მოსკოვში აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ
მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა საგზაო-საპატრულო სამსახურის ორი თანამშრომელი. მოსკოვის სამხრეთ ნაწილში მდებარე ელეცის ქუჩაზე აფეთქება გასულ ღამით მოხდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ 24 დეკემბერს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საგზაო-საპატრულო სამსახურის ორმა თანამშრომელმა პოლიციის ავტომობილთან შენიშნა საეჭვო პირი, მასთან დაკავების მიზნით მიახლოებისას ამოქმედდა ასაფეთქებელი მოწყობილობა და დაიღუპნენ პოლიციის ორივე თანამშრომელი და მათ გვერდით მყოფი პირი.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაში არ არის დაკონკრეტებული, რომ ეს პირი აფეთქების მომწყობი იყო. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, მესამე დაღუპული ეჭვმიტანილი პირია.
რუსეთის ძალოვან სტრუქტურებთან დაახლოებული ტელეგრამ-არხი 112 გამთენიისას წერდა, რომ გვიან ღამით მამაკაცმა საგზაო-საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში შეაგდო პაკეტი „დაუდგენელი მოწყობილობით“, რომელიც აფეთქდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო ბრუნვის მუხლებით.
გამოცემა „აგენტსტვო" წერს, რომ მოსკოვის ის ადგილი, სადაც გასულ ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად პოლიციელები დაიღუპნენ, სამას მეტრშია იმ ადგილიდან, სადაც 22 დეკემბერს, ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მაღალჩინოსანი, ოპერატიული მომზადების სამმართველოს უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ფანილ სარვაროვი.
სიახლეები
- რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს რაკეტებითა და დრონებით
- ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხე დატოვა
- ,,ოპოზიციის გაქრობაში ხელისუფლებას არანაირი წვლილი არ აქვს"- კახა კალაძე
- ,,ჩვენ საკუთარი ხალხის სიცოცხლეს გავუფრთხილდით, რადგან ვიცოდით, რომ პატრიოტიზმი ხმამაღალ ლოზუნგებში კი არა, სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობაშია"- შალვა პაპუაშვილი
- კანადის ერთ-ერთ სკოლაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი, რომელმაც რამდენიმე ადამიანი მოკლა, 18 წლის ტრანსგენდერი აღმოჩნდა
