"უკრაინის არმია რუსეთის კურსკის ოლქში სანგრებს თხრის, ეს, სავარაუდოდ, მიანიშნებს, რომ იქ დიდი ხნით დარჩენას აპირებს" - "ფორბსი"
„ფორბსი“ წერს, რომ უკრაინის ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში შესვლიდან მეექვსე დღეს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ უკრაინელები რუსეთის ტერიტორიაზე დიდი ხნით აპირებენ დარჩენას.
„კურსკის ოლქში უკრაინელების შეტევის მეექვსე დღეს სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ უკრაინელების ნაწილი ან ყველა, ანუ ხუთი ბრიგადა, რომელთა შემადგენლობაში 2000 ადამიანია და პლუს, სულ მცირე, ერთი ბატალიონი, რომლის შემადგენლობაში 400 ჯარისკაცია, რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენას გეგმავენ“, – წერს „ფორბსი“.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სანგრებს რუსებიც ამზადებენ, რომლებიც სტატიკურ ომს პროგნოზირებენ.
„ის, რომ ორივე მხარე ამაგრებს პოზიციებს, არ ნიშნავს, რომ უკრაინელებმა შეწყვიტეს შეტევა. ეს ასევე არ ნიშნავს იმას, რომ რუსებს არ შეუძლიათ კონტრშეტევა და უკრაინელების საზღვართან უკუგდება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ხაზის სტაბილიზაცია და კურსკის ტერიტორიაზე უკრაინელების დიდი ხნით დარჩენა დღის წესრიგში დგას“, – ნათქვამია „ფორბსის“ სტატიაში.
„ფორბსი“ ასევე აღნიშნავს, რომ რუს სამხედროებს ავდეევკაში უკრაინელთა თავდაცვის დასაძლევად ექვსი თვე დასჭირდათ და მოსკოვს ეს დიდ მსხვერპლად დაუჯდა.
„შესაძლოა, რუსებმა ავდეევკისთვის ბრძოლა მხოლოდ იმიტომ მოიგეს, რომ უკრაინელებს საბრძოლო მასალა გაუთავდათ, რაც ამერიკული დახმარების დაგვიანების გამო მოხდა. ახლა, როცა ამერიკული დახმარება ისევ იგზავნება უკრაინაში, რუსებს არ უნდა ჰქონდეთ იმედი, რომ უკრაინელებს საბრძოლო მასალა ამოეწურებათ. ამიტომ უკრაინელთა კურსკის ოლქიდან გასაძევებლად მათ თითოეული სანგრისთვის ბრძოლა მოუწევთ“, – წერს „ფორბსი“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის არმიას კონტრშეტევისთვის შესაძლებლობის ფანჯარა ეხურება, რადგანაც უკრაინელები სწრაფად აშენებენ დამცავ ხაზს. ამას გარდა, „ფორბსი“ ვარაუდობს, რომ უკრაინამ კურსკის ოლქის მომიჯნავე უკრაინის სუმის ოლქში 10 000 ჯარისკაცი უკვე განალაგა.
„ფორბსი“ ვარაუდობს, რომ უკრაინელების კურსკის ოლქში შესვლა, შესაძლოა, მიზნად ისახავდეს უკრაინის აღმოსავლეთში დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ძალების ნაწილის კურსკში გადაყვანას.
„თუმცა უკრაინლების მიერ სანგრების მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, რუს სამხედროებს კურსკში დარჩენა ხანგრძლივად მოუწიოთ“, – წერს „ფორბსი“.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი