"კორონავირუსთან ბრძოლაში წარმატებას მივაღწევთ, კარგი დღეები დაბრუნდება"-ელისაბედ მეორე

ჩვენ წარმატებას მივაღწევთ და ეს წარმატება თითოეული ჩვენგანის კუთვნილება იქნება, კარგი დღეები დაბრუნდება, ჩვენ კვლავ ვიქნებით ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს ოჯახებთან ერთად, ჩვენ კვლავ შევხვდებით,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ განაცხადა, რომელმაც მოსახლეობას კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართა.

 

დედოფალმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო სფეროს ყველა თანამშრომელს და განაცხადა, რომ მათი მუშაობის ყოველი საათი ნორმალურ რეჟიმთან აახლოვებს ქვეყანას.

 

„მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევის წინაშე ადრეც ვმდგარვართ, ეს განსხვავებული რამაა. ამჯერად, მეცნიერების დიდებული მიღწევებისა და ჩვენი ინსტინქტური თანაგრძნობის გამოყენებით, მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძალისხმევას ვუერთდებით იმისთვის, რომ განვიკურნოთ,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის დედოფალმა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანცირება მტკვივნეულია, ყველაზე სწორი საქციელი შინ დარჩენაა.

 

„ჩვენ ამ დაავადებას ერთად ვებრძვით და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თუკი ერთიანი და უდრეკი ვიქნებით, ჩვენ ამას გადავლახავთ,“- დასძინა მან.

 

დედოფალმა ყურადღება თვითდისციპლინის აუცილებლობაზე გაამახვილა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ყველა იამაყებს იმით, თუ როგორ უპასუხეს ამ გამოწვევას.

 

აღსანიშნავია, რომ ეს 93 წლის მონარქის მეხუთე საგანგებო მიმართვა იყო 68-წლიანი დედოფლობის მანძილზე.

წაკითხვა 547 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.