რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ - Deutsche Welle

გერმანული რადიო „დოიჩე ველე" («Deutsche Welle») ყურადღებას უთმობს შავი ზღვაში ნატოს გააქტიურებას და ამასთან დაკავშირებით აქვეყნებს ექსპერტ კონსტანტინე ეგერტის თვალსაზრისს, რომლის მიხედვით, საქართველოსა და უკრაინის სწრაფვა ალიანსის წევრობისაკენ ადრე თუ გვიან ბრიუსელს არჩევანის წინაშე დააყენებს: ბოლოს და ბოლოს, ან მხარი დაუჭიროს კიევს და თბილისს და ორივე - უკრაინაც და საქართველოს წევრად მიიღოს, ან დაუთმოს რუსეთს და ამით პოლიტიკურად დამარცხდეს.

 

გთავაზობთ სტატიის შინაარსს, რომლის სათაურია „რუსეთი და ნატო შავ ზღვაზე დაპირისპირების თავიდან აცილებას ვერ შეძლებენ“.

 

„ამერიკელი ექს-ადმირალის, ევროპაში ნატოს ჯარების ყოფილი მთავარსარდლის, ამჟამად კი ექსპერტ-კონსულტანტის ჯეიმს სტავრიდისის სცენარის მიხედვით, „ვლადიმერ პუტინი უკრაინას ხმელეთიდან კი არ დაესხმება, არამედ ზღვიდან - უკრაინის პორტებს დაბლოკავს, დაიკავებს შავიზღვისპირა ზოლს და შექმნის იმ სახმელეთო დერეფანს, რომლითაც ყირიმი „დიდ მიწას“ - რუსეთს პირდაპირ დაუკავშირდება. ნატო დაგმობს რუსეთის მოქმედებას, მაგრამ კონფლიქტში არ ჩაერევა, რადგან უკრაინაზე ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ არ ვრცელდება.

 

არავინ იცის, განიხილეს თუ არა ეს სცენარი „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებმა ვირტუალური სამიტის დროს, 10 მაისს, აშშ-ის პრეზიდენტისა და ნატოს გენმდივნის მონაწილეობით, მაგრამ ნათელია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინასაც და ვლადიმერ პუტინის გეგმებსაც - რას და როგორ გააკეთებს რუსეთის პრეზიდენტი ე.წ. „აპრილის წვრთვნების“ შემდეგ უკრაინის საზღვრებთან ახლოს.

 

„ბუქარესტის ცხრიანი“ (B-9) ნატოს „აღმოსავლეთის ფლანგის“ ქვეყნების არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც 2014 წელს შეიქმნა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის კავლაზე და მასში რუმინეთი, პოლონეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი და ბულგარეთი შედიან. ცხრიდან შვიდი ქვეყანა კრემლს კატეგორიულად ვერ იტანს და რუსეთთან მაქსიმალური დაპირისპირების მომხრენი არიან. უნგრეთს და ბულგარეთს რუსეთთან შედარებით რბილი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა ხშირად მათი პოზიციაც რუმინელების, პოლონელებისა და ლიეტუველების ხედვებს ემთხვევა.

 

ბოლო წლებში „ბუქარესტის ცხრიანის“ ქვეყნები ცდილობდნენ ერთიანი ფრონტით გამოსულიყვნენ. ნატოს ზოგიერთ წევრს „აღმოსავლეთის ფლანგელი“ მოკავშირეების ხისტი პოზიცია აღიზიანებდათ (მაგალითად, გერმანიას და საფრანგეთს), რომლებიც რუსეთთან ტრადიციული დიალოგის ხაზს ინარჩუნებდნენ, თანაც ყველა სიტუაციაში.

 

„ცხრიანის“ ამჟამინდელი სხდომა უკრაინა-რუსეთის აპრილის კრიზისისა და სამომავლო საფრთხის ფონზე გაიმართა. ასევე საყურადღებოა, რომ ივნისში ალიანსის უმაღლესი დონის სამიტია დაგეგმილი. შავიზღვისპირა ნატოელები ამერიკას შავ ზღვაში მეტი აქტიურობისაკენ მოუწოდებენ. ვირტუალურ სხდომაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მონაწილეობა ადასტურებს იმას, რომ კონტექსტი შეიცვალა (რაც პუტინის მიერ იარაღის ჟღარუნმაც დააჩქარა) და ნატო შავ ზღვას პრიორიტეტულად განიხილავს. მაგრამ ესა არ ნიშნავს იმას, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს რეგიონის მიმართ მკაფიო სტრატეგია აქვს.

 

უკრაინული (და ქართული) ოცნება

 

მთავარი პრობლემა საქართველოსა და უკრაინის პერსპექტივაა: ნატომ არ იცის, რა უყოს ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომლებიც ალიანსის წევრობას ესწრაფვიან. და აშკარაა, რომ კიევი და თბილისი ამ სურვილს არ შეიცვლიან. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან შვიდწლიანი დაპირისპირებით გარკვეული გამოცდილება უკვე შეიძინეს. უკრაინის არმია დღეს უკეთესად არის აღჭურვილი, მათ შორის ამერიკული იარაღით. უკრაინელი ოფიცრების შემადგენლობა, საქართველოს მსგავსად, ალიანსის ქვეყნებში სტაჟირებას გადის. არმიაზე სამოქალაქო კონტროლის დონე სავსებით აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები არაფრით არ ჩამოუვარდებიან (ზოგჯერ კი უკეთესია) ნატოს წევრის, შავიზღვისპირა ქვეყნის - რეჯეფ ერდოღანისეული თურქეთის დონესთან შედარებით.

 

წევრად მისაღები კანდიდატის მიმართ ხშირად წაყენებული მოთხოვნები - არ ჰქონდეთ მათ ტერიტორიული კონფლიქტები მეზობლებთან - ვაშინგტონის 1949 წლის ხელშეკრულებით ფორმალიზებული არ არის. უფრო მეტიც, როგორც ამ სტრიქონების ავტორს ალიანსის გენმდივნის ერთ-ერთმა ყოფილმა მოადგილემ გაანდო, საქართველოს წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ ბრიუსელში, რომ მზად არიან წერილობით დათანხმდნენ იმაზე, რომ კოლექტიური თავდაცვის მუხლი აფხაზეთ - სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე არ გავრცელდება.

 

და ბოლოს, უკრაინას და საქართველოს ნატოს წევრობა ჯერ კიდევ ბუქარესტის 2008 წლის აპრილის სამიტის დასკვნით კომუნიკეში აღუთქვეს. გავიხსენოთ, რომ იმ დროს თბილისისა და კიევისათვის „მაპ“-ის მიცემას თვით აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ - უმცროსი ითხოვდა, მასთან ერთად კი - ბალტიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებიც. კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ მხოლოდ გერმანია და საფრანგეთი.

 

უკრაინა და საქართველო: ნატოს „გლობალური პარტნიორები“?

 

მაგრამ სანამ ვლადიმერ პუტინი რუსეთის ხელისუფლებაშია, კრემლი უკრაინელებს და ქართველებს ნატოს წევრობის ნებას არ მისცემს. თუ გავითვალისწინებთ იმას, პუტინი ხელისუფლებაში დარჩენას 2036 წლამდე გეგმავს, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია ის, რომ კიევი და თბილისი მოთმინებით დაელოდებიან მორიგ „მედვედევისეულ დათბობას“, მით უმეტეს, რომ მსგავსი რამ შეიძლება საერთოდ არ მოხდეს. რაც უფრო შორდებიან საბჭოთა კავშირის ისტორიულ წარსულს, ქართველები და უკრაინელები მით უფრო მკაფიოდ აცნობიერებენ თავიანთ ეროვნულ ინტერესებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდებიან კრემლის ინტერესებისაგან. ესე იგი, კიევი და თბილისი მით უფრო „ხმამაღლა დააკაკუნებენ“ ნატოს კარზე.

 

რა თქმა უნდა, შეიძლება უკრაინას და საქართველოს „გლობალური პარტნიორების“ სტატუსი მიეცეთ - ისეთი, როგორიც აქვს სამხრეთ კორეას, იორდანიას, ავსტრალიას... მაგრამ ეს მხოლოდ საკითხის დროებითი გადაწყვეტა იქნება. თანაც ასეთ გადაწყვეტილებას იოლად შეუძლია კრემლის პროვიცირება უკრაინის წინააღმდეგ.

 

ომის ფასი ნატოსთვის

ერთი მხრივ, კიევი (და ცოტა ნაკლები დონით თბილისიც) და  მეორე მხრივ - მოსკოვი, განუხრელად უახლოვდებიან მომავლისათვის ბრძოლის მეორე რაუნდს. ვლადიმერ პუტინმა, რომელსაც მოულოდნელი გადაწყვეტილებები ახასიათებს, სრულიად შეიძლება „პრევენტიული დარტყმა“ განახორციელოს, სანამ გვიან არ არის (მისი აზრით).

 

თუ გავითვალისწინებთ უკრაინის არმიის ძლიერების დონის სწრაფ ზრდას, შავი ზღვის რეგიონში რუსეთთან დაპირისპირება შიძლება ახალ ევროპულ ომად გადაიქცეს. უფრო მეტიც, უკრაინის სავარაუდო დამარცხება, რომელიც ამდენ ხანს აქტიურად და მჭიდროდ თანამშრომლობს ალიანსთან, ნატოს დამარცხებად იქნება აღქმული. ზუსტად იგივენაირად, როცა შარშან სომხეთის წარუმატებლობა ყარაბაღის მეორე ომში მისი მთავარი მოკავშირისა და დამცველის - რუსეთის დამარცხებად შეფასდა.

 

ომი დაარტყამს მსოფლიო ბაზრებს, შეარყევს ნატოს სამხრეთ ფლანგს, რომელიც დღეს ისედაც არ გამოირჩევა მაინცდამაინც დიდი სტაბილურობით. მაგრამ ყველაზე მთავარი - ომი პოლიტიკურ განხეთქილებას შეიტანს და ფატალურად დაასუსტებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, სადაც „ბუქარესტის ცხრიანი“ უკვე მერამდენე წელია განგაშის სიგნალს იძლევა, დანარჩენი ნატოელი მოკავშირეები კი ისეთ სახეს იღებენ, რომ მათ ეს მხოლოდ ნაწილობრივ ეხებათ. აი, სწორედ ასეთი მიდგომა იქნება  მთავარი ტროფეი (ალაფი) კრემლისათვის.

 

წყარო: https://p.dw.com/p/3tIMs

მოამზადა სიმონ კილაძე

წაკითხვა 496 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.