თურქეთსა და სირიაში მომხდარი სტიქიური უბედურების მასშტაბები - "ხელისუფლება პრობლემებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს“

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „თურქეთში და სირიაში მომხდარი სტიქიური უბედურების მასშტაბები: ხელისუფლება პრობლემებს შეიძლება ვერ გაუმკლავდეს“.

 გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებული სახით:

 

„სიჩუმე ყველაზე ცუდია, როცა ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენა ხდება. ყოველ 15 წუთში ბულდოზერები, ავტოამწეები და ექსკავატორები, რომლებიც ნანგრევებს წმენდენ, მუშაობას წყვეტენ, რომ მაშველებმა ადამიანთა ხმა გაიგონ. სამწუხაროდ, შენობათა ნარჩენებიდან კვნესა და ხმა აღარ ისმის, ახლობლები და ნათესავები კი ტირიან... თურქეთის ქალაქ ადანაში, სადაც 1,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 14-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან მხოლოდ დალეწილი კედლების, დამსხვრეული კარ-ფანჯრებისა და სამშენებლო ნარჩენების გროვა დარჩა. რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით იგივე სურათია - აქაც მაღლივი შენობა მთლიანად მიწასთანაა გასწორებული... ისევ ტირილი, ისევ გულისგამგმირავი ყვირილი...

 

ჯერ-ჯერობით იმ კატასტროფული ორბიძგიანი, 7,8 მაგნიტუდიანი მიწისძვრის სრული მასშტაბი, რომელიც თურქეთში და სირიაში 6 თებერვალს, დილაადრიან მოხდა, არავინ იცის. მსხვერპლი უკვე ათასობითაა და უწყვეტად მატულობს, რომ არაფერი ვთქვათ დაჭრილ-დაშავებულებზე. როგორც ჩანს, დაღუპულთა რაოდენობა, ნანგრევების გაწმენდის კვალობაზე, თანდათან გაიზრდება. თურქეთის ოფიციალური პირების განცხადებით, მიწისძვრის შედეგად მხოლოდ ქალაქ ადანაში 6 ათასი მრავალბინიანი კორპუსი დაინგრა. სეისმოექსპერტ ოვგუნ ერჯანის თქმით, ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, 180 ათასი ადამიანია მოყოლილი და მათი უმრავლესობა, ალბათ, უკვე დაღუპულია. პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ქვეყნის 10 პროვინციაში, სადაც 13 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

 

ადანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 10 კილომეტრის მოშორებით, სიტუაცია უფრო აპოკალიფსურად გამოიყურება: ხანძარი ბობოქრობს ისკანდერუნის ნავსადგურში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქში, შავი კვამლი იქაურობას წამლავს, მეხანძრეები კი არსად არ ჩანან. ავტოგასამართი პუნქტები იწვის... საავადმყოფოები დანგრეულია... აქა-იქ კარვები მოჩანს, სადაც გადარჩენილ მოსახლეობას და სამედიცინო სასწრაფო დახმარების მანქანებს დაღუპულებსა და დაჭრილები მიჰყავთ... ირგვლივ ქაოსი იგრძნობა. 

 

უფრო სამხრეთით ანთაქია მდებარეობს, 400 ათას მცხოვრებიანი ქალაქი, რომელიც უძველესი ანტიოქიის მემკვიდრეა. ქალაქის ცენტრში პრაქტიკულად ყველა შენობა დანგრეულია, გარეუბნებში დაბზარულკედლებიანი კორპუსები ავარიულ მდგომარეობაშია და თანდათან ისინიც ინგრევიან. მოხალისეები დაშავებულებს საჭმელს და ტანსაცმელს ურიგებენ. ტროტუარზე ახლობლები დაღუპულ შვილებსა და ოჯახის წევრებს დასტირიან: „ძმაო, რატომ მიმატოვე... ჩვენ ხომ ბევრი რამ ერთად უნდა გაგვეკეთებინა...“. ცაში სამხედრო ვერტმფრენები დაფრინავენ და ტვირთებს ყრიან.

 

მაშველები გამალებული მუშაობენ, ისინი ტექნიკას იყენებენ, მაგრამ შიშველი ხელითაც ბევრს აკეთებენ, რომ ნანგრევებში ჩამარხული და ცოცხლად დარჩენილები ფრთხილად გამოიყვანონ. ამიტომ სამაშველო სამუშაოები ჭიანურდება. ბევრს უნდა, რომ უპირველესად მათი საცხოვრებელი შენობა გაიწმინდოს და ოჯახის წევრებს უშველონ...

 

მეზობელ სირიაშიც თითქმის იგივე მდგომარეობაა. იქ მიწისძვრამ მოიცვა როგორც ბაშარ ასადის ხელისუფლების მიერ კონტროლირებული პროვინციები (ალეპო, ტარტუსი, ლატაკია), ასევე ოპოზიციის მიერ კონტროლირებულიც - მაგალითად, იდლიბის პროვინცია, სადაც ლტოლვილები ცხოვრობენ და ე.წ. „თეთრი ჩაფხუტები“ - სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ჯგუფები მუშაობენ. ისინი იდლიბში დიდი ხანია იმყოფებიან და კარგად იციან თავიანთი საქმე - ომის შედეგად დანგრეული შენობებიდან დაშავებულების გამოყვანა და პირველი სამედიცინო დახმარების გაწევა, მაგრამ, სამწუხაროდ, „თეთრი ჩაფხუტები“ ცოტანი არიან - მხოლოდ 3000 მოხალისე ოთხ მილიონი მოსახლეობის მქონე პროვინციაში, სადაც ყველა საავადმყოფო ჯერ კიდევ წლების წინ არის დანგრეული რუსეთისა და სირიის მთავრობის ავიაციისა და არტილერიის მიერ. 

 

თურქეთის არმიამ, რომელსაც [რუსეთთან და ირანთან შეთანხმებით], სირიის იდლიბის პროვინციაში რამდენიმე მცირე ბაზა აქვს, რეგიონში პირველივე დრეს სამაშველო რაზმები გაგზავნა, მაგრამ სრულმასშტაბიანი დახმარების გაწევა ყოვნდება. იდლიბში აეროპორტი არ არის, უახლოესი კი, თურქულ ანთაქიაში, დახურულია, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაზიანების გამო, რკინიგზა არ მუშაობს, საავტომობილო გზები კი დანგრეულია, მოქმედებს მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამსვლელი პუნქტი, რომელიც მიწისძვრამ ძალიან დააზიანა. ფაქტობრივად, იდლიბის მოსახლეობისათვის მაშველი რგოლის როლს თურქეთი ასრულებს, რომელსაც, სტიქიის გამო, თავისი პრობლემებიც აქვს.

 

გაერომ შვიდ თებერვალს განაცხადა, რომ სირიის იდლიბში ამჟამად თურქეთის მიერ ტრანსასაზღვრო დახმარების გაწევა შეწყვეტილია და ჯერ-ჯერობით, არავინ იცის, თუ როდის განახლდება. ცხადია, ასეთი სიტუაცია მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პროცესს ძალიან შეაყოვნებს. იდლიბში მილიონობით ადამიანი განიცდის სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტებისა და პირველი მოხმარების საგნების მწვავე  უკმარისობას. სხვათა შორის, ბოლო დროს იდლიბელ ლტოლვილებს ისედაც ბევრი პრობლემა ჰქონდათ - გავრცელდა სხვადასხვა ინფექციები, ზაფხულში გვალვა, სასმელი წყლის დეფიციტი, ახლა კი უჩვეულო სიცივე და მიწისძვრა..

 

სიტუაცია უკეთესი არ არის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ბაშარ ასადის ხელისუფლება აკონტროლებს. ყველაზე მეტი მსხვერპლი ალეპოშია, რომელიც ისედაც ძალიან იყო დაზიანებული ომის შედეგად და ახლა მიწისძვრამ გადარჩენილი ავარიული შენობებიც დაანგრია. ლატაკიაში, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზე მდებარე პროვინციაშიც მნიშვნელოვანი ნგრევა შეინიშნება, რაც ბაშარ ასადის რეჟიმისათვის განსაკუთრებით საგრძნობია: ლატაკია  ასადების ოჯახის ისტორიული სამშობლოა და აქაური მოსახლეობა სამოქალაქო ომის დროს ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებას გამოხატავდა.

 

თვითონ ბაშარ ასადს, რომელსაც საერთაშორისო სანქციები აქვს გამოცხადებული, მეგობრები თითქმის არ ჰყავს. თუმცა დამასკოს რამდენიმე ქვეყანამ დახმარება მაინც შესთავაზა - უპირველესად, რასაკვირველია, რუსეთმა - იქ მისი ჯარისკაცები არიან და ნანგრევებს წმენდენ. სირიაში დახმარება თვითმფრინავებით გაგზავნეს არაბთა გაერთიანებულმა საემიროებმა, ალჟირმა, ეგვიპტემ და ირანმა, მაგრამ ეს დახმარება ზღვაში წვეთია. როგორც ჩანს, სირიის ომით გაწამებულ მოსახლეობას ტანჯვა კიდევ უფრო გაუმწვავდება.

 

თურქეთში უკვე შეინიშნება მოსახლეობის იმედგაცრუების ნიშნები. ისეთი შეგრძნებაა, რომ ზოგიერთი რაიონი [ცენტრალური ხელისუფლების მიერ] თითქმის მიტოვებულია. მთავრობა აცხადებს, რომ მიწისძვრის რაიონებში 18 ათასი ჟანდარმი და 10 ათასი პოლიციელი გაგზავნა, ასევე ასობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, არმიის სატვირთო ავტომობილები, არმია აქტიურად მონაწილეობს მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციაში, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ სამაშველო სამუშაოებში ძირითადად მხოლოდ მოხალისეები მონაწილეობენ. „მაგრამ მათ შესაბამისი ტექნიკა არ აქვთ“, - ამბობს მამაკაცი, რომელიც ანთაქიაში თავისი დანგრეული სახლის წინ დგას. „მოხალისეები იმდენს ვერაფერს გააკეთებენ, თუ მათ სახელმწიფო სტრუქტურა - საგანგებო სიტუაციების სააგენტო - არ დაეხმარება“.

 

წყარო

წაკითხვა 304 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.