"კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში მალე მილიონს მიაღწევს"
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში რამდენიმე დღეში მილიონს მიაღწევს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჟენევაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეშფოთებულია ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო.
„პანდემიის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მინდა განვაცხადო, რომ ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი ესკალაციისა და გლობალური გავრცელების გამო,“ - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
მისი ინფორმაციით, ლეტალური შემთხვევების რაოდენობა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა.
“ბოლო ხუთი კვირის მანძილზე Covid-19-ის შემთხვევების ექსპონენციალური ზრდის მომსწრეები გავხდით. მან თითქმის ყველა ქვეყანა და ტერიტორია მოიცვა. გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ მეტად გაიზარდა. სულ რამდენიმე დღეში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მილიონს, დაღუპულთა კი - 50 000-ს მიაღწევს,“ - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრიორიტეტი წინა ხაზზე მებრძოლი მედიკოსების დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოფაა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია პირბადეების უფრო ფართოდ გამოყენების მიზანშეწონილობაზე მსჯელობს, რომელიც აქამდე გაცემული რეკომენდაციის თანახმად, მხოლოდ დაავადების სიმპტომების მქონე ადამიანებსა და მედიკოსებს უნდა გამოეყენებინათ.
ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 921 924 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი 46 000-ს აჭარბებს.
სიახლეები
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში 2024 წელს ევროპაში ადამიანის უფლებათა გაუარესებულ მდგომარეობაზეა საუბარი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 აგვისტოსთვის
- “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები” - ვახტანგ ძაბირაძე
- 5 სცენარი ანუ როგორ შეიძლება დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი - კოშმარი უკრაინისა და ევროპისთვის თუ - ავღანეთის აჩრდილი რუსეთისთვის?!
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 აგვისტოსთვის