ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში

“ფრონტის ხაზზე ახლა ყველაზე ცხელი წერტილი დონეცკია, სადაც უკრაინის ხელისუფლების თქმით, ოკუპანტების აქტიურობა უკიდურესად მაღალ დონეზეა და მთელს ფროტზე მძიმე მდგომარეობაა. თუმცაღა, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ბახმუტისკენ აქტიურობა დიდი ალბათობით რუსეთის შიდა გადაჯგუფებას უკავშირდება და დიდი გასაქანი არ აქვთ.

ანალიტიკოსების თქმით, დონეცკის ფლანგზე დაჯგუფება „ვაგნერია" პასუხისმგებელი და მისი ხელმძღვანელი ვალერი პრიგოჟინი და მოკავშირე ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ცდილობენ, რომ რუსული ძალები ჩრდილში მოაქციონ. ეს აქტიურობა კი დიდი ალბათობით ამ ფაქტს უკავშირდება. მდგომარეობა მძიმეა მთელ ფრონტზე. ზოგიერთ რაიონში სასტიკი პოზიციური ბრძოლები გრძელდება და განსაკუთრებით რთულია დონეცკის რეგიონში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფრონტის ყველაზე რთული წერტილი უკრაინისთვის - რას უკავშირდება რუსეთის განსაკუთრებული აქტიურობა დონეცკის რეგიონში.

 

“ოკუპანტების აქტიურობა იქ უკიდურესად მაღალ დონეზეა. ყოველდღიურად ათობით თავდასხმა ხდება. განიცდიან მასშტაბურ ზარალს, მაგრამ მათი ბრძანება - მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს - არ შეცვლილა. იქ ჩვენი მიწის არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ და მადლობას ვუხდი ჩვენს გმირებს, რომლებიც დონბასში პოზიციებს იკავებენ” - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, აღმოსავლეთით, უკრაინელები ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიიწევენ უკრაინის დროშის ყველა ქალაქსა და თემში დაბრუნებისკენ. “ასევე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს საკმარისი მოცულობის გაზი და ქვანახშირი მიეწოდოს. ნათლად გვესმის: ზამთრის იარაღად გადაქცევა არის ტერორისტული სახელმწიფოს გეგმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ისევე როგორც მთელი ევროპის წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს რუსული გეგმაც ისევე ჩავარდეს, როგორც სხვა გეგმები”, - თქვა ზელენსკიმ. ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ კი განაცხადა, რომ ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებებით რუსული ძალები “სერიოზულ დანაკარგებს” განიცდიან, რაც მათ მორალზე აისახება, მისი თქმით, მიმართულებით რუსეთი ყოველდღიურად 100-მდე ჯარისკაცს კარგავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“დონბასი რჩება ჩვენი მტრის თავდასხმის მთავარ ეპიცენტრად. ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებები უდიდეს თავდასხმებს განიცდიან. მტერი ცეცხლს ხსნის ყველა სახის საარტილერიო სისტემებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ტანკებიდან, მაგრამ მნიშვნელოვან ზარალს განიცდის. ეს არის სერიოზული დანაკარგები და გავლენას ახდენს მათ მორალურ მდგომარეობაზე”, - აღნიშნა ჩერევატიმ. საქართველოს შეიარაღებული ჯარების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ ოკუპანტები დონეცკის რეგიონის ქალაქ ბახმუტში არიან კონცენტრირებულები, აქ მათი აქტიურობა კი დიდი ალბათობით იმის გამოა, რომ პრიგოჟინ-კადიროვი ცდილობენ ცალკეული თამაში ითამაშონ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

“დონეცკის ოლქის გარშემო ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, სადაც ოკუპანტებს ძალა და ენერგია შერჩენილი კიდევ აქვთ და შეტევას ახორციელებენ. გარდა ამისა, გარკვეული ძალთა კონცენტრაციაა. ცოტა ძნელია, რომ რუსების ჩანაფიქრი ბოლომდე გაიგო, მაგრამ შესაძლოა მათი მცდელობა ის იყოს, რომ დონეცკის ოლქი მთლიანად დაიკავონ. დონეცკში და განსაკუთრებით ბახმუტში, რომ დიდი აქტივობაა, საქმე უფრო იმასთან გვაქვს, რომ რუსეთში უკვე შიდა ძალთა გადაჯგუფება მიდის. როგორც ვიცით, დონეცკზე “ვაგნერს” აქვს პასუხისმგებლობა და დაჯგუფების ხელმძღვანელი პრიგოჟინი და კადიროვი ცდილობენ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილში მოაქციონ და ცალკეული თამაში ითამაშონ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კადიროვიც და პრიგოჟინიც ამ ომში მარცხის შემდეგ გადაჯგუფებისთვის ემზადებიან. ბახმუტში მათი ასეთი აქტიურობა უკვე საშუალებას მისცემს, რომ თუ დამარცხდნენ, იტყვიან, რომ ჩვენ მაინც ვიბრძოდითო. ბელგოროდის და კურსკის ოლქებში გარკვეული სახალხო დაჯგუფებების შექმნა ზუსტად ამასვე ემსახურება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

 

“ჩემი აზრით რუსეთში ძალთა გადაბალანსება იწყება, ომის შემდეგ პერიოდისთვის ემზადებიან და ვინც ამ ომის ანონსს კარგად ხვდება, იციან რომ მარცხდებიან და ახლა ამასთან გვაქვს საქმე. დონეცკზე შეტევაც ამიტომ ხდება თორემ, როცა ყველა სხვა მიმართულებაზე მარცხდებიან და ოკუპირებულ ტერიტორიებს კარგავენ, ბახმუტზე ასეთი უაზრო შეტევის გაგრძელება რაციონალური არაა. ბახმუტში მხარეების ძალთა თანაფარდობა რამდენია, ამაზე ზუსტი ინფორმაცია არ მოდის, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ძალების საუკეთესო დანაყოფები და საცეცხლე საშუალებები ბახმუტზეა კონცენტრირებული და ზოგადად, დონეცკის ოლქში. თუკი ადრე ამას ხერსონისკენ აკეთებდნენ, ახლა უკვე ამ მხარეს გადაჯგუფდნენ. რუსეთის ქმედებებში სტრატეგია არ შეინიშნება, მაგრამ კონცენტრაცია სადაც არ უნდა მოხდეს, მათი მაქსიმუმი მიზანი ის არის, რომ ესა თუ ის ტერიტორია რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

 

„ხერსონის ოლქის და სამხრეთის შენარჩუნება მათთვის ძალინ რთულია. დონეცკის შენარჩუნება მათთვის შედარებით ადვილია, ლოჯისტიკურად უფრო ახლოსაა, მომარაგება ადვილია და ა.შ. რუსეთი დღეს არავითარ სხვა ოპერაციას არ აწარმოებს, მხოლოდ დაკავებული ტერიტორიების შენარჩუნებაც ცდილობს. ხერსონს რაც შეეხება, აქ უკრაინულ ძალებს სერიოზული დილემა უდგათ, რამენაირად უნდა მოახერხონ და მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ და გამაგრდნენ, ასეთი გადასასვლელი ორია და ორივე ჯერჯერობიოთ რუსების ხელშია, ერთია ანტონოვსკის ხიდი და ნოვოკახოვკის კაშხალი. „დნეპრი სერიოზული დაბრკოლებაა, ხერსონის გათავისუფლება დიდი გამარჯვება იქნება და გრძელვადიან პერსექტივაში რა თქმა უნდა ამას იზამენ, მაგრამ რუსები მოახერხებენ, რომ კონფლიქტი კიდევ ორი თვით გაწელონ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ პირობებში დამთავრდებოდა”, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

 

“როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რუსებს ემჩნევათ, რომ ზამთრამდე დონეცკში ბახმუტის და სოლედარის დაკავებას აპირებენ, თუმცა მათი დაკავებითაც წინ მაინც ვერ წავლენ. “დონეცკში ერთი ძირითადი ბახმუტი-სოლედარის მიმართულებაა, სადაც რუსებს ინიციატივა ჯერ კიდევ აქვთ შენარჩუნებული, ისინი დიდი ძალებით უტევენ. იქ არის “ვაგნერი”, ასევე მობილიზაციით შეგროვილი რეზერვებით გააძლიერეს და თითქმის ბახმუტის გარეუბანში არიან შესულები. ბახმუტი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც იქიდან უკვე სლავიანსკისკენ და კრამატორსკისკენ გზა იხსნება. თუმცაღა, თუნდაც რუსებმა სოლედარი-ბახმუტი აიღონ, არა მგონია, რომ მათ იმის იქით შეტევა გააგრძელონ. მაგისი უნარი არ ექნებათ”, - თვლის კაპანაძე, რომლის აზრით, “რუსებს ეტყობათ, რომ ზამთრამდე ბახმუტის და სოლედარის დაკავებას მაინც აპირებენ", - წერს სტატიის ავტორი.

 

“რაც შეეხება ხერსონს - ხერსონისკენ ისეთი დიდი აქტიურობა არ შეიმჩნევა. ეს შესაძლოა იმას ნიშნავეს, რომ ან უკრაინელები რაღაც მნიშვნელოვანი შეტევისთვის ემზადებიან, ანდა ჯერჯერობით შეტევის დაწყებას არ აპირებენ, რეზერვებს აგროვებენ და უფრო გაზაფხულისთვის ემზადებიან. რაც შეეხება ხარკოვს, აქ უკრაინელებს უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ კრემენნოესთან შეჩერებულები არიან, იქაც პოზიციური ბრძოლები მიდის, ძალიან მცირე უპირატესობებით. ითვლება, რომ უკრაინელებს სტრატეგიული ინიციატივა გააჩნიათ. რუსებს ტაქტიკური ინიციატივა ბახმუტის მიმართულებით აქვთ, უკრაინელებს ტაქტიკური ინიციატივა ლუგანსკის მიმართულებაზე აქვთ, ხოლო ხერსონთან ჯერჯერობით პარიტეტია ჩამოყალიბებული”, - განმარტავს გენერალი კაპანაძე.

წაკითხვა 250 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.