"პუტინის სავარაუდო "მემკვიდრე" აქტიურად ერევა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საქმეებში" - ვინ შეცვლის კრემლის ბინადარს?!
„თუ გსურთ გაიგოთ, ვინ იქნება პუტინის მემკვიდრე, შეხედეთ მოსკოველი ძალოვანი ელიტის მაჯებს“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) დაბეჭდილ სტატიას, რომლის ავტორი - ანალიტიკოსი ჰემიშ ბრეტონ-გორდონი წერს: „რუსეთის ლიდერობის მომავალი პრეტენდენტები შეიძლება, დაინტერესებულნი იყვნენ არა პუტინივით ეგზისტენციალური გეოპოლიტიკური ჯვაროსნული ლაშქრობებით, არამედ - დასავლური განცხრომით და ტკბილი ცხოვრებით“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წლები დაახარჯა იმას, რომ დარწმუნებულიყო - ნებისმიერი იდეა ხელისუფლების ნორმალურ და მშვიდობიან გადაცემაზე მხოლოდ კონსტიტუციური ზღაპარია და - მეტი არაფერი. ქაღალდზე დაწერილი ძირითადი კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტს (ვლადიმერ პუტინს) მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა არ ექნება, მისი ფუნქციების დროებითი შემსრულებელი იქნება (შეზღუდული უფლებებით) მთავრობის თავმჯდომარე (ანუ პრემიერ-მინისტრი მიხეილ მიშუსტინი). მაგრამ მოსკოვში ქაღალდზე დაწერილ კანონსაც ძალიან მცირე მნიშვნელობა აქვს: მიხეილ მიშუსტინს ძალოვანი სტრუქტურების - თავდაცვისა და უსაფრთხოების ორგანოების ხელმძღვანელების მხარდაჭერა არ ეყოფა, რასაც, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
სავარაუდოდ, ვინ შეიძლება იყოს რუსეთის ფედერაციის მეთაურის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი ან პრეზიდენტად არჩეული?
ხშირად ახსენებენ სერგეი კირიენკოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, ტექნოკრატს, მზარდი გავლენებით, რომელიც უსაფრთხოების სფეროს საკვანძო ფიგურების მხარდაჭერით სარგებლობს. მაგრამ როცა ხელისუფლების რეალური გადაბარების მომენტი დადგება, უნდა ველოდოთ, რომ ის იქნება მკვეთრი, გაუმჭვირვალე და სრულიად გაუთვალისწინებელი. მომდევნო ლიდერი შეიძლება ნაცნობი სავარაუდო პრეტენდენტების სიიდანაც იყოს და ასევე, უცნობიც - ყველასათვის მოულოდნელად იგი შეიძლება ჩრდილიდან გამოვიდეს.
რამდენად შეგვიძლია ველოდოთ მემკვიდრეობითობის წესის აღსრულებას, როცა საქმე ეხება რუსეთში ბირთვული იარაღის უსასრულო ჟღარუნს? სერგეი ყარაგანოვი - კრემლის ტიპური ინტელექტუალი - ისევ ლაპარაკობს ბირთვულ ომზე, ევროპის დაცემაზე და ფანტასტიკურ იდეებს გვთავაზობს, თითქოსდა, რუსული ციმბირი ევრაზიული ცივილიზაციის აკვნად ითვლება. და ამას ამბობს პიროვნება, რომელიც უფრო კარგად იცნობს ვენეციის უძრავი ქონების ბირჟას და იტალიური ტანსაცმლის კომპანიებს, ვიდრე ურალის აღმოსავლეთით მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას. ამბობენ, იგი ჭკვიანი კაციაო, შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ მისი აპოკალიპტური ქადაგებანი ნდობას არ იწვევს. თვითონ განსაჯეთ: განა სერგეი ყარაგანოვი მზად არის იმისათვის, რომ მისი ძვირად ღირებული ბინა ვენეციაში ბირთვული დარტყმის შედეგად აორთქლდეს, ხოლო მისი ძვირფასი ევროპული ტანსაცმლის მარაგი ნაცრად გადაიქცეს - „ლგბტ+“ პროპაგანდისაგან მსოფლიოს გადარჩენის სახელით? მე პირადად რაღაც არა მგონია.
პუტინის საყვარელი ქალები, რომლებსაც კრემლის ბინადარმა უპატრონა - ჟურნალისტური გამოძიება: „პუტინის 20-ზე მეტ ნათესავს სახელმწიფო პოსტები აქვთ დაკავებული“
კრემლის ელიტის მაჯის საათები უფრო ნამდვილ და მართალ ისტორიებს გვამცნობენ: მათი საათები მყვირალა და სატრაბახოა, რომელთა ფასები აშკარად ოფიციალურ ხელფასზე ბევრად მეტია, თანაც ისინი უმეტესად ევროპული წარმოებისაა, არც ერთი რუსეთში გაკეთებული არ არის, მით უმეტეს, ლეგენდარულ ევრაზიული ცივილიზაციის აკვანში - ციმბირში. და რადგანაც ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თვით ჩინეთის კომპარტიის ჩინოვნიკები, მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ოფიციალურად ზიზღით უყურებს დასავლეთს, ევროპაში ყოფნისას ჩუმ-ჩუმად ყიდულობენ ფუფუნების საგნებს. სხვათა შორის, ჩინელთა ჯაშუშობის თაობაზე ამ კვირაში ბრიტანული „მი-5“-ის (MI-5) გამოქვეყნებულ განცხადება-გაფრთხილების ფონზე, ამ ყველაფერს შესაბამისი კონტექსტი აქვს.
რაც შეეხება კრემლის პოტენციურ მემკვიდრეებს, მოდი, თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ მათ შორის, თითქოსდა, ბევრი „თეთრი რაინდია“. სერგეი კირიენკო, შესაძლოა, მართლაც არის ტექნოკრატი, მაგრამ იგი ღრმად არის ჩაბმული უკრაინის ოკუპირებული რეგიონების მართვაში, ახლა კი მის საქმიანობას ემატება ჩარევები საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საქმეებშიც. მასთან შედარებით მიხეილ მიშუსტინი ბევრად უკეთესად გამოიყურება. გულახდილად ვთქვათ: მოსკოვი გველების ბუდეა. როგორიც უნდა იყოს ჩვენი პრობლემები ვესტმინტერში [სკანდალები მეფის ძმასთან - ენდრიუსთან დაკავშირებით] ან კიდევ სადმე ევროპაში, ჩვენი პოლიტიკოსები ბევრად უფრო წესიერი ადამიანები არიან - ხშირად მოსაწყენი და უხალისოები, მოუხერხებლები, მაგრამ არა - როგორც კრიმინალური კლანების მეთაურები. ამას თვალსაჩინოდ დემონსტრირებს რუსული დამოუკიდებელი გამოცემის „პროექტის“ (Proekt) მიერ მომზადებული გამოკვლევა, რომლის მიხედვით შედგენილი კატალოგი - „ჩვენი მამები და პაპები“ 1300 პირისაგან შედგება - ანუ იგულისხმება ერთმანეთთან დაკავშირებული დინასტიები, რომლებიც პუტინიზმს მხარს უჭერენ. მემკვიდრეობითი პრივილეგიებისა და კორუფციის მასშტაბები თვით რუსების წარმოდგენებსაც კი აჭარბებს.
პრეზიდენტის პოსტზე ვლადიმერ პუტინის ყოფნის ხანგრძლივობა იმას მიგვანიშნებს, რომ ვინც ოდესმე მას შეცვლის, იგი, ალბათ, წინამორბედზე მორალურად უკეთესი არ იქნება. როგორც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ამით შეიძლება ევროპამ და უკრაინამ საკუთარი თავი დააიმედონ: იმიტომ, რომ პუტინის პოტენციური მემკვიდრეებიდან ბევრი, როგორც ჩანს, ნაკლებად არის დაინტერესებული ეგზისტენციალური გეოპოლიტიკური ლაშქრობებით. ისინი უფრო მეტად იმ პრივილეგიების დაბრუნებით იქნებიან დაინტერესებულნი, რომლებითაც უკრაინაში შეჭრამდე სარგებლობდნენ - თავისუფალი მოგზაურობებით, დანაშაულებრივი გზებით მოპოვებული სიმდიდრის უკონტროლო ხარჯვით... იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ალბათ, ელიტის წევრებს ისევ სურთ დატკბნენ დასავლური ფუფუნებით, რომლებიც ომმა შეწყვიტა. უეჭველია, ისინი პრიორიტეტებს უპირატესად Gucci-ს - იტალიური ტანსაცმლის კომპანიას - ანიჭებენ, ვიდრე პუტინისეულ „გულაგს“. და ეს შეიძლება აღმოჩენადაც ჩაითვალოს: რა თქმა უნდა, ის ბევრად უკეთესია უკრაინაში მოქმედ ხორცსაკეპზე და რუსეთის ჰიბრიდულ ომზე დიდ ბრიტანეთთან, ევროპასთან და, საერთოდ, დასავლეთთან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს ცხელ ომში გადაიზარდოს.
