რა სურს კრემლს? - უცხოური პრესა

„მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ე.წ. „არამეგობრულ ქვეყნებთან“ გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები დოლარებიდან და ევროებიდან რუბლებზე გადაიყვანა, ენერგეტიკულ ბაზრებზე ნერვიულობამ იმატა. რა სურს კრემლს? ნუთუ ის, რომ დასავლეთმა თვითონ თქვას უარი თავის მიერვე შემოღებულ სანქციებზე?“, - ასეთი კითხვაა დასმული გერმანული ჟურნალის „შპიგელის“ (Der Spiegel) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „პუტინის სახიფათო მანევრი რუბლით“ (ავტორები - ბენჯამინ ბიდერი და ტიმ ბარცი).

პუბლიკაციის ავტორები აღნიშნავენ, რომ ვლადიმერ პუტინის მანევრმა ევროპული ენერგეტიკული კონცერნების მმართველობაში და ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის სამინისტროებში დაბნეულობა გამოიწვია, ჩინოვნიკები „შუბლშეკრულები დადიან“. როგორც ეკონომისტი იენს ზიუდეკუმი ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში, რუსეთის ლიდერმა დასავლეთი „საგონებელში ჩააგდო“. „თავისი ასეთი ნაბიჯით ვლადიმერ პუტინი იძულებულს გვხდის, რომ ჩვენივე სანქციებს გვერდი ავუაროთ“, - განმარტავს იენს ზიუდეკუმი.

 

თავის მხრივ, ვალუტის ექსპერტი პეტერ ბოფინგერი თვლის, რომ მიწოდებული გაზის ფასის რუბლით ანაზღაურებით მოსკოვი ეროვნული ვალუტის კურსის განმტკიცებას ცდილობს: „თუ დასავლელი კლიენტები იძულებული გახდებიან რუბლი დოლარებით და ევროებით იყიდონ, მაშინ, რასაკვირველია, საზღვარგარეთ რუბლზე მოთხოვნა გაიზრდება და, რა თქმა უნდა, მისი კურსიც შესაბამისად აიწევს“, - ამბობს პეტერ ბოფინგერი.

 

„შპიგელის“ მიმომხილველების ვარაუდით, ამგვარი მიზანი სრულიად მიღწევადია. ეკონომისტი კლაუს-იურგენ გერნი განმარტავს, რომ ასეთ სიტუაცია, როგორც ჩანს, რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლს გაზის უცხოელ მომხმარებლებს იმ რუსული ბანკების მეშვეობით მიყიდის, რომლებსაც სანქციების ქვეშ არ იმყოფებიან (ანუ რომლებიც „სვიფტ“-იდან არ არიან გამორთულები), რაც ეროვნული ვალუტის სტაბილიზებას გამოიწვევს. „ვლადიმერ პუტინი ასეთი გადაწყვეტილებით დასავლეთს უკიდურესად რთულ ვითარებაში ჩააყენებს, რადგან ამ ფონზე დასავლური სანქციები აბსურდული იქნება“, - ასკვნის კლაუს-იურგენ გერნი.

 

კიდევ ერთი სპეციალისტი გერმანული „კომერცბანკიდან“ (Commerzbank) ულრიხ ლაიტმანი თვლის, რომ რადგანაც რამდენიმე რუსული ბანკი ისევ „სვიფტ“-ში არიან ჩართული, პრაქტიკულად, დასავლურ კომპანიებს გაზის ფასის გადასახდელად რუბლის ყიდვა (ანუ ევროებისა და დოლარების რუბლზე გადაცვლა) არ გაუჭირდებათ, თანაც სანქციების რეჟიმის დარღვევის გარეშე.

 

„რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯი სრულიად გამართლებულია რუსული ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების თვალსაზრისით“, - თვლის ექსპერტი კერსტინ ჰოტმერი საინვესტიციო ფონდ Vontobel-იდან. მისივე განმარტებით, დასავლური კომპანიების მიერ „გაზპრომთან“ გასულ წელს დადებული კონტრაქტების მიხედვით, მიწოდებული რუსული გაზის 60% ანაზღაურდება დოლარით, ხოლო 40% - ევროთი.

 

წყარო

წაკითხვა 368 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.