ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა
ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ წესებს მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
ევროკავშირის საბჭომ საბოლოო თანხმობა მისცა განახლებულ მექანიზმს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითვალისწინებს.
საბჭოს განცხადების თანახმად, „შესწორებული წესები ევროკავშირს საშუალებას მისცემს, რომ უფრო სწრაფად და მტკიცედ იმოქმედოს, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ევროკავშირის ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
„როდესაც ცვლილებები ძალაში შევა, ევროკავშირი შეძლებს, რომ ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის სტატუსი გააუქმოს, თუ მესამე ქვეყანა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობაში არ იქნება. ასევე, უვიზო მიმოსვლა შეიძლება გაუქმდეს, თუ ევროკავშირის ურთიერთობები რომელიმე ქვეყანასთან გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების გამო“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მექანიზმი უვიზო მიმოსვლის საწყისი შეჩერების 12 თვემდე გაზრდას ითვალისწინებს, ამჟამად მოქმედი 9 თვის ნაცვლად. ასევე, შეიძლება, საწყისი შეჩერების პერიოდი დამატებით 24 თვით გაიზარდოს.
განცხადების მიხედვით, ახალი მექანიზმი უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით მიზანმიმართულ მიდგომას ითვალისწინებს.
„მაშინ, როდესაც საწყისი პერიოდის გახანგრძლივების შემთხვევაში უვიზო რეჟიმის შეჩერება ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება, ახალი წესების თანახმად, დამატებითი 24-თვიანი შეჩერების ეტაპი მთელ მოსახლეობაზე არ გავრცელდება. ნაცვლად ამისა, ევროკავშირმა შეიძლება ზომების გამოყენება მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ გააგრძელოს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ახალი რეგულაცია ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მისი გამოქვეყნებიდან 20 დღის შემდეგ შევა. იგი სავალდებულო იქნება და ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოზე გავრცელდება.
სიახლეები
- აშშ-ის „ეროვნული უსაფრთხოების არქივი“ 2002 წელს ბუშისა და პუტინის კიდევ ერთ საუბარს აქვეყნებს, სადაც საქართველოზე, კერძოდ, პანკისის ხეობაზეც არის საუბარი
- "უმადურო პუტინი ანუ ვიწროვდება თუ არა წრე რუსეთის გარშემო?!" - გია ხუხაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 იანვრისთვის
- "70-მდე ადამიანი არის ციხეში და ოპოზიცია იმაზე დებილად და სუსტად ჩანს დასავლეთში, ვიდრე 4 ოქტომბრამდე ჩანდა"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართვეოში
