“მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო”

“როცა დღეს ხელისუფლება ლაპარაკობს 10-წლიან გეგმაზე, ეს ყოვლად გაუგებარია უპირველესად იმიტომ, რომ საპარლამენტო მმართველობა გვაქვს და ხვალ რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რა ეშველება ამ გეგმას?

გავიხსენოთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ გეგმა ჰქონდა წინამორბედ პრემიერსაც, რაც, სხვათა შორის, პარლამენტშიც გაახსენეს “ქართულ ოცნებას”, მაგრამ სად არის დღეს ეს პრემიერი და მისი გეგმა? მახსოვს, გეგმა ჰქონდა კვირიკაშვილსაც... რა 10-წლიან გეგმაზეა ლაპარაკი, როდესაც ხვალ-ზეგ რა იქნება, კაცმა არ იცის. ჩემი აზრით, ეს გამიზნული იყო წინასაარჩევნოდ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის. კვლავაც დაპირებებით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პრემიერის ანგარიში, ქართული “შტურმი” ვაშინგტონში ანუ რაზე მიანიშნა სენატორმა რიშმა ქართველ პოლიტიკოსებს / “საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს” / “რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო”.

 

“თუ ლაპარაკია შინაარსზე, რაც ითქვა, მშვენიერი გეგმაა, თუმცა არც მისი შესრულების გზები და არც ის, რა დრო აქვს “ქართულ ოცნებას” ამისთვის, ცნობილი არ არის. მოკლედ, ეს გეგმა არარეალურია. ხვალ რომ შეცვალონ ღარიბაშვილი, მისი გეგმა არქივში წავა. რომც არ შეცვალონ, მაინც არქივისთვისაა განწირული, რადგან ის მიმართულებები, რაზეც იქ ლაპარაკობს, საკითხავია, თუ რამდენად შეესაბამება დღევანდელ ჩვენს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ვითარებას, თან ყოველივე ეს ხომ ცვალებადია. კი ითქვა, რომ 5 წელიწადში გადავხედავთ და კორექტივებს შევიტანთო, მაგრამ ისიც უცნობია, 5 წლის შემდეგ რა იქნება ქვეყანაში. ამიტომაც მგონია, რომ უკეთესი იქნებოდა, ღარიბაშვილს იმის გეგმა წარმოედგინა, 2024 წლამდე რას აპირებენ, როგორ უნდა დასძლიონ ეკონომიკური კრიზისი... 2024 წლამდე გასაკეთებელ საქმეებზე, იცით, რატომ ვერ ლაპარაკობენ? იმიტომ, რომ მაგ დროს არჩევნებია და დღეს რომ დაპირებები გასცენ, ამაზე პასუხი მოეთხოვებათ, აი, 10 წლის მერე კი, კაცმა არ იცის, რა იქნება...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ღარიბაშვილმა არ ილაპარაკა იმაზე, თუ სასამართლო რეფორმისთვის რა იგეგმება, არც საარჩევნო კოდექსზე უთქვამს დიდად რამე, იმ თემებზე იმდენად არ ყოფილა ლაპარაკი, რამდენიც პრობლემაა ქვეყანაში... ამის დასტური იყო დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემის ნაწილიც, როდესაც, ფაქტობრივად, მხოლოდ უმრავლესობის წევრებს უპასუხა. დანარჩენს - ოპოზიციის შეკითხვებს, ძირითადად, აგრესიულად, აგდებით და არასაგნობრივად გამოეხმაურა. მოკლედ, “ქართული ოცნებისთვის” მტკივნეული თემები ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა. ეს საანგარიშო გამოსვლა დაახლოებით იმის მაჩვენებელი იყო, არჩევნებზე რა ლოზუნგებით გამოვა “ქართული ოცნება”. იყო ლაპარაკი მუნიციპალური განვითარებისთვის დასახარჯ 500.000 მილიონზე, რაც პირდაპირ უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ოპოზიციის ქცევაში არსებითად არაფერი შეცვლილა, ისევ ერთსა და იმავეს იმეორებენ. რაზეც ლაპარაკობენ, მტკივნეული თემებია, მაგრამ ხელისუფლებისადმი მათი დამოკიდებულება კვლავაც უკიდურესად აგრესიულია, რაც არ პასუხობს მოსახლეობის განწყობას. საზოგადოებაში არ არის აგრესია, შესაბამისად, ოპოზიციის აგრესიულობა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების ნიველირებასაც კი ახდენს.ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო “ლიბერთი ბანკისა” და პენსიონერების, ასევე ვეტერანების თემის წამოწევა და ვიცით, რომ ხელისუფლებაც აპირებს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს კითხვები დაისვას უფრო ზუსტად და პარლამენტარები დროს შეფასებებში არ კარგავდნენ. ეს ყველას არ შეეხება, მაგრამ ოპოზიციის დიდი ნაწილი უფრო შეფასებებით გამოდიოდა და კითხვებს ნაკლებად სვამდა. ველოდი, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ ოპოზიციის ქცევაში დიდი არაფერი შეიცვლებოდა, უბრალოდ, ქუჩიდან გადაინაცვლებდნენ შენობის კედლებში და ასეც მოხდა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“რაც შეეხება აშშ-ში ქართველ ოპოზიციონერთა გახშირებული ვიზიტებს ერთხელ ვიხუმრე, ქართველი “უფლისწულები” აშშ-ში, როგორც “ოქროს ურდოში”, ისე მიდიან, რათა კურთხევა მიიღონ-მეთქი, და იგივე ხდება ახლაც. ყველა ოპოზიციური პარტია ჩადის და ცდილობს ის იქცეს ვაშინგტონის ფავორიტად და საქართველოში დაბრუნდეს მხარგაშლილი, როგორც ძალა, რომელზეც ფსონს დადებენ. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მუდმივად არის სამი მოთამაშე: ადრე თუ რუსეთი იყო მესამე ძალა, ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან ერთად, უკვე დასავლელი პარტნიორები არიან, თუმცა რიშის განცხადებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მინიშნება ასეთია: აშშ-ში კი არ უნდა ირბინოთ, თქვენს ქვეყანაში უნდა მოიპოვოთ მოსახლეობის მხარდაჭერაო. პოლიტიკურ პარტიებს - არც სახელისუფლებოს და არც ოპოზიციურს, საქართველოში რეალური მხარდაჭერა არა აქვთ”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“უნიკალური აღმოჩნდა დასავლელი პარტნიორების ძალისხმევა, განსაკუთრებით ნოემბრის არჩევნების შემდეგ. არ მახსენდება სხვა მაგალითი იმისა, რომ ევროკავშირი ასე ჩარეულიყოს რომელიმე ქვეყნის შიდა პოლიტიკაში. მადლობის მეტი რა გვეთქმის, მაგრამ ზოგჯერ ეს შეიძლება ცოტა გამაღიზიანებელიც იყოს, მაგრამ ამას განაპირობებს სწორედ ჩვენი ხელისუფლებისა და ოპოზიციის არასწორი, ინფანტილური ქცევა. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერები აშშ-ში ვისაც შეხვდნენ, ყველას იმას უმტკიცებდნენ, “ქართულ ოცნებას” მხარდაჭერა არა აქვს, 43%-ს ვერ აიღებს და თუ არჩევნების შედეგად მაინც ასე გამოაცხადეს, ესე იგი გააყალბესო. სინამდვილეში დღეს “ქართული ოცნება” თუ წარმატებულია, ამას სწორედ ოპოზიციის უსუსურობა განაპირობებს. ცალკე აღებულ “ოცნებას” შეიძლება არც ჰქონდეს მხარდაჭერა, მაგრამ დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერის გათვალისწინებით მაინც ახერხებს ხელისუფლებაში დარჩენას. რიშის ნათქვამიც სწორედ ამაზე მიანიშნებს. ვერაფერს ვიტყვი იმაზე, აიღებს თუ არა “ქართული ოცნება” 43%-ს, მაგრამ ამის სათქმელად აშშ-ში ჩასვლა უფრო ოპოზიციას წარმოაჩენს არაადეკვატურად, ვიდრე ხელისუფლებას”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“მივრბივართ და ვჩივით შარლ მიშელთან, რომ თურმე “ქართული ოცნება” არღვევს შეთანხმებას. ცხადია, არღვევს, კელი დეგნანის განცხადებაც აშკარად აჩვენებს, რომ სასამართლოს საკითხში ხელისუფლება მართლაც არასწორად იქცევა, არ ითვალისწინებს პარტნიორების აზრს, მაგრამ აქაც არის ერთი საკითხი - მოსამართლეების დანიშვნის თემა ძირითადად პოლიტიკურ პროცესში ჩართულ პირებს აინტერესებთ, რიგითი სტატისტიკური ქართველისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ეს იცის “ქართულმა ოცნებამ” და ამიტომაც იქცევა ასე. კი, ოპოზიციამ ამაზე აქცენტები უნდა დასვას, მაგრამ ამასთან სხვა თემები აქვს წამოსაწევი, თან მასშტაბურად და არა ლოზუნგების დონეზე”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “სააკაშვილსა და გახარიას შორის ალიანსს შეიძლება ველოდოთ? საქართველოში არაერთი გამაოგნებელი პოლიტიკური ალიანსი გვინახავს...”, -პასუხობს:

 

“ნაკლებად რეალური მგონია, რომ სააკაშვილმა და გახარიამ კონფიდენციალური შეხვედრა დაგეგმეს და თანაც ერთ სასტუმროში გადაწყვიტეს ცხოვრება. როგორც ჩანს, ეს შემთხვევით მოხდა, მით უფრო, როგორც ქართველი პოლიტიკოსებისგან გავიგეთ, ამ სასტუმროს მდებარეობიდან გამომდინარე, მას საქართველოდან ჩასული პოლიტიკოსები თურმე ხშირად სტუმრობენ. მართალი ბრძანდებით, საქართველოში რა ალიანსები არ გვინახავს, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნების წინ გიორგი გახარიას ორ ძალასთან ალიანსს გამოვრიცხავ, “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობასთან”. რაც შეეხება დასავლეთის გახარიათი დაინტერესებას, ეს ცხადად ჩანს, მაგრამ უკვე ვთქვი და გავიმეორებ - მართალია ოპოზიციურ ძალებს დასავლელ პარტნიორებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ, მაგრამ მხარდაჭერა აქ, საქართველოში უნდა ეძებონ”.

 

“გამოკითხვები ცხადყოფს რომ პარტიებმა, რომლებიც გახარიას გამოჩენამდე იყვნენ პოლიტიკურ ასპარეზზე, მნიშვნელოვნად დაკარგეს მიზიდულობის ძალა. სურდათ თუ არა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ასე ვთქვათ, ერთ, “ნაციონალური მოძრაობის” ქვაბში მოიხარშა ყველა. პოლიტიკურ ველზე შემოსული გახარია კი ყურადღების ცენტრში მოექცა. მას იცნობდნენ როგორც პრემიერს, როგორც შს მინისტრს და ახლა აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ანგარიშგასაწევი ძალა, თუმცა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს არ მოხდეს. თუ გახარია მოახერხებს პროცესის სწორად წარმართვას, ნამდვილად იქცევა მესამე ძალად. დღეს გახარიას პარტიის რეიტინგის დიდი ნაწილი მაინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლის ხარჯზეა, თუმცა, ვფიქრობ, პატარა პარტიებსაც წაართვა უკვე ელექტორატის მცირე ნაწილი. უმნიშვნელოდ დააზარალა “ნაციონალური მოძრაობაც”, მაგრამ თუ მესამე ძალის ცენტრად იქცა, მაშინ შეიძლება “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ვეღარ დარჩეს გულგრილი გახარიას მიმართ”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 419 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.