"ხელისუფლება ოპოზიციის ნაწილის მოსყიდვას ცდილობს, ნაწილს კი აშანტაჟებს"- ზაზა ბიბილაშვილი

31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თითქმის თვენახევარია გასული. გაყალბებული არჩევნების ფონზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა.

4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

 

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 დეკემბერს მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

 

შეძლებს თუ არა არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებას?  ამ და სხვა საკითხებზე FirstNews.ge- ს „ილია ჭავჭავაძის ცენტრის“ დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ესაუბრა:


- მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჩვენს ხელთ არსებული კონკრეტული ინფორმაცია ერთობ მწირია. როგორც ვიცით, ხელისუფლება არ თანხმდება ოპოზიციის 2 მთავარ მოთხოვნას, კერძოდ, ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. არათუ არ თანხმდება, არამედ ამ საკითხებს არც განიხილავს. ამის გარეშე კი ძნელი წარმოსადგენია, რაზე უნდა ისაუბრონ ან შეთანხმდნენ მხარეები - მეფუტკრეობის კოდექსზე თუ სამშენებლო კოეფიციენტების რეგულირებაზე? ფაქტია, რომ ხელისუფლების ტაქტიკა არის მოსყიდვის მცდელობა და შანტაჟი - ანუ ის ოპოზიციის ნაწილის მოსყიდვას ცდილობს, ნაწილს კი აშანტაჟებს კომპრომატებით, დაფინანსების შეწყვეტით თუ სხვა მეთოდებით. ეს ყველაფერი ხდება დიპლომატიური წნეხის ფონზე, როცა ფასილიტატორები ცდილობენ ოპოზიცია დაარწმუნონ, რომ პარლამენტში შესვლა საუკეთესო გამოსავალია - ოღონდ არ აკონკრეტებენ, ვისთვის. ამ ფონზე, რაიმე აზრიანი შეთანხმების მოლოდინი უკიდურესი მიამიტობა იქნებოდა. შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებას არ ველი. 


- შესაძლებელია თუ არა 11 დეკემბერს პარლამენტში ვიხილოთ ოპოზიციის წარმომადგენლები? 


- რომ არა ხალხის განწყობა და უზარმაზარი პოლიტიკური წნეხი ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, 11 დეკემბერს პარლამენტში ბევრ ოპოზიციონერს ვიხილავდით (2016 წლის არ იყოს). ყველამ ვიცით, რომ ასეთი განწყობები ოპოზიციური „ელიტის“ ნაწილში მართლაც არის. მაგრამ ისეთი კონიუნქტურა შეიქმნა, რომ ახლა და ამ ვითარებაში პარლამენტში შესვლა პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი ნაბიჯი იქნებოდა. შესაბამისად, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ვინმემ, ვისაც რეალური პოლიტიკური კაპიტალი და პოლიტიკური ამბიციები გააჩნია, გაბედოს ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. პარლამენტის სხდომამდე ერთი დღით ადრე, მსგავსი ნაბიჯის გადადგმაზე მზაობა მხოლოდ ელისაშვილმა და მისმა პარტიულმა კოლეგამ გამოთქვეს. თუმცა, ისინიც კი ამბობენ, რომ 11 დეკემბრის სხდომას არ დაესწრებიან (რაც არაფერს ცვლის). საბოლოო ჯამში, ხელისუფლების გათვლაა, რომ რამდენიმე დეპუტატი გადაიბიროს და დაითანხმოს შესვლაზე, რომ მერე სხვებმა თქვან, ამ პირობებში რაღა აზრი აქვს ბოიკოტსო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ერთი ცხადია - ყველა, ვინც შევა, შევა არა პარლამენტში, არამედ პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ და ამ ნაბიჯით ივანიშვილს გაუფორმებს მოპარულ არჩევნებს, რის გაფორმებასაც ის ოპოზიციის გარეშე ვერ ახერხებს. 

 

- როგორ გამოეხმაურებით ალეკო ელისაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ის პარლამენტში შესვლას აპირებს? 

- ვერ გეტყვით, რომ ეს მოულოდნელი იყო. მე უფრო ის გამიკვირდა, აქამდე რომ გაძლო. მგონი ანალოგიურ აზრზეა ყველა, ვინც ამ ადამიანის საჯარო საქმიანობას ადევნებს თვალს. სამწუხაროდ, აღებული ხმებით ვაჭრობა ქართულ პოლიტიკაში ახალი ხილი არ არის, თუმცა, სხვებისგან განსხვავებით, ელისაშვილი საკმაოდ ცუდად ახერხებს მისი რეალური მოტივების შენიღბვას. ის აქამდეც არ იყო რეალური ოპოზიცია (უფრო ოპოზიციის ოპოზიციის როლი ჰქონდა მიჩენილი). პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი, ის საერთოდ ჩაიკარგება, მაგრამ ვგონებ მას ეს არ ადარდებს: სავარაუდოდ, ის ქართველი ამომრჩევლის ცუდი მეხსიერების იმედზეა, რომლის წყალობითაც ქართულ პოლიტიკაში ბევრი მისნაირი ტრიალებს.

 

- თქვენი აზრით დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები და თუ დაინიშნება როდის?

- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ამგვარი მოლოდინის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. ივანიშვილი ამაზე არ თანხმდება. ოპოზიციას კი არ გააჩნია ბერკეტები, რომლითაც ივანიშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა - არც ხალხის მასა, არც იდეური ერთიანობა და მიმზიდველობა, არც სუფთა ლიდერები, რომლებიც ხალხს შთააგონებენ (ცალკეულ გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით). გავუსწოროთ მწარე სიმართლეს თვალი და ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციას არა აქვს არც დასავლეთის მხარდაჭერა. ამას თავისი ახსნები აქვს, მაგრამ ახსნა არაფერს გვიშველის - ფაქტი ფაქტად რჩება, ფასილიტატორები ისეთ აშკარა თემებზე არჩევენ დუმილს, რაც ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს პროდასავლურ ელექტორატში (პოლიტიკური დევნა, კარტოგრაფების საქმე, გაყალბების აშკარა ფაქტები). მესმის და ვწუხვარ, რომ პროგნოზი პესიმისტურია. მაგრამ ამ ეტაპზე არსებული სურათი ასეთია და, ჯობია, რეალობას თვალი გავუსწოროთ, ვიდრე ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალოთ. ჩემი აზრით, ტოტალური რესეტია საჭირო - ამ ტაქტიკით და, რაც მთავარია, ამ შემადგენლობით, ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორება უკიდურესად გაჭირდება.

 

წაკითხვა 990 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.