"რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები"

რუსეთი უკრაინაზე ახალი შეტევისთვის ემზადება, შემოჰყავს დამატებითი ჯარები და სამხედრო ტექნიკის კოლოსალური რაოდენობა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ კორეის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები გრძელდება.

 

„ჩვენი ტერიტორიის ზოგიერთ ნაწილში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება. რუსეთი კიდევ ერთ ახალ შეტევას ამზადებს იმ იმედით, რომ გატეხს ჩვენს ეროვნულ წინააღმდეგობას. ოკუპანტებმა ათიათასობით ჯარისკაცისა და კოლოსალური რაოდენობის ტექნიკის კონცენტრირება მოახდინეს, რათა ახალი დარტყმები სცადონ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამავდროულად, მან სამხრეთ კორეელ პოლიტიკოსებს აცნობა, რომ რუსული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ დადგენილი არ არის, რადგან დაზარალებულ ტერიტორიებზე ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

 

ზელენსკიმ მსოფლიოს რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციის დაწესებისკენ მოუწოდა, რათა აიძულონ აგრესორი ქვეყანა, შეაჩეროს ომი.

 

„ჩვენმა ომის საწინააღმდეგო კოალიციამ, რომელიც შეიქმნა რუსეთის ამ სასტიკი შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკვე გამოიყენა მის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. რუსეთი ჯერ არ გრძნობს, რომ უნდა გაჩერდეს. ეს ნიშნავს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო და არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, აუცილებელია მთლიანად გაწყდეს გლობალურ-ფინანსურ სისტემასთან რუსული ბანკების კავშირი. აუცილებელია, შეიზღუდოს რუსული ენერგორესურსების ექსპორტი, პირველ რიგში, ნავთობის, მაგრამ ასევე აუცილებელია, რომ გლობალურმა კომპანიებმა შეწყვიტონ ამ ბარბაროსული სახელმწიფოს სპონსორობა, რომელსაც სჯერა, რომ აქვს უფლება, გაანადგუროს ხალხის ცხოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი თავად არ გაჩერდება, ის უნდა აიძულონ, რომ შეწყვიტოს ომი, აიძულონ შეწყვიტოს ხალხის დაცინვა, იძულებული გახადონ, პატივი სცეს მეზობელი ხალხების სიცოცხლის უფლებას, აიძულონ, დატოვოს უკრაინის ტერიტორია.

 

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ახლა რუსეთს მიაჩნია, რომ რატომღაც მას აქვს უფლება, დათესოს უკანონობა და სიკვდილი მთელ მსოფლიოში.

 

უკრაინის სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ რაც მეტი კომპანია შეწყვეტს მუშაობას და გადასახადების გადახდას რუსეთში, მით უფრო სწრაფად გაიმარჯვებს გონიერება, რუსეთს მოუწევს, მიატოვოს თავისი საომარი განწყობილება და ეძებოს კომპრომისები მსოფლიოსთან.

 

„უკვე იქამდე მივიდა, რომ რუსეთი ღიად აშანტაჟებს მსოფლიოს ბირთვული და ქიმიური იარაღით, მაგრამ სტრატეგიულად აუცილებელია ხალხის დაცვა აქ და ახლავე, რათა დავიცვათ ისინი, ვისაც რუსული არმია პირდაპირ ემუქრება. 47 დღის განმავლობაში ჩვენ პრაქტიკულად მთელი რუსული არმიისგან ვიცავდით თავს. უკრაინის შეიარაღებული ძალები იბრძვიან გმირულად, ძალიან ბრძნულად, რაციონალურად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ასევე პრეზიდენტმა სამხრეთ კორეელ პოლიტიკოსებს განუცხადა, რომ რუსეთის აგრესიას ქალაქ მარიუპოლში ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

„მარიუპოლი განადგურებულია. ათიათასობით ადამიანი დაღუპულია, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციას. მათ სურთ, მარიუპოლი დემონსტრაციულად განადგურებულად აქციონ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

წაკითხვა 330 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.