ნიკა მელია მხარდამჭერებს ციხიდან წერილს უგზავნის

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ნიკა მელიას მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხეს.

წერილი აქციის მონაწილეებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააცნო.

 

„მოგესალმებით თანამებრძოლებს, მეგობრებს, თავისუფლების მოყვარე სრულიად ქართველ ხალხს! მიხარია, რომ აქ ხართ, ერთად ვართ, არ ვნებდებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ! ჩვენი მიზანი არ არის ერთი ადამიანის გამარჯვება, ჩვენი მიზანი საქართველოს გამარჯვება და განვითარებული საქართველოს გამარჯვებაა,სადაც თავისუფალი და წარმატებული ადამიანები ბედნიერად ცხოვრობენ. ხანდახან ცხოვრებაში დგება მომენტები, როცა ადამიანს დაღლა ან იმედგაცრუება წამოგეწევა, მაგრამ მე ახლა ამ ოთხ კედელშიც კი ვგრძნობ, რომ ყოველი ახალი სირთულე , ყოველი ახალი წინაღობა, ახალი გამოწვევა, მეტ ძალას, მეტ ენერგიას, მეტ შემართებას მმატებს.

 

ჩვენ გვაქვს მიზანი, ნება და მოტივაცია, მშვიდობიანად დავძლიოთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზაციის პროცესი. გვქონდეს უკეთესი საქართველო, გვქონდეს თავისუფლება. ვიცი, რომ ათასობით პატრიოტის უწყვეტი პროტესტი თბილისში ქუჩებში ჩაშლის მოწინააღმდეგის ყველა გეგმას. დღეს აქ და ახლა თბილისის ქუჩებში დგას მებრძოლი საქართველო, რომელიც მოიპოვებს საბოლოოდ თავისუფლებას.

 

დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც 23 თებერვლის უკანონო ძლაისმიერი შტურმის დროს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისას გამოიჩინა მაქსიმალური მოთმინება და სიმტკიცე ქვეყნის სასიკეთოდ, ვინც იდგა და იცავდა თავისუფალი საქართველოს იდეას, არ ეშინოდა არავისი და არაფრის, ვინც იდგა ჩვენს ჩვენს გვერდით, პარლამენტის წინ, ისტორიის სწორ მხარეს.

 

ჩვენ ბრალს გვდებენ 20 ივნისს სახელმწიფო გადატრიალებაში, თუმცა, ჩვენი მხრიდან 20 ივნისის მშვიდობიანმა პროტესტმა და 23 თებერვლის თავდაცვის ფორმამ ნათლად აჩვენა, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ჩვენი სამშობლოს მიმართ. 20 ივნისსაც და 23 თებერვლასაც ჩვენ ვიდექით მშვიდობიანად და ვიცავდით ჩვენს ღირსებასა და თავისუფლებას, გამარჯვებული საქართველოს იდეას, გავრილოვებისა და მათი მორჩილი პირებისგან ერთიანი და თავისუფალი სახელმწიფოს იდეას.

 

ჩემგან მოითხოვეს ხარკი, თავისუფლების ქირა. მივმართავ მათ, ვინც დღეს ჩვენი სახელმწიფო მიიტაცა და ძარცვავს, თავისუფლება არ იყიდება! თავისუფლებით არ ვაჭრობენ! თავისუფლება უნდა მოიპოვო! დიახ, ის ხანდახან ბორკილებით, ციხით მოიპოვება. მაგრამ არასდროს, არასდროს დანებებით, მხოლოდ ბრძოლით და მხოლოდ მოძრაობით, ახალი გამოწვევებით, ახალი პასუხებით, ყველა კრიზისში ახალი შესაძლებლობების პოვნით. ისევ მხოლოდ ერთიანობით, მე მინდა ვიყო საქართველოს თავისუფალი მოქალაქე, ვიაროთ წინ, ვიაროთ ერთად დაბრკოლებების გარეშე, თავისუფლად. მე მინდა ვიცხოვრო ღირსეულად, მაგრამ არ გვაცლიან, რადგან მათ არ სჭირდებათ საქართველოში თავისუფალი ხალხი. სამშობლოს სიყვარულისა და ღირსების დაცვის გამო თავისუფლება აღმიკვეთეს და შემდეგ 40 ათას ლარად იმავე თავისუფლების ყიდვა შემომთავაზეს, თავისუფლება არ იყიდება, თავისუფლება უნდა მოვიპოვოთ!

 

დღეს საკნის ოთხი კედელი სწორედ თავისუფლების ბრძოლის გზაა და მე არასდროს ვყოფილვარ ასეთი თავისუფალი, როგორც ახლა. ჩემთვის და ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, თავისუფლება 40 ათასი ლარი არ ღირს. ეს არცერთი ადამიანის, არცერთი ჯგუფის და მითუმეტეს, არც პარტიული ბრძოლაა. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებისა, ერთად ვიბრძვით უზენაესი ღირებულებებისთვის, თავისუფლების, ღირსებისა და სამართლიანობისთვის. ახლა დგება წუთი, როდესაც საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ხალხის ღირსების შემლახავთა მიმართ მოთმინება ვეღარ იქნება მისაღები. ვიბრძოლებთ ბოლომდე, რადგან ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და აუცილებლად გავიმარჯვებთ. მე დღეს სანდროსთვის პასუხი, თუ რატომ არ მივედი სახლში, არ მაქვს. შეიძლება დღეს ვერ ავუხსნი, მაგრამ ხვალ ის თავად გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, რომ მე აქედან, სწორედ ხვალინდელი დღისა და ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლის რწმენით ვიბრძვი. ვარ მართალი, ვარ მხნე.

 

ვარ ციხეში, მაგრამ ვარ თავისუფალი. ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემთან, იმიტომ რომ უკეთესი საქართველო იწყება აქ და დღეს. ჩვენი ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი ბევრად უკეთესია, არ დავნებდებით და არ შევშინდებით, სანამ ამ მიზანს არ მივაღწევთ. ვიყოთ მხნედ, ლაღად, ძლიერად! გავრილოვის ღამე გათენდება, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - აცხადებს ნიკა მელია მხარდამჭერებისადმი გამოგზავნილ წერილში.

წაკითხვა 610 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.