სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ კონფლიქტის ესკალაციის მცდელობაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ნაღმმტყორცნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან დაცხრილეს სომხეთის პოზიციები სოთქის რაიონის მიმართულებით, რასაც სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპასუხეს შესაბამისი „თავდაცვითი და პრევენციული ზომებით“. დაჭრილია 3 სამხედრო.
თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის, არამ ტოროსიანის განცხადებით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ავტომანქანასაც, რომელშიც დაჭრილი სომეხი სამხედრო იმყოფებოდა.
ამ ინფორმაციას ტყუილი უწოდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ. მისი განცხადებით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა გასული ღამიდან დაიწყეს ინტენსიური სროლა ზოდის რაიონის მიმართულებით. სამინისტროს თანახმად, მძიმედ დაიჭრა აზერბაიჯანის არმიის 1 სამხედრო. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა მიზანმიმართულ პროვოკაციაში და პასუხისმგებლობა სომხეთის ხელისუფლებას დააკისრა.
14 მაისს ბრიუსელში დაგეგმილია სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. მაისის დასაწყისში, ვაშინგტონში გაიმართა აზერბაიჯანის და სომხეთის სამთავრობო დელეგაციების 4-დღიანი მოლაპარაკება.
დასავლეთის სამშვიდობო ძალისხმევის ფონია სიტუაციის დაძაბვა ლაჩინის დერეფანში. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ახალი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გახსნა ლაჩინის გზის დასაწყისში. ლაჩინის დერეფანი მთიან ყარაბაღთან სომხეთის დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა.
ბაქომ გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სომხეთი ამ გზას იყენებს ყარაბაღში სამხედრო ტვირთების გასაგზავნად. ამას უარყოფს ერევანი, რომელმაც აზერბაიჯანი დაადანაშაულა რუსეთის შუამავლობით 2020 წელს მიღწეული შეთანხმების დარღვევაში.
მთიანი ყარაბაღის გამო, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის შემოდგომაზე განახლდა.
2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რამდენიმე რაიონზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა.
სიახლეები
- ,,გიორგი გახარია გახლავთ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული პირი – სამარცხვინოა, როდესაც ის შეიძლება გამოჩნდეს ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ოფიციალური პირები შეიძლება იყვნენ"- შალვა პაპუაშვილი
- ,,გერმანიის ელჩის და ეკა გიგაურის შეხვედრაზე: გერმანიის ხელისუფლებამ გვითხრას, რას აკეთებს პეტერ ფიშერი საქართველოში"- გურამ მაჭარაშვილი
- ზუგდიდში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა
- ,,ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე” – პეტერ ფიშერი
- 13 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
