სამომავლო ნაღმები საბჭოთა კავშირში - რას წერს უცხოური პრესა დავით გარეჯის თემაზე
პოლონურ ცნობილ ყოველდღიურ გაზეთში - „გაზეტა ვიბორჩა“-ში («Gazeta Wyborcza») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „კარტოგრაფიული მოღალატეები კავკასიაში“, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის პრობლემებს, კერძოდ კი დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებისა და მასთან დაკავშირებულ დრამატულ მოვლენებს ეხება (ავტორი - დავიდ ვარშავსკი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
„ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, მსოფლიოს გადამდგარი კონტროლიორი გავიცანი, რომელიც საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობდა. მის მოვალეობაში, სხვა საკითხებთან ერთად, ინსტიტუტში დაცული მსოფლიოს რუკის შენახვა და კონტროლი წარმოადგენდა, რომელიც, რასაკვირველია, უდიდესი ზომისა იყო და გრიფი „საიდუმლო“ ჰქონდა.
რუკა ათასობით ფურცლად იყო დაყოფილი და თითოეული ფურცელი დალუქულ კონვერტში იყო მოთავსებული. კონტროლიორის ამოცანას წარმოადგენდა ამ რუკების პერიოდული შემოწმება: იგი ჯერ ბეჭედს ამოწმებდა, შემდეგ კონვერტს ხსნიდა, იღებდა ფურცელს - რუკის ნაწილს და ადასტურებდა, რომ მასში რაიმე ცვლილება ან ზემოქმედება არ მომხდარა. კონტროლიორი ფურცელს უკან, კონვერტში დებდა, ბეჭედს ადებდა და ზედ აწერდა, რომ შემოწმება ჩატარებულია. ამ სამუსაოზე დრეში რამდენიმე საათი იხარჯებოდა. მე ვკითხე, ნუთუ მოსაწყენი არ არის ასეთი მუშაობა? - იცით, წყნარ ოკეანეზე რომ ვმუშაობდი, ის მართლაც მოსაწყენი იყო, - მიპასუხა მან.
მართლაცდა, წყნარი ოკეანე კარტოგრაფიულ (ოკენოგრაფიული) თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდ ემოციებს არ იწვევს. აი, კავკასიას რაც შეეხება, ეს რეგიონი გეოგრაფიის თვალსაზრისით...
სამომავლო ნაღმები საბჭოთა კავშირში
ასი წლის წინათ, საბჭოთა კავშირის არსებობის დასაწყისში, ამიერკავკასიის ტერიტორია სამ ძირითად ხალხს - აზერბაიჯანელებს, ქართველებს და სომხებს შორის გაიყო. მთლიანობაში უფრო მეტად ყურადღება ექცეოდა ეთნიკურ და გეოგრაფიულ რეალიებს, რეგიონის სისხლიან ისტორია კი ნაკლებად აინტერესებდათ. უპირველესი ადგილი ეთმობოდა არა წარსულს, არამედ მომავალს. საბოლოო ჯამში კი ყველაფერი მოსკოვზე იყო დამოკიდებული.
სიტუაციას ართულებდა ის ფაქტი, რომ საზღვრები მანამდე იყო დადგენილი, სანამ მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით მსოფლიოს ის საიდუმლო რუკა შეიქმნებოდა: როცა ფანქრით სასაზღვრო ხაზს მცირემასშტაბიან რუკაზე ავლებენ, ადგილზე შედარებისას განსხვავება ასობით მეტრს შეიძლება უდრიდეს. იმავდროულად შიდაკავკასიური საზღვრებს ყურადღება არ ექცეოდა: გზები და რკინიგზები ისეთ ადგილზე გაჰყავდათ, ხიდებს ისეთ ადგილებზე აშენებდნენ, სადაც მოსახერხებელი იყო და ამ დროს საერთოდ იგნორირებული იყო, თუ ვისი ტერიტორია იკვეთებოდა.
საზღვრები იცვლება დამარცხებულის საზიანოდ
რა თქმა უნდა, საზღვრების ასეთმა იგნორირებამ თავისი ნეგატიური მხარე აჩვენა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. გამარჯვებულმა სომხეთმა აზერბიჯანის მიწის ნაჭერი მიიღო. ამით ერევანმა [მთიან ყარაბაღში] თავისი ხალხი კი გადაარჩინა, მაგრამ სამაგიეროდ, ათი ათასობით აზერბიჯანელი აიძულა გაქცეულიყვნენ. იმავდროულად, სომხეთმა ახალი საზღვრები შექმნა. გავიდა 30 წელი და აზერბაიჯანმა რევანში აიღო - ომის შედეგად ბაქომ ტერიტორიები დაიბრუნა... ამჟამად საზღვრების დადგენის პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც, ტრადიციისამებრ, დამარცხებულის საზიანოდ იცვლება...
(...)
კავკასიური ალბანელების მემკვიდრეობა?
ომის შედეგები გასაგებია, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ საზღვრების დადგენა მშვიდობიანობის დროსაც სახიფათო პროცესს წარმოადგენს, რაშიც საქართველოში ორი კარტოგრაფიც დარწმუნდა - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩევა.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისს და ბაქოს ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ, ორ მეზობელს შორსი საზღვრების დელიმიტაცია ჯერაც არ არის დასრულებული. ერთ-ერთ სადაო პუნქტად რცება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც მეექვსე საუკუნეში ასირიელ ბერს - დავითს დაუარსებია. ობიექტის ნაწილი მდებარეობს საზღვრის აზერბიჯანულ მხარეზე. საქართველო აზერბაიჯანს ტერიტორიულ გაცვლას სთავაზობდა, მაგრამ მეზობლისაგან უარი მიიღო.
ურთიერთობა ურთიერთობად, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ სამონასტრო კომპლექსი სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს და მას აზერბაიჯანის არმია იყენებს. უფრო მეტიც - ბაქო თვლის, რომ მონასტერს ქართველებთან საერთო არაფერი აქვს და კავკასიელი ალბანელების (ნუ ავურევთ ბალკანელ ალბანელებთან) მემკვიდრეობას მიეკუთვნება, რომლებიც, როგორც ზოგიერთი მეცნიერი თვლის, რეგიონის პირველი მცხოვრებლები იყვნენ. ისტორიკოსები აზერბაიჯანულ კონცეფციას პოლონურ „დიდი ლეხიის“ კონცეფციას ამსგავსებენ, რომლის თანახმად, პოლონეთის ისტორია იწყება არა მე-10 საუკუნიდან, არამედ რამდენიმე ასწლეულით ადრე... ასეა თუ ისე, აზერბაიჯანისთვის კავკასიური ალბანეთის კონცეფცია პოლიტიკურად მომგებიანია: თუ უხსოვარი დროიდან კავკასიაში ალბანელები სახლობდნენ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მისი დღევანდელი მცხოვრებლები - არამარტო აზერბაიჯანლები, არამედ ქართველებიც და სომხებიც, რეგიონის ავტოხთონ ხალხებს კი არა, მოსულ ელემენტებს წარმოადგენენ.
დადივანქის მონასტერი, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეშია აგებული და რომელიც აზერბიჯანის მიერ დაბრუნებული ტერიტორიის სიღრმეში მდებარეობს, ამ კონცეფციით სომხური ძეგლი კი არ არის, არამედ ალბანურია და მისი ამჟამინდელი სტატუსი, რომელსაც რუსი მშვიდობისმყოფლები იცავენ, მხოლოდ დროებითია.
რაც შეეხება დავით გარეჯის სტატუსს, ის მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო მანამ, სანამ გასული წელს თბილისში ერთი ამბავი არ გავრცელდა - თურმე რუსეთში საიდუმლო რუკა აღმოუჩენიათ, რომლის მიხედვით, სამონასტრო კომპლექსი მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. მალე გაირკვა, რომ ქართული მხარის ოფიციალური ექსპერტ-კარტოგრაფებმა ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩევამ იცოდნენ ამ რუკის არსებობა, ჰქონდათ მისი ასლი, მაგრამ დაუმალავთ ეს ფაქტი, რის შედეგად საქართველოს თითქოსდა 14 კვადრატული კილომეტრი აზერბაიჯანისთვის უსამართლოდ გადაუცია. ორივე სპეციალისტი დაუყონებლივ დააპატიმრეს და „საქართველოს ტერიტორიული ხელსეუხებლობის დარღვევაში“ დაადანაშაულეს, რისთვისაც მათ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
„კარტოგრაფიული მოღალატეები“..
საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავდაცვის მინისტრმა თავის დროზე ორივე „მოღალატეებად“ შერაცხა. დაკავებულების ირგვლივ არნახული პოლიტიკური ისტერია დაიწყო, ხოლო „ქართული ოცნება“ ცდილობდა საკუთარი თავი მამულის ერთადერთი დამცველის როლში წარმოესახა. ეს ყველაფერი, გარემოებათა დამთხვევის გამო, საპარლამენტო არჩევნების წინ მიმდინარეობდა, რომელშიც „ოცნებამ“ პირწმინდად გაიმარჯვა (თუმცა გააჩნია, რამდენად სამართლიანი მეთოდებით, როგორც ამას ზოგიერთები თვლიან).
ივერი მელაშვილი წარუმატებლად ცდილობდა აეხსნა, რომ [მოსკოვიდან ჩამოტანილი რუკა] ორივე მხარისათვის ცნობილ რუკას წარმოადგენდა, მაგრამ მათ ის არაზუსტად მიიჩნიეს, ამიტომაც აღარ უსარგებლიათ. კომენტატორებს კითხვა გაუჩნდათ - რატომ გამოაჩინა კრემლმა ასეთი რუკა? განა იმისთვის, რომ მტრულად განწყობილ საქართველოს დახმარებოდა? მოსკოვი ხომ პირიქით, საზღვარზე პროვოკაციული დაძაბულობით უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. კარტოგრაფების დასაცავად საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამოვიდნენ, თუმცა მათ ოთხი თვე პატიმრობაში გაატარეს. ისინი ციხიდან დროებით მხოლოდ მას შემდეგ გამოუშვეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, ქვეყანა კი პოლიტიკურმა კრიზისმა მოიცვა. არავინ იცის, სასამართლო პროცესი როდის დასრულდება.
„ჯოჯოხეთის წინაშე“...
ივერი მელაშვილი უკან არ იხევს. ამას წინათ მან ინტერვიუში განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსი მთლიანობაში ქართული მემკვიდრეობის ნაწილია, რომლის სადაო ფრაგმენტი აზერბაიჯანს ეკუთვნისო. „როგორ შეიძლება ამ დროს თქვა, რომ ეს ჩემია, როცა შენი არ არის?, - რიტორიკულად იკითხა მან. ჰოდა, მის ფეხქვეშ, როგორც იტყვიან, „მიწა გაირღვა და ჯოჯოხეთის წინაშე აღმოჩნდა“... კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატის - „როცა შენი არ არის“ - საპასუხოდ დაიწყო კამპანია ლოზუნგით „დავით გარეჯი საქართველოა“ და თავდასხმები კარტოგრაფებზე ინტერნეტში. ივერი მელაშვილს ბრალად სისხლის აღრევა დასწამეს, ნატალია ილიჩევას წინააღმდეგ კი მისი გვარის წარმომავლობით ისარგებლეს...
ულტრამემარჯვენე ძალების აქტივისტებს სურდათ სამონასტრო კომპლექსის სადაო ნაწილის თავზე ცაში ტელეკამერიანი დრონები აეშვათ, მაგრამ ქართველ მესაზღვრეებს მათი შეჩერება მოუწიათ - ნუ მოახდენთ სომხეთზე გამარჯვებით გახარებული აზერბაიჯანელების პროვოცირებას, თანაც საზღვრების თითქმის ერთი მესამედი ჯერ კიდევ შესათანხმებელი გვაქვსო.
მართლაცდა, ასეთ სიტუაციაში კაცს ნოსტალგია გაუჩნდება იმ ძველი დროის მიმართ, როცა მსოფლიოს კონტროლიორები მუშაობდნენ, მით უმეტეს, წყნარი ოკეანის მიმართ, სადაც სადაო არაფერია...
წყარო: https://wyborcza.pl/775399,26820499,kartograficzni-zdrajcy-na-kaukazie.html?disableRedirects=true
მოამზადა სიმონ კილაძემ
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"