორისო ლიდერებს შორის, რომლებიც კავკასიაში მშვიდობის დამყარებაზე ფიქრობდნენ და ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ სწორედ თურქეთის ლიდერმა წამოაყენა ექვსმხრივი ორგანოს შექმნის ინიციატივა, რათა მტრობა უკან დარჩენილიყო და რეგიონი სტაბილურობისა და მშვიდობის კერად გადაქცეულიყო. რუსეთმა და აზერბაიჯანმა ამ იდეას მხარი დაუჭირეს.

 

თურქეთის წინადადება პირდაპირი სიგნალი იყო სომხეთისათვის: ანკარამ ამით მიანიშნა, რომ მზადაა სომხეთთან საზღვრების გასახსნელად და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად, თუ ერევანი რეგიონული თანამშრომლობის ფორმულას დაეთანხმება. თურქული ინიციატივა მოიწონა ირანმაც: ანკარაში ვიზიტის დროს, თავის თურქ კოლეგასთან მევლიუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრის დროს, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა კავკასიურ თანამშრომლობაში თავისი ქვეყნის როლი განსაზღვრა. მართალია, მინისტრებს თანამშრომლობის ფორმულა „3+3“ არ გაუშიფრიათ, მაგრამ, როგორც ითვლება, ის გულისხმობს სახელმწიფოების ორი ჯგუფის ჩამოყალიბებას - აზერბაიჯანი-საქართველო-სომხეთი + თურქეთი-ირანი-რუსეთი.

 

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სომხეთი და საქართველო კავკასიური „ექვსეულის“ ფორმატის წინააღმდეგ გამოდიან. რასაკვირველია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში სასტიკი დამარცხების შემდეგ ერევანი ჯერ კიდევ შოკშია და ჯერ-ჯერობით გონივრულად ვერ აღიქვამს ახალ რეალიებს. ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლებისათვის ძნელია თურქეთისათვის ხელის ჩამორთმევა - პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს დღეს მკაცრად აკრიტიკებენ აზერბაიჯანის წინაშე განხორციელებული დათმობებისათვის. სომხეთს, უეჭველია, დრო სჭირდება, რომ მთიან ყარაბაღში დამარცხების ჭრილობა მოიშუშოს და ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალოს.

 

კავკასიის რეგიონული ინიციატივის რეალიზებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია: თბილისი მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს არ დაუჭერს არცერთ რეგიონულ ინიციატივას, სადაც კი რუსეთი იქნება - სანამ მოსკოვი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას არ შეწყვეტს.

 

რამდენად იქნება რეალიზებული „კავკასიური „ექვსეულის“ შექმნის ინიციატივა, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. ამჟამად მხოლოდ ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრიორიტეტებია გამოკვეთილი: თეირანი აქტიურად ცდილობს ახალ სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობას და რეგიონის ქვეყნებთან თავისი ვაჭრობის გაფართოებას, ანკარა - აზერბაიჯანთან ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული კავშირების განმტკიცებას, მოსკოვი კი ცდილობს თავისი გავლენა გააფართოვოს და  რეგიონი „ძაფებით მართოს“ - სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის კონტექტსში.  ყველაფერი ეს იმას მოწმობს, რომ ნამდვილი მშვიდობისა და რეგიონული სტაბილურობის დამყარებამდე კავკასიის რეგიონს ჯერ კიდევ დიდი გზის გავლა მოუწევს“, - ასკვნის პუბლიკაციის ავტორი.

 

წყარო: https://www.hurriyetdailynews.com/opinion/serkan-demirtas/why-setting-a-caucasus-peace-platform-is-difficult-162061 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 467 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 02 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.