"უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა"

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება ხდება. მისივე თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებისგან ითხოვენ უკანონო ბრძანებების შესრულებას და როგორც მელია აცხადებს, უწყებაში დასაქმებულები ქვეყნიდან ან სხვა სამსახურებში წასვლას ამჯობინებენ.

მელიას განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსული ძალა ყველაფერს გააკეთებს, რათა პოლიციელები ებრძოდნენ დამნაშავეებს და არა კვლავ ხელისუფლების ოპონენტებს.

 

„უსამშობლო ოლიგარქმა ისეთი რეჟიმი დაამყარა ამ ქვეყანაში, რომ აქ გაჩერება გაუსაძლისი გახდა იმ ასი ათასობით მოქალაქისთვისაც კი, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო. ამიტომაც გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან! საკუთარ სამშობლოში დევნილად და გარიყულად ყოფნას, საკუთარ ქვეყანაში ემიგრაციას, უცხო ქვეყანაში ცხოვრება ურჩევნიათ! დიახ, ამ ქვეყანას მხოლოდ ასი ათასობით უმუშევარი, სამუშაოს მაძიებელი კი არ ტოვებს, ამ ქვეყანას ტოვებს ათასობით პოლიციელი – შსს-ს სისტემაში დასაქმებული პატრიოტი პოლიციელები.

 

სამართალდამცავი სტრუქტურებიდან კადრების გადინება რომ მასიურია, ამას შსს-ს მიერ მხოლოდ აგვისტოში გამოცხადებული ვაკანსიაც ცხადყოფს და მხოლოდ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 145 ვაკანსიის დასაკავებლად შსს-მ კონკურსი გამოაცხადა.

 

ასეთი მასშტაბური ვაკანსია ამ პოლიციას არ ახსოვს! უწყებაში სამსახურის დატოვების მოთხოვნით ასეულობით პატაკი დევს, რომელსაც არ უკმაყოფილებენ, მაგრამ ბევრი ისე გარბის, აღარც ეკითხებიან. გარბიან და მექსიკის გავლით ამერიკაში ჩასულები საუწყებლად რეკავენ, რომ წავიდნენ უწყებიდან. გარბიან იმიტომ რომ ეს ხელისუფლება გასაჩერებელ ადგილს არ უტოვებს ამ ქვეყანაში პატრიოტ ადამიანებს. ქვეყანაში იმხელა უპერსპექტივობაა, იმხელა უიმედობა და მათგან იმდენი უკანონო ბრძანების შესრულებას ითხოვენ, რომ ამ უსამსახურო ქვეყანაში, თავისით ტოვებენ სამსახურს, ნაწილი ქვეყანას ტოვებს და ნაწილი სხვა სამსახურს ეძებს.

 

ტოვებენ იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ვერ ხედავენ განვითარების, ცხოვრების პერსპექტივას! საკუთარი ოჯახების და შვილების მომავალს, არ სურთ რუსი ოლიგარქის პირად დაცვაში სამსახური, არ სურთ, რომ რუსული ოცნება მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში! არ სურთ იცავდნენ რუსებს და მათ იმპერიალისტურ გამოხდომებს ქართველებისგან, არ სურთ საქართველოს დამოუკიდებლობის არმცნობი კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის – პოზნერის ღომის წელვის დაცვა და აღშფოთებული ქართველი ახალგაზრდების დაჭერა! არ სურთ უსამშობლო კადიროვისა და სერგეი ლავროვის ახლო მეგობრის, ოკუპაციის კანონის არაერთხელ დამრღვევი (კადიროველი ) ლევ ძენგოვის უსაფრთხოებას იცავდნენ თბილისურ რესტორნებში დროს ტარებისას, არ სურთ იყვნენ უკანონო მოქმედებებისა და დანაშაულებრივი უმოქმედობის თანამონაწილები.

 

ამ ქვეყანაში ოლიგარქმა და მისმა დაცვის ყოფილმა უფროსმა გომელაურმა შექმნეს სისტემა, რეჟიმი, რომელიც აგებულია სწორედ ამ ქვაკუთხედზე – უკანონო მოქმედება დადანაშაულებრივი უმოქმედობა. ეროვნული თავმოყვარეობის დაკნინება და ოკუპანტის მაამებლობა.

 

გაიხსენეთ რას აკეთებს ივანიშვილისა და გომელაურის პოლიცია, როდესაც ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილდებიან შეიარაღებული კრიმინალები? როცა თბილისის უბნებს უკვე ეგრეთ წოდებული საძმოები აკონტროლებენ? არაფერს! ივანიშვილის და გომელაურის პოლიცია უმოქმედოდაა, როცა დღისით, ქალაქის ცენტრში შავბნელი ძალები ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, რასაც ეწირება ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ამ რუსული პოგრომების ორგანიზატორები დაუსჯელები არიან, მეტიც, ისინი სახელისუფლებო დაფინანსებით საზრდოობენ.

 

ივანიშვილის და გომელაურის პოლიცია უმოქმედოდაა, მეტიც ხელს უწყობს მუხთარლის გატაცებას! ივანიშვილისა და გომელაურის პოლიცია უმოქმედოდაა, როდესაც ყოფილი ქმარი უკვე სისტემურად კლავს ქალს! სამაგიეროდ ივანიშვილის ძალოვანი უწყებები მყისიერად მოქმედებენ, როდესაც პოლიტიკური ოპონენტის დევნა და თვალთვალია საჭირო, როდესაც ანტიპუტინისტური წარწერის წაშლაა საჭირო, როდესაც რუსი ოლიგარქის დაცვაა საჭირო. პატრიოტი პოლიციელები ქვეყნიდან გარბიან! იზრდება საფრთხე და მცირდება მათი რაოდენობა ვინც საფრთხის შემთხვევაში შეიძლება დაგვიცვას. ვინც უნდა გვიცავდეს, თავს ვერ იცავს და გარბის ქვეყნიდან! ვინც უნდა გვიცავდეს, თავს ვერ ინახავს ამ ქვეყანაში და გარბის ამ ქვეყნიდან. დიახ, ბატონებო, პოლიციელთა ხელფასები სასაცილო და დამამცირებელია! მათი ხელფასი 1 600 ლარს არ აღემატება, მაშინ როცა მათი მინისტრი, ივანიშვილის პირადი მცველი გომელაური მდიდრული სახლებით და აგარაკებით იწონებს თავს, თავის ოჯახის წევრს რამდენიმე ასეულ ათას ლარად ქორწილს უხდის, სადაც ერთ ტორტში 5 ათას ლარს იხდის! ერთი სიტყვით, თავის ოჯახის წევრებს მარწყვის პირამიდებს უშენებენ ტორტად, სხვის შვილებს კი უშენებენ ქვეყანას, სადაც ცხოვრება აუტანელი, გაუსაძლისი და სახიფათოა!“,- განაცხადა მელიამ.

 

მისივე თქმით, „ჩვენი და ჩვენი შვილების უსაფრთხოება ივანიშვილმა ჩააბარა თავის დაცვის უფროსს, რომელიც ისევ და ისევ მას იცავს მხოლოდ და არა საზოგადოებას“.

 

„მას არც პროფესიონალიზმი აწუხებს და არც სინდისი. დგას და ტელეკამერების წინ უტიფრად თავს იწონებს, 2 წელია ბანკის მძარცველი ესებუა ვერ უპოვია, არც რცხვენია, პირიქით, ამ საკითხზე როცა კითხვას უსვამენ – საზოგადოებას დაგვცინის. კორუმპირებული გომელაური დგას და კამერების წინ ლაპარაკობს ადამიანზე, ვინც ემუქრება ჩანაწერების გამოქვეყნებით, დგას და სახეწაშლილი და ნირწამხდარი წინასწარ უარყოფს ჯერაც გამოუქვეყნებელ ჩანაწერებს. უტიფრად გველაპარაკება იმაზე, თუ როგორ აუწყო დაუმსახურებლად კარიერა თავის ყოფილ მეგობარს. სამაგიეროდ ცოცხალი თავით არ ყვება, თუ რატომ გაუშვა სამსახურიდან მისივე შეფასებით – დაუმსახურებლად აღზევებული არაფრის მქონე პირი.

 

რუსულ ოცნებაში ერთადერთი დამსახურება, რითიც კარიერის გაკეთება შეიძლება, საკუთარი ხალხის ინტერესების უგულებელყოფა და რუსი ოლიგარქის უპირობო მსახურებაა. ასეთია რუსული ოცნება, ასეთია რუსული სისტემა, ასეთია რუსული სამართალი-უსამართლობა და ძალადობა არის რუსული წესი! ქართველ ხალხს უნდა პროგრესი, კეთილდღეობა, თავისუფლება, უსაფრთხოება – ანუ ის რაც დასავლეთშია თავმოყრილი. რუსულ ოცნებას უნდა თავისი დავალების შესრულება, მაგრამ ჩვენ არ ვიცხოვრებთ რუსული წესებით, არ შევეგუებით რუსეთის თარეშს საქართველოში, არ შევეგუებით უკუსვლას, ვივლით წინ ევროპისკენ და ყველა სახელმწიფო უწყების პატრიოტი საჯარო მოხელის თუ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლის გვერდში დგომის იმედი გვექნება ამ გზაზე, გზაზე, რომელიც მათ შინ ევროპაში დააბრუნებს და ვინც არ წასულა, წასვლას გადააფიქრებინებს – ამ ქვეყანაში ცხოვრების და სახელმწიფოს მსახურების სურვილსა და მოტივაციას დაუბრუნებს, სიამაყის გრძნობას დაუბრუნებს, რომ ემსახურება სამშობლოს!

 

ამ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მოსული ძალა ყველაფერს გააკეთებს, რომ პოლიციელები ებრძოდნენ დამნაშავეებს და არა კვლავ ხელისუფლების ოპონენტებს, იცავდნენ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და არა ვინმე ერთ „მოქალაქეს“, როგორც დღესაა“, – აღნიშნა მელიამ.

წაკითხვა 385 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.