„მსოფლიოს ნახევარი რუსეთის მხარეზეა: დასავლეთისგან იზოლირებულმა ვლადიმერ პუტინმა სამარყანდში წარმატებას მიაღწია“

უცხოური პრესა

პოლონურ ყოველდღიურ პოპულარულ გაზეთ „ჟეჩპოსპოლიტაში“ (Rzeczpospolita) დაბეჭდილია სტატია სათაურით „მსოფლიოს ნახევარი რუსეთის მხარეზეა: დასავლეთისგან იზოლირებულმა ვლადიმერ პუტინმა სამარყანდში წარმატებას მიაღწია“ (ავტორი - ანჯეი ბელეცკი). პუბლიკაციაში განხილულია 15-16 სექტემბერს უზბეკეთში გამართული შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO - Shanghai Cooperation Organisation) წევრი ქვეყნების ლიდერთა უმაღლესი დონის სამიტის შედეგები და პერსპექტივები.

 

„რუსეთს მხარს მსოფლიოს ნახევარი უჭერს... სამარყანდში გამართული სამიტის დროს დასავლეთისგან იზოლირებული ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთის ქვეყნების ლიდერებს  - ჩინეთის, ინდოეთის, პაკისტანის, თურქეთის, ირანის და სხვა ქვეყნების მეთაურებს შეხვდა. მან წარმატებას მიაღწია“, - წერს ავტორი.

 

ანჯეი ბელეცკი აღნიშნავს, რომ SCO-ს სამიტის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ირანის მიღება ორგანიზაციის სრულუფლებიან წევრად. როგორც ცნობილია, ირანმა არამარტო არ დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, არამედ მან კრემლის მოქმედება კანონიერადაც მიიჩნია - რუსეთი თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს იცავსო. „კრემლის საერთაშორისო იზოლირებაში ირანის ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესებიც დაინახა: მართლაცდა, მსოფლიოს ერთ-ერთი ძლიერი და წამყვანი სახელმწიფო - რუსეთი - ირანის მსგავს სიტუაციაში ჩავარდა. ალბათ, ერთ ბედში მყოფი ორივე ქვეყანა ერთობლივად შეეცდებიან დასავლეთის მიერ გამოცხადებული სანქციების სიმკაცრის შერბილებას“, - წერს ავტორი და ყურადღებას ამახვილებს რიგ ფაქტებზე: მოსკოვი თეირანს ბირთვული პრობლემის ირგვლივ მიმდინარე მოლაპარაკებაში ეხმარება, ხოლო თეირანი მოსკოვს - დრონებით ამარაგებს, რომლებსაც რუსეთის უკრაინის ომში იყენებს. ორივე მხარე დიდი ხანია ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრობს სირიის საკითხში. ირანი იმედოვნებს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს მის მცდელობებს ახლო აღმოსავლეთში გავლენის სფეროს გაფართოებაში.

 

„მაგრამ დასავლეთისთვის ყველაზე შოკისმომგვრელი სამარყანდში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ნარედნრა მოდის შეხვედრა აღმოჩნდა“, - ხაზს უსვამს ჟურნალისტი. საქმე იმაშია, რომ ინდოეთი, მართალია, შანხაის ორგანიზაციის წევრია, მაგრამ ის იმავდროულად „მსოფლიოში ყველაზე დიდ დემოკრატიულ ქვეყნად“ ითვლება, ოფიციალურად. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთი სტატუსი ინდოეთს ავალდებულებს მხარი დაუჭიროს „თავისუფლებისათვის მებრძოლ“ უკრაინელებს, მისი ლიდერი კი ამ დროს აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს მეგობრულად ხვდება.... თუმცა, ავტორის აზრით, ნარენდრა მოდის მხრიდან ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს - მისი მმართველობის დროს ინდოეთში დემოკრატია, როგორც ამბობენ ხოლმე, „ნაკერებზე ირღვევა“. სამაგიეროდ, ნიუ-დელი მოსკოვისაგან მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოგებას იღებს.

 

ინდოეთი, ჩინეთის შემდეგ, რუსული ნავთობის მეორე დიდი იმპორტიორ ქვეყანას წარმოადგენს, შემცირებული ფასით. უფრო მეტიც - ინდოეთი ბოლო დროს რუსული წარმოების იაფი მინერალური სასუქების მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორი გახდა. ნიუ-დელის უარმა მიერთებოდა დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ანტირუსულ სანქციებს ინდოეთს რუსული იარაღის იმპორტის უფლება შეინარჩუნა. რუსეთთა ერთად ინდოეთს (ყურადღება მივაქციოთ - ორივე ბირთვული სახელმწიფოა) განზრახული აქვს თავისი პოზიციები განამტკიცოს აშშ-სთან.

 

„ასეთ გეოპოლიტიკურ თამაშებში დიდი გამოცდილება აქვს დაგროვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს“, - აღნიშნავს ანჯეი ბელეცკი. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ნატოს წევრია, ანკარა არ შეუერთდა ანტიმოსკოვურ სანქციებს და უკრაინა-რუსეთის ომთან მიმართებით დაბალანსებული პოლიტიკის გატარება დაიწყო. გეოსტრატეგიულად თურქ ლიდერს სურს მაქსიმალური სარგებლობა მიიღო იმ რთული სიტუაციიდან, როგორშიც მისი რუსი კოლეგა აღმოჩნდა. უფრო მეტიც - რეჯეფ ერდოღანი, რომელიც აზერბაიჯანის მტკიცე მოკავშირეა, უკვე გამოდის ვლადიმერ პუტინის თანასწორ და თანაბარუფლებიან პარტნიორად სამხრეტკავკასიურ კონფლიქტში, ბაქოსა და ერვანს შორის.

 

„და მაინც, ვლადიმერ პუტინის ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად სი ძინპინი რჩება“, - ხაზგასმულია სტატიაში. როგორც ავტორი აღნიშნავს, სამარყანდში შეხვედრისას რუსეთის ლიდერმა მადლობა უთხრა ჩინეთის ლიდერს უკრაინის კონფლიქტისადმი აწონილ-დაწონილი მიდგომისათვის, თავის მხრივ სი ძინპინმა თავისი მეზობელი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაში დააიმედა. „საინტერესოა ერთი მომენტი: მალე ჩინეთის კომპარტიის ყრილობა უნდა გაიმართოს, რომელზეც პარტიის ლიდერად სი ძინპინის მესამედ არჩევის საკითხი უნდა გადწყდეს. ისეთ სიტუაციაში, როცა კორონავირუსთან ბრძოლის დროს [ზედმეტი სიმკაცრის გამოჩენის შედეგად] და ეკონომიკური სირთულეების გამო სი ძინპინის ავტორიტეტი მეტ-ნაკლებად შერყეულია, მისთვის სამარყანდის სამიტი ხელსაყრელი აღმოჩნდა: ჩინელ ლიდერს გაუჩნდა იმის შანსი, რომ აჩვენოს, თუ როგორი დიდი გავლენა აქვს მსოფლიოში და როგორი პატივისცემით ეპყრობიან“, - ასკვნის პოლონელი ჟურნალისტი.

 

წყარო

წაკითხვა 305 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.