November 28, 2024

უცხოური პრესა: მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირი ბრმად მოქმედებს

ავსტრიის ყოველდღიურ გაზეთ „ვინა ცაიტუნგ“-ში («Wiener Zeitung»//„ვენის გაზეთი“) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ევროპის ვალდებულება ძალიან დაბალია // მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებაში ევროკავშირი ბრმად მოქმედებს“, რომლის ავტორია შტეფან რაინერი, დიპლომატიური აკადემიის დირექტორი. იგი 1987-1995 წლებში ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის ალოიზ მოსკის მრჩეველი გახლდათ და საქართველოშიც არის ნამყოფი.


„აღმოსავლეთ უკრაინა, ყირიმი, აფხაზეთი, [სამხრეთ ოსეთი] და ისევ გამწვავებული მთიანი ყარაბაღის საკითხი, რომლის გამოც უკვე სომხეთ-აზერბაიჯანის ომი მიმდინარეობს - ყველა ეს კონფლიქტი ევროპის ზღურბლზეა გაჩენილი, რომ არაფერი ვთქვათ ლტოლვილთა პრობლემებზე, ლიბანის, სირიის, ლიბიის კრიზისებზე... ევროკავშირს რომ მეტი აქტიურობა გამოეჩინა, ნაბიჯ-ნაბიჯ და თანმიმდევრულად რომ დაეწყო ამ პრობლემების გადაწყვეტა, შეეთავაზებინა კომპრომისული ალტერნატივები, არ მოხდებოდა ის კატასტროფები, რომელთა შედეგების მოწმენი ვართ“, - აღნიშნავს ავტორი.


პუბლიკაციაში გაკრიტიკებულია როგორც მთლიანად ევროკავშირი (ორგანიზაცია), ასევე მისი წევრი ცალკეული სახელმწიფოები, რომლებმაც თავის დროზე ჯეროვანი ყურადღება არ მიაქციეს ევროპისა და მასთან ახლოს მდებარე  სხვადასხვა რეგიონებში შექმნილ დაძაბულ სიტუაციას, შემდეგ კი პროცესების გაკონტროლება შეუძლებელი გახდა.


ავტორი აზრით, კავკასიის რეგიონში შექმნილ სიტუაციაში მნიშვნელოვანი ბრალი მიუძღვის საბჭოთა კავშირს და მის მემკვიდრეს - რუსეთს, ამიტომ ევროკავშირთან ერთად, მოსკოვიც არის ვალდებული, რომ თავის მიერ დაშვებული შეცდომები თვითონ გამოასწოროს.


„რუსეთის გარეშე სამხრეთკავკასიური პრობლემები ვერ მოგვარდება. საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინი და მის მემკვიდრეები მიჩვეულნი იყვნენ სახელმწიფოებისგან ეთნიკური ანკლავების გამოყოფას: ასე შეიქმნა ყირგიზეთის ტერიტორიაზე უზბეკებით დასახლებული ანკლავი,  ხოლო თვითონ უზბეკეთში - ტაჯიკების ანკლავი. სომხეთის სამხრეთით არსებობს ნახჭევნის ანკლავი, რომელიც აზერბაიჯანელებითაა დასახლებული. ნახჭევანსსომხები თავისად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელები იქ სომხური კულტურის კვალს ანადგურებენ. ორივე ქვეყნის - აზერბაიჯანისა და სომხეთის მმართველები ერთმანეთის საპირისპირო აგიტაცია-პროპაგანდას ახორციელებენ, რის შედეგად ადამიანებში სიძულვილი ძლიერდება. რა არის იმისთვის საჭირო, რომ რუსეთი აქტიურად ჩაერთოს კავკასიის პრობლემების მოგვარებაში? ალბათ, ის, რომ ევროპამ, სხვადასხვა ხელის შემშლელელი პრობლემების მიუხედავად, ნდობა ჯერ თვითონ რუსეთთან უნდა აღადგინოს“, - აღნიშნავს შტეფან რაინერი. 


ამ სტრიქონების ავტორი 1991 წლის აპრილში საქართველოში იმყოფებოდა, მომსწრეა  იმ დროს ჩატარებული არჩევნებისა, როცა პრეზიდენტად ზვიად გამსახურდია აირჩიეს. იგი იხსენებს: „საქართველოში ყოფნის დროს მე დავრწმუნდი, თუ როგორ მშვიდად ცხოვრობენ გვერდი-გვერდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმის მიუხედავად, რომ მათგან რამდენიმე კილომეტრში სომხები და აზერბაიჯანელები ერთმანეთს ტყვიებს უშენდნენ და ხოცავდნენ“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://www.wienerzeitung.at/meinung/gastkommentare/2081601-Europas-Einsatz-ist-zu-gering.html

წაკითხვა 446 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.