პროგრამა - „იმუშავე საქართველოდან“ უცხოელებს 6 თვის განმავლობაში დარჩენისა და მუშაობის უფლებას აძლევს

აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ის («The New Yiork Times») 19 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რატომ უნდა იმუშაო სახლიდან, როცა შეიძლება ბარბადოსში, ბერმუდის კუნძულებზე ან ესტონეთში იმყოფებოდე და იქიდან ასრულებდე სამუშაოს?“.

მასში ნათქვამია, რომ ზოგიერთმა არამდგრადი ტურისტული ეკონომიკის მქონე ქვეყანამ დაიწყო უცხოეთი მოქალაქეებისათვის ისეთი ვიზის შეთავაზება, რომელიც ნებას აძლევს მათ ამ ქვეყნებში იცხოვრონ და იმუშაონ მინიმუმ ექვსი თვით მაინც. სტატიაში განხილულია იმ ზოგიერთი ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც ვალუტის მიზიდვის მიზნით, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, უცხოელებს ცხოვრებისა და მუშაობის პირობებს უქმნიან. ასეთ ქვეყნებს წარმოადგენენ ბარბადოსი, ბერმუდის კუნძულები, ესტონეთი და საქართველო.


გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:


„საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“ სარგებლობა უცხოელ მსურველებს ქვეყანაში ექვსი თვის განმავლობაში დარჩენისა და მუშაობის უფლებას აძლევს. ისევე როგორც ბერმუდის კუნძულებზე, ამჟამად საქართველოშიც არა საჭირო განაცხადის წარდგენა [უცხოელის მიერ] მინიმალური ყოველთვიური შემოსავლის შესახებ, თუმცა განმცხადებელმა მაინც უნდა მიუთითოს, რომ აქვს საკმარისი ფინანსური შესაძლებლობა  თავისი ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად.


დიანა ჟღენტი, საქართველოს კონსული ნიუ-იორკში, ამბობს, რომ მართალია, შორიდან (დისტანციურად) მომუშავე უცხოელი თანამშრომლებისათვის რაიმე ფინანსური შეზღუდვა არ არსებობს, მაგრამ პროგრამა ჯერ-ჯერობით ეხება მხოლოდ 95 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებთაც ნებადართული აქვთ ვიზის გარეშე მოგზაურობა. საქართველოში ხანგრძლივად დასვენებისა და იმავდროულად საქართველოდან მუშაობის მსურველ უცხოელი საქმიანი ადამიანებისთვის დაწესებულია 14-დღიანი კარანტინი მათი ხარჯით.


ნევილ მეხრამ, რომელიც ვაშინგტონელია, თავისი ბოლო კორპორატიული სამსახური ჯერ კიდევ 2017 წელს მიატოვა და მას შემდეგ ციფრული სტრატეგიის შესაძლებლობების გამოყენებით შორიდან (დისტანციურად) მუშაობს, თავისი კომპანია Nampora-ს მეშვეობით. ამჯამად იგი ვალენსიაში (ესპანეთი) ცხოვრობს და მუშაობს. მანამდე კი ნევილი 50 ქვეყნიდან მუშაობდა, საქართველოს ჩათვლით და ახლაც იქ დაბრუნებას აპირებს.


„რაც დრო გადის, „ციფრულ მომთაბარეებს“ (ფრილანსერებს) სულ უფრო მეტად გვეკითხებიან: განა იქ ცხოვრება უფრო კარგია, სადაც სამუშაო არ არის და უმუშევრობაა? ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქმე ეხება არა იმ ქვეყნის სამსახურში მოწყობას და ადგილობრივი დასაქმებული ადამიანის სამუშაოდან გათავისუფლებას, არამედ იქ ცხოვრებას საკუთარი ხარჯით, ადგილობრივზე უფრო მტკიცე ვალუტით“, - ამბობს ნევილ მეხრა.


მაგრამ იმავდროულად შორიდან მუშაობა შეიძლება მხოლოდ მათთვის იყოს მიმზიდველი, რომლებიც თავიანთ სამუშაოს ნოუთბუქის მეშვეობით ასრულებენ, სწრაფ ინტერნეტში ჩართვით, რაც ყველა პროფესიონალისთვის არ არის ხელმისაწვდომი.


როგორც დევიდ კასარი, კომპანია MBO Partners-ის მთავარი საოპერაციო დირექტორი ამბობს, ფრილანსერული მუშაობის დისტანციური სტილი სულ უფრო ფართოვდება. „ჩვენ ველოდებით, რომ „ციფრულ მომთაბარეთა“ რაოდენობა უახლოეს წლებში სულ უფრო გაიზრდება. კორონავირუს „კოვიდ-19“-ის პანდემიამ დისტანციური მუშაობის დანერგვა კიდევ უფრო დააჩქარა. დარწმუნებული ვარ, რომ დამოუკიდებლად მომუშავე ადამიანები იქნებიან ის პირველი გზამკვლევები, რომლებიც ისარგებლებენ შორიდან სამსახურის უპირატესობით, ადგილმდებარეობის მიუხედავად, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებს ემყარება“, - ამბობს დევიდ კასარი. ამავე დროს იგი აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნაში ცხოვრება და იქიდან მუშაობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული: „ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობის დროს, თუნდაც კომპანიის თანამშრომელი ვიყო, შეიძლება ხარჯებში ხელფასი არ მეყოს. გარდა ამისა, მე თუ კლასიფიცირებული ვარ აშშ-ში როგორც ფრილანსერი, შეიძლება ჩემი სტატუსი სხვა ქვეყნებში არ იქნეს აღიარებული“.


არაა გამორიცხული, რომ ენის არცოდნაც ერთგვარი ბარიერი გახდეს. მაგალითად, საქართველოში. როგორც ქეთევან ბუაძე, იურიდიული ფირმა BSH-ის თანადამფუძნებელი, რომელიც იმიგრანტებთან და დისტანციურად მომუშავე უცხოელებთან თანამშრომლობს, ამბობს, რომ მისი ქვეყანა ძალიან მეგობრულადაა განწყობილი უცხოელი არამოქალაქეების მიმართ, მაგრამ ამავე დროს აღნიშნავს, რომ „ინგლისურ ენაზე უფრო მეტად ახალგაზრდები ლაპარაკობენ, ვიდრე შუა ხნისა და მოხუცი ადამიანები“.


კიდევ ერთი მომენტი, რომელიც შეიძლება დამატებით „თავის ტკივილად“ იქცეს - უცხო სახელმწიფოში წასული ოჯახები, რომლებიც გეგმავენ, რომ თავიანთ შვილებს სამშობლო ქვეყნის სკოლებში დისტანციურად ასწავლონ, სავარაუდოდ, საათის სარტყლებში დროის განსხვავების გამო, პრობლემას წააწყდებიან. თუმცა, საბოლოო ჯამში, უცხო ქვეყანაში ცხოვრება და იქიდან დისტანციური მუშაობა შეიძლება ყველაზე უსაფრთხო აღმოჩნდეს“.


წყარო:
https://www.nytimes.com/2020/08/19/travel/remote-worker-visa.html?searchResultPosition=1

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 951 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.