ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ორად გაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა”

“პარტიის გაძლიერებას საფუძვლად უნდა დაედოს შიდა პარტიული დემოკრატიის გაძლიერება და შიდა პარტიული არჩევნები ყველა დონეზე. ვითხოვთ ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები, ახლიდან აირჩეს პოლიტიკური სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და რაც მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები”, - ასეთია “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილის პოზიცია, რომელიც ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ “ნაცმოძრაობაში” ახალი ელექტრონული არჩევნები მალე ჩატარდება, რომელიც პარტიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. პარტიის კიდევ ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია პარტიამ მიიღოს ახალი ლეგიტიმაცია, რადგან, მისი აზრით, დეზორიენტირებულია პარტიის ბიუროკრატია, “ლიდერშიპი”, მხარდამჭერები და მათი პოლიტიკური პარტნიორები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ახალი თავმჯდომარის ასარჩევად ორად გაყოფილი “ნაციონალური მოძრაობა” - “საეჭვოა ამ სახით პარტიამ დიდი ხანი გააგრძელოს არსებობა”.

 

“ნაციონალური მოძრაობის” წინაშე და ქვეყნის წინაშე, ყველა პოლიტიკური პარტიის წინაშე ყოველწლიურად იცვლება ამოცანები. ჩვენ როცა ავირჩიეთ ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” წინაშე იდგა სხვა ამოცანები, დღეს პოლიტიკური პარტიის წინაშე დგას სულ სხვა ამოცანები. “ნაციონალური მოძრაობა” იყო პირველი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დაამკვიდრა თავმჯდომარის ელექტრონული არჩევა. ახალმა თაობამ წამოაყენა ინიციატივა, მაღალი ლეგიტიმურობით მოხდეს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარის არჩევა, არამედ ყველა დონეზე “ნაციონალური მოძრაობის" შიგნით”, - განაცხადა დავით კირკიტაძემ. ახალი თავმჯდომარის ასარჩევად შიდა არჩევნების ჩატარების მოთხოვნას არ იზიარებს “ნაციონალური მოძრაობის” მეორე ნაწილი. “ნომერი პირველი მსჯელობის საგანი ამ დროისთვის სააკაშვილთან დაკავშირებით პარტიის სამოქმედო გეგმაა და ასეთ დროს “ნაციონალური მოძრაობის” ნაწილის მიერ პარტიის თავმჯდომარის და პოლიტსაბჭოს არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ცოტა უცნაური და დასანანია. არჩევნების ჩატარების ინიციატივა ნიკა მელიას ეკუთვნოდა, თუმცა, მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ განიხილებოდა”, - აცხადებს პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი. დიდ პარტიაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება სხვა ოპოზიციური ძალები”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თუმცა, “გირჩის” ერთ-ერთ ლიდერს იაგო ხვიჩიას არ სჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის “ნაცმოძრაობას”. “ნაციონალურ მოძრაობაში” ეს პროცესი მოსალოდნელი იყო, ბოლო პერიოდში შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, ახლა ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს, ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. განტევების ვაცის ძიებაა, ვისაც ეს ყველაფერი დაბრალდება. ნიკა მელიას დაბრალდება თუ სხვა ვინმეს, მე არ მჯერა, რომ ნიკა მელიას წასვლა უშველის “ნაცმოძრაობას” და სხვა ადამიანები მოვლენ და ყველაფერი რიგზე იქნება. ამიტომ დიდი მოლოდინი ამ პროცესთან დაკავშირებით არ მაქვს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ფუნდამენტურ რეფორმებზე ან ფუნდამენტურ დაშლაზე უნდა იფიქროს, რათა ახალი სივრცე გაჩნდეს ახალი პოლიტიკური ბრძოლისთვის”, - აცხადებს იაგო ხვიჩია. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ არჩევნების ჩატარება ურიგო არ იქნება, რადგან დაპირისპირება პარტიაში არ გაჩერდება და შეიძლება არასასურველ გახლეჩვამდე მივიდეს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ პარტიას, რომელსაც შიდა დემოკრატია აკლია დიდხანს ვერ იარსებებს და დაშლისკენ შეიძლება წავიდეს”, - დასძენს გამოცემა.

 

“ნაციონალურ მოძრაობაში” განხეთქილება რომ იყო, ამის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ჟონავდა, ახლა უკვე ღია გახდა. 2016 წლიდან ხდება “ნაცმოძრაობის” ფრაგმენტაცია და ნახეთ ერთი პარტიიდან რამდენი პარტია მივიღეთ - “გირჩი”, “დროა” და სხვა. ახლა ისევ გაერთიანება უნდათ. არჩევნების ჩატარება არ უნდა წარმოადგენდეს რაიმე სირთულეს, მაგრამ, არჩევნების ჩატარებას არეგულირებს პარტიის წესდება. რეგლამენტით უნა იყოს განსაზღვრული, როგორ ჩატარდეს არჩევნები. მელიას რომ ეუბნები უნდა წახვიდეო, როგორ, მას აღარ ექნება უფლება კიდევ იყაროს კენჭი? არჩევნები უნდა ჩატარდეს, რადგან პროცესი არ გაჩერდება, შეიძლება უფრო გაღრმავდეს და არასასურველ განხეთქილებმდე მივიდეს. ამიტომ უნდა ჩატარდეს არჩევნები, ნახავენ რამდენი მხარდამჭერი ჰყავთ; მაგრამ, წინასწარ უნდა იყოს დათქმა, რომ არჩევნების შედეგები უნდა აღიაროს ორივე მხარემ. წაგება არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ “ნაცმოძრაობა” კიდევ გაიყოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“რამდენი ხანია “ნაცმოძრაობა” გაუგებარ ნაბიჯებს დგამს. შიდა კოორდინაცია არ უვარგა, შიდა დემოკრატი აკლია, არც ნაბიჯები აქვს გათვლილი, ამიტომ საეჭვოა ამ სახით, პარტიამ დიდი ხანი გააგრძელოს არსებობა; ექნებათ დაშლის მომენტი. ვთქვათ, ჩაატარეს არჩევნები, მერე რა? რაღაც მენიუ ხომ უნდა ჰქონდეთ, ფიგურები ხომ უნდა ჰყავდეთ. ერთადერთი რეიტინგული ფიგურა ისევ სააკაშვილია. სამი კაცი რომ დარჩეს ამ პარტიაში და მიშამ თქვას ამ სამ კაცთან ვარო, ამათ ეყოლებათ მხარდამჭერები. პაროლივიითა, ვისაც ექნება სააკაშვილის ხუთიანი, მხარდაჭერაც ექნება, ძალა მხარდამჭერებშია”, დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

წაკითხვა 305 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 11 2022

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.