არის თუ არა ბორის ჯონსონი რუსეთის აგენტი? - რას წერს უცხოური პრესა

ბრიტანულმა ჟურნალმა „სპექთეითორმა“ (The Spectator) დაბეჭდა სტატია სათაურით „ბორის ჯონსონი - რუსეთის აგენტი?“ (ავტორი - ლოიდ ევანსი), რომელშიც გადმოცემულია, თუ როგორ დასდეს ბრალი ინგლისელმა პარლამენტარებმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს რუსეთის აგენტობაში.

„იმ დროს როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საზღვარგარეთ ვიზიტით იმყოფებოდა, მის ნაცვლად დეპუტატებთან შეხვედრაზე და მათ კითხვებზე პასუხის გასაცემად პრემიერის მოადგილე დომენიკ რააბი მივიდა.

 

არის თუ არა ბორის ჯონსონი რუსეთის აგენტი? ეს საკმაოდ უცნაური კითხვა თემთა პალატის წევრების მიერ შედგენილ კითხვების სიაში ერთ-ერთი მთავარი იყო. ეს კითხვა დასვა დეპუტატმა ანჯელა რეინერმა, რომელიც ბორის ჯონსონის მეგობარს - ევგენი ლებედევს ეხებოდა და რომელსაც უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა პერის ტიტული მიანიჭა. დეპუტატმა გაიხსენა ევგენი ლებედევის („კაგებეს“ ოფიცრის შვილის) და ბორის ჯონსონის შეხვედრა 2020 წელს ლონდონში. „შეხვედრის დეტალები არასოდეს არ გამჟღავნებულა“, - განაცხადა მან და ჩამოთვალა ისეთი დეტალები, რომელიც არავინ არ იცოდა. „მენიუში შამპანური და ხიზილალაც იყო“, - აღნიშნა ანჯელა რეინერმა.

 

დომენიკ რააბმა გაგონებისთანავე ანჯელა რეინერის ნათქვამი სისულელედ შეაფასა: „რასაც თქვენ აცხადებთ, მონაჩმახია“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილემ.

 

როგორ გაიგო დეპუტატმა ეს დეტალები? განა ყველაფერი საიდუმლოდ არ მოხდა? ან იქნებ მან მოიტყუა, რომ პრემიერ-მინისტრი გაეშავებინა? ეს ხომ უწესობაა. მაგრამ სპიკერ ლინდსი ჰოილს არავითარი რეაგირება არ მოუხდენია, იგი იმით იყო დაკავებული, რომ დარბაზში კიდევ დაენახა კრიტიკოსები, რომლებიც მზად იყვნენ დომენიკ რააბთან საკამათოდ. მისი ყურადღება კონსერვატორებისადმი იყო მიპყრობილი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად იყვნენ განწყობილნი „ბუნტისათვის“.

 

„თუ თქვენ შეკამათება გსურთ“, - თქვა ლინდსი ჰოილმა და მათ სპიკერის უფლება შეახსენა „ბუნტისთავების“ დარბაზიდან გაძევების თაობაზე, - მაშინ გარეთ გაბრძანდით და იქ იკამათეთ“. ეს ისე გამოუვიდა, თითქოსდა მან პარლამენტის წევრებს შესთავაზა, წადით და ავტოსადგომზე იჩხუბეთო. ცხადია, ასეთი რამ პარლამენტის სპიკერის მხრიდან მაინცდამაინც მოსაწონი არ არის.

 

დომენიკ რააბმა ანჯელა რეინერის ბრალდებებს პასუხი გასცა და თან ისიც გაახსენა - თუ როგორ დაუჭირა დეპუტატმა მხარი ჯერემი კორბინს (ლეიბორისტული პარტიის ლიდერს), რომელიც ნატოში დიდი ბრიტანეთის წევრობის წინააღმდეგ გამოდიოდა. ლინდსი ჰოილმა სკამიდან წამოიწია და პრემიერის მოადგილეს შენიშვნა მისცა - „თქვენ არ უნდა უბრუნდებოდეთ მუდმივად 12 წლის წინ მომხდარ ფაქტს საკუთარი თავის გამართლების მიზნით. შეეცადეთ დაიცვათ დღის წესრიგი და წარსულის ამბებზე ნუ ჩაიციკლებით“.

 

არასწორი გამოთქმაა. დომენიკ რააბი ხომ იმ ჯერემი კორბინზე ლაპარაკობდა, რომლის ლიდერობა ორი წლის წინ დასრულდა. ლინდსი ჰოილი თავს ზედმეტის უფლებას აძლევს, როცა თემთა პალატაში დეპუტატების გამოსვლას ხელს უშლის და მათ ცენზურას უწესებს. ასე თავის პარლამენტარებს მხოლოდ დიქტატორები ექცევიან. ან იქნებ მას დეპოტ მარქსისტად სურს გადაქცევა? ვთქვათ, თავმჯდომარე ლინ ძეჰოილად.

 

ანჯელა რეინერმა თავისი გამოსვლა იმით დაასრულა, რომ ბორის ჯონსონი უცხოეთის სახელმწიფოს ნების შემსრულებლად, მარიონეტად გამოაცხადა და ბრალი იმაში დასდო, რომ „მდიდრულ ვილებში რუს ოლიგარქებთან დროს ატარებდა“. ამის საპასუხოდ დომენიკ რააბმა ჩამოთვალა ის სანქციები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დააწესა. გაყინულია რუსეთის აქტივი 45 მილიარდი დოლარის ოდენობით, რუბლი თავისუფალ ვარდნაშია, ხოლო რუსული საფონდო ბირჟა რეკორდულად დაბალ დონეზე დაეცა.

 

ბორის ჯონსონის როგორც მოღალატის გამომჟღავნების მიზნით იმ დეპუტატებს, ვინც პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ინტრიგებს და ხრიკებს აწყობდა, ლეიბორისტი ჯასთინ მენერსი შეუერთდა. [მისი თქმით], 2018 წელს, როცა ბორის ჯონსონი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მან „კაგებეს“ ყოფილი აგენტი გაიცნო. მათი არალეგალური (უკანონო) შეხვედრა იმ ჩინოვნიკების გარეშე გაიმართა, რომლებიც, ჩვეულებრივად, შეხვედრების მიმდინარეობას იწერენ ხოლმე. პრემიერის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს დღის მეორე ნახევარშიც თავისუფალი დრო მისცეს.

 

რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი რაღაც საეჭვოდ გამოიყურება. მაგრამ მეორე მხრივ, განა რაიმე მტკიცებულებები არსებობს იმისა, რომ პრემიერმა ქრთამი აიღო ან რაიმე უკანონო გარიგება განახორციელა? დიპლომატები სწორედაც რომ არიან დაკავებული საეჭვო უცხოელ მაგნატებთან შეხვედრებით. ამის გათვალისწინებით დომენიკ რააბმა ჯასთინ მენერსის კითხვას არ უპასუხა და განუცხადა - „თქვენ სრულ აბდაუბდას ლაპარაკობთ“.

 

პრემიერის მოადგილისაკენ „უკანასკნელი ნახტომი“ ლეიბორისტმა მეთ ვესთერნმა განახორციელა. მან განაცხადა, რომ ბორის ჯონსონს ძალიან უყვარს ტენისის თამაში უცხოელ მილიარდერებთან, სადაც კორუფციული მოსყიდვებიც ხდებაო და გაიმეორა რომ ბორის ჯონსონის „ძმაკაცი“ ევგენი ლებედევი „კაგებეს“ ყოფილი მაღალჩინოსანი აგენტის ვაჟია.

 

ლეიბორისტები დიდ ინტერესს ამჟღავნებენ მემკვიდრეობითობის პრინციპისადმი, თუმცა მათ მიერ გატარებული პოლიტიკა ხშირად არის მიმართული ამ პრინციპის გასაუქმებლად. ამიტომაც უცნაური მათი მოსმენა, როცა პირზე ქაფმოდებულნი დანაშაულის დეკორატიულ ატრიბუტებზე ლაპარაკობენ: „მოსყიდვა, მილიარდერები, მდიდრული ვილები, ხიზილალა და შამპანური...“. ისინი იმ წვრილფეხა დამნაშავეებს წარმოადგენენ, რომლებსაც სურთ ნამდვილ განგსტერებს შეუერთდნენ, მაგრამ მაინც და მაინც დიდ გულმოდგინებას არ იჩენენ.

 

დომენიკ რააბისათვის ეს გამოსვლა გრანდიოზული იყო, მან კარგად გამოააშკარავა ლეიბორისტთა მიზნები. პრემიერ-მინისტრის მოადგილე კარგად იყო მომზადებული და აუღელვებლად ლაპარაკობდა. უნდა ითქვას, რომ მან ბორის ჯონსონის შემცვლელად საკუთარი თავი ყველაზე ძლიერ კანდიდატად გამოავლინა, ვიდრე „უზადოდ სუფთა“ რიში სუნაკმა (ხაზინის კანცლერმა - მთარგმნ.) და ლიზ ტრასმა (საგარეო საქმეთა მინისტრმა - მთარგმნ.), რომელიც მუდამ ყურადღების მიქცევას ცდილობს... თუმცა აბსოლუტურად გამარჯვებული მაინც ბორის ჯონსონი გამოვიდა, რომლის სახელი მთელი სხდომის განმავლობაში დომინირებდა. მით უმეტეს, ის იქ არც ყოფილა...

 

წაკითხვა 513 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.