რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინის არმია გარდატეხის შეტანას და რას ნიშნავს ომის გადამწყვეტი ფაზა

“უკრაინის აღმოსავლეთის მიმართულებით ომი აქტიურ ფაზაში შევიდა, საოკუპაციო ძალები ცდილობენ, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ორ ქალაქში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკში ალყა შემოარტყან, რათა შემდგომში უკრაინელებს დონეცკის რაიონის დაცვა გაუჭირდეთ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, თუ რუსებმა ეს განახორციელეს, ერთგვარი გარღვევა იქნება, თუმცა, ეს იქნება მოკლევადიანი, რადგან უკრაინელები სიტუაციის შემობრუნებას შეძლებენ. ის, რომ რუსეთის სამხედრო კამპანია უკრაინაში ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული ძალები ცდილობენ ალყა შემოარტყან უკრაინულ ჯარებს ორ ქალაქში - სევეროდონეცკში და ლისიჩანსკში, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მდინარე სივერსკიზე დონეცკთან ახლოს მდებარეობს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა შემთხვევაში შეძლებს უკრაინის არმია გარდატეხის შეტანას და რას ნიშნავს ომის გადამწყვეტი ფაზა.

 

“ლუგანსკის ოლქის გუბერნატორის, სერხი გაიდაის განცხადებით, რუსული ძალები სევეროდონეცკზე თავდასხმას ავიაციის, რაკეტების, არტილერიისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით ახორციელებენ. მისი თქმით, ოკუპანტებს სევეროდონეცკის სრული განადგურება აქვთ გადაწყვეტილი - სევეროდონეცკს იმდენად ინტენსიურად ბომბავენ, რომ მოსახლეობისთვის მისი დატოვება უკვე გვიანაა. პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის დონბასში მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ფაქტობრივად, მთელი ძალა, რაც ჯერ კიდევ აქვს რუსულ ჯარს, იქ გადაისროლეს შეტევისთვის. ლიმანი, პოპასნაია, სევეროდონეცკი, სლოვიანსკი - ოკუპანტებს სურთ იქ ყველაფერი გაანადგურონ. “ჩანაწერებში გვესმის მათი საუბარი, რომ კარგად იციან, რუსეთისთვის ამ ომს აზრი არ აქვს და სტრატეგიულად მათ არმიას არანაირი შანსი არ აქვს... მადლობელი ვარ უკრაინის ყველა პარტნიორის, ვინც გვეხმარება, მაგრამ ისევ და ისევ ხაზს ვუსვამ: რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტი იქნება თავისუფლების დაცვის ფასი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროსთვის” - მიიჩნევს ზელენსკი, რომლის თქმით “ამიტომ, უკრაინისთვის მძიმე იარაღის - ტანკების, ხომალდსაწინააღმდეგო და სხვა იარაღის მიწოდება საუკეთესო ინვესტიციაა მსოფლიოში სტაბილურობის შესანარჩუნებლად” - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ზელენსკი დასძენს, რომ ომის დაწყების შემდეგ, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 1 016 დასახლებული პუნქტის დეოკუპაცია შეძლეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სამშაბათს, 24 მაისს სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 15 დაჭრეს აღმოსავლეთ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონებში მასობრივი თავდასხმების დროს. მედიის ცნობით, რუსულმა ჯარებმა თვითმფრინავი, მრავალი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, არტილერია, ტანკები, ნაღმმტყორცნები და რაკეტები გამოიყენეს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებზე თავდასხმისას, რომელთა დიდ ნაწილს რუსულენოვანი სეპარატისტები აკონტროლებენ. ამასთან, უკრაინელების შემართება მაღალია, როგორც “ბიბისი” წერს, გამოკითხვის თანახმად, უკრაინელების 82% ტერიტორიის დათმობის წინააღმდეგია, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი მის მიერ ჩატარებულ ახალ გამოკითხვაში აღნიშნულია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი მხარს არ უჭერენ ტერიტორიულ დათმობებს, თუნდაც ამან ომის გახანგრძლივება გამოიწვიოს და უკრაინის დამოუკიდებლობისადმი საფრთხეები გაზარდოს. გამოკითხული 2000 უკრაინელიდან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ მათთვის უკრაინის ტერიტორიის დათმობა მშვიდობის მისაღწევად მისაღებია, ხოლო 8% ამ საკითხზე გადაუწყვეტელია. გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უკრაინელების 77% მიწის ნებისმიერ დათმობას ეწინააღმდეგება. ჯიპას ასოცირებული პროფესორი გიორგი კობერიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ლუგანსკის რაიონში გეგმები განახორციელა, ეს იქნება მოკლევადიანი, რადგან, უკრაინელები სიტუაციის შემობრუნებას შეძლებენ. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც იმედოვნებს, რომ თუ ახლა “ლენდ ლიზის” პროგრამაც აქტიურ ფაზაში შევა, უკრაინელები სიტუაციას შემოაბრუნებენ”, - დასძენს გამოცემა.

 

“აღმოსავლეთის მიმართულებაზე რუსების აღნიშნული შეტევის ნომერ პირველი გეგმაა, რომ დიდწილად არა მხოლოდ ლუგანსკის რაიონის ოკუპაცია განახორციელოს, არამედ ის, რომ მოგვიანებით დონეცკის რაიონი უკრაინელებისთვის უფრო რთულად დაცვადი გახადოს, შესაბამისად, უკრაინელებს კარგად ესმით რომ ახლა, ამ ბრძოლის შემდეგ უკეთესი სურათი გამოჩნდება, თუ აღმოსავლეთის ფრონტზე უპირატესობა ვის აქვს. რა თქმა უნდა, ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ თუ რუსეთი სევერდონეცკისა და ლისიცანსკის დაკავებას მოახერხებს, აღმოსავლეთი მთლიანად ჩამოიშლება, მაგრამ, ეს იქნება რუსეთის შეტევის ერთგვარი გარღვევის ნიშანი, სადაც უკრაინელებს კრამატორსკამდე პოზიციების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ. ეს არის ერთგვარი სიგნალი იმისა, რომ კრამატორსკამდე დიდი ქალაქები აღარაა და შესაბამისად, თუკი ლუგანსკის რაიონში წარმატებული შეტევა განხორციელდა, უკრაინელებს კრამატორსკამდე დაცვა ძალიან გაუჭირდებათ. ეს კი უკრაინის პოზიციებს მოკლე ვადაში რა თქმა უნდა არასახარბიელო სიტუაციუაში აგდებს, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინელები გრძელვადიან პერსპექტივაში სიტუაციის შემობრუნებას ვერ შეძლებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

 

“რთული სათქმელია, რომ “ლენდ ლიზი” ბოლომდე აქტიურ ფაზაშია შესული, იარაღის ის გადამწყვეტი რაოდენობა ჯერ კიდევ არაა ჩასული. მილიარდის იარაღი ალბათ უკვე ჩასულია, რომელიც მარტიდან დღემდე იყო გამოყოფილი, მაგრამ ის 40 მილიარდი დოლარის დახმარება, მათ შორის იარაღის, ნამდვილად ჯერ კიდევ არაა ჩასული, რომელსაც უკრაინელები ელოდებიან. შესაძლებელია დღეს უკრაინელებმა რომელიმე ქალაქზე კონტროლი დაკარგონ, მაგრამ, მათ არანაირი მზაობა არ აქვთ რუსულ აგრესიას შეეგუონ. უკრაინელებს აქვთ საკმარისი ტერიტორია, რომ საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიული უკანდახევა შეძლონ, მაგრამ არსებობს მზაობა იმისა, რომ როგორც კი მათ ხელში საკმარისი ძალა აღმოჩნდება იარაღთან ერთად, კონტრშეტევაზე გადავლენ. რა ვადაზეც არ უნდა იყოს საუბარი, უკრაინელები ამ ომს არ დათმობენ. გარდა ამისა, განსაკუთრებით ბრიტანეთსა და აშშ-ში საერთაშორისო კონსესნუსი არსებობს იმისა, რომ რუსები საერთაშორისო წესრიგის რღვევისთვის უნდა დაისაჯონ. ისინი ყველაფერს იზამენ იმისათვის, რომ უკრაინამ ამ ომში რუსეთი იდენად შეაჩეროს და დაასუსტოს, რომ მან ოკუპირებული და ანექსირებული ტერიტიორების ხანგრძლივი დროით შენარჩუნება ვერ შეძლოს”, - დაასკვნის კობერიძე.

 

“ბრძოლა გადამწყვეტ სტადიაში შედის დონბასთან მიმართებაში. სამწუხაროდ აქ რუსებმა თავისი სამხედრო პოტენციალის კონცენტრაცია შეძლეს. ახლა ლუგანსკის მიმართულებით სერიოზულ საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს, საუბარია ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის დაკავებასა და ოკუპაციაზე. სამწუხაროდ ლისიჩანსკადე მისასვლელი პუნქტი სვეტლოდარსკი დაიკავეს. ახლა უკრაინელები საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ, რომ რუსებმა ლუგანსკის მიმართულებით წარმატების მიღწევა ვერ შეძლოს. თუ რუსებმა ეს დაიკავეს, მერე ავდეევკა-კრემატორსკისა და სლავიანსკის მიმართულებაზე გადაერთვებიან. საერთაშორისო საზოგადოების პრინციპულობაა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არ დადგეს. რუსები აპირებენ, რომ უკრაინის ტერიტორიაზე, რასაც დაიკავებენ, იმისი ანექსია განახორციელონ. ხერსონში აპირებენ, რომ ახალი ადმინისტრაციული ერთეული გახსნან. როგორც ჩანს, დონბასში რასაც დაიკავებენ, იმ ტერიტორიებზეც უარს არ იტყვიან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“იმედია, რომ, როცა “ლენდ ლიზი” აქტიურ ფაზაში შევა, უკრაინელები სიტუაციის შემობრუნებას შეძლებენ, მაგრამ, საკმაოდ რთული მისიაა. ამ ეტაპზე რაიმე პროგნოზის გაკეთება რთულია, რა რესურსი იქნება და რა სტრატეგიას გამოიყენებენ, ამას დრო გვიჩვენებს. ჩემი აზრით, ბრძოლები დეკემბრამდე მაინც გაიწელება. ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა ძალიან საინტერესო ინფორმაცია მომაწოდეს. ამ ყველაფრის პარალელურად, რუსებს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ხორბალი გააქვთ, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. როგორც ჩანს რუსი ჩინოვნიკები კორუფციულ გარიგებებს ახორციელებენ და ეს ხორბალი შავ ბაზარზე გააქვთ. კრემლმა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ფულის გაკეთების საშუალება მისცა. უკრაინელებს კი არ აძლევენ საშუალებას, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალი გაიტანონ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ტიპის ხორბალი არ შემოვიდეს”, - თვლის ექსპერტი.

წაკითხვა 413 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.