აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მორიგი რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა?

უცხოური პრესა აგრძელებს მკითხველების ინფორმირებას საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკავშირდება.

რუსულ გაზეთ „იზვესტიაში“ (Известия) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შიმშილობა თბილისამდეც ჩაგიყვანს: რა დგას მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის უკან და შეძლებს თუ არა იგი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას“ (ავტორი - ეკატერინა პოსტნიკოვა).

 

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოში, კერძოდ - თბილისში 7-8 ნოემბერს მომხდარი ფაქტები ექს-პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილის ზიარება და აღსარება, მისი მომხრეების მიერ თავისუფლების მოედანზე გამართული მიტინგი, მისი გადაყვანა რუსთავიდან თბილისის (გლდანის) ციხის საავადმყოფოში, ადვოკატებისა და მკურნალი ექიმის, აგრეთვე ოპოზიციონერებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები და ა.შ. 

 

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა საპყრობილიდან მოსახლეობას „არჩევნების შემდგომი რევოლუციისა“ და მობილიზებისაკენ მოუწოდა. აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მორიგი რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა? - ასეთი კითხვაა დასმული პუბლიკაციაში.

 

„იზვესტიის“ კორესპონდენტის მიერ გამოკითხული ექსპერტების შეფასებით, ძალიან საეჭვოა, რომ ექს-პრეზიდენტს სახელმწიფო გადატრიალების შესაძლებლობა ჰქონდეს.

 

„იმ დროის განმავლობაში, როცა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იყო, მან სამშობლოში თავისი მომხრეების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. თანაც წასვლის წინ მას საკმაოდ მაღალი ანტირეიტინგი ჰქონდა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თავის სასარგებლოდ გამოიყენა, - ამბობს ვადიმ მუხანოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის (МГИМО) ევრაზიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, - უფრო მეტიც, ბევრი მიხეილ სააკაშვილს აღარ ენდობა, მისი მომხრეები, ცნობილი პოლიტიკოსები (ექს-მინისტრები) ყოფილ პრეზიდენტს განუდგნენ და ახლა სხვა პარტიის რიგებში იმყოფებიან. მიხეილ სააკაშვილმა სამშობლოში ჩასვლა იმ დროს გადაწყვიტა, როცა დაინახა, თუ როგორ მცირდება მისი პარტიის პოლიტიკური კაპიტალი. სხვათა შორის, მან მეტ-ნაკლებად მოახერხა „ერთიანი ნაცმოძრაობისათვის“ დამატებითი ხმების მობილიზება“.

 

როგორც ვადიმ მუხანოვი თვლის, ეს იყო სუფთა ტაქტიკური ნაბიჯი, რომელმაც მხოლოდ მუნიციპალური არჩევნების დროს „იმუშავა“. დღეისათვის მიხეილ სააკაშვილის რესურსები საქართველოში უკიდურესად შეზღუდულია, მას მოკავშირეებიც ცოტა ჰყავს, ვიდრე 2013-ში, საზღვარგარეთ წასვლის წინ... თანაც იგი უკვე საკმაოდ „შეიფერთხა“ პოსტსაბჭოთა სივრცეში. ამიტომ რაიმე კარდინალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ცვლილებები რეალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ქართული ოპოზიცია რომელიმე ახალი ფიგურის ირგვლივ გაერთიანდება.

 

„მიხეილ სააკაშვილი, კანონის თანახმად, ექვსი წელი უნდა იყოს საპყრობილეში, - აღნიშნავს „იზვესტიასთან“ საუბარში „საქინფორმის“ მთ. რედაქტორი არნო ხიდირბეგაშვილი, - როგორ ყოველთვის, ამ დროს რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, კერძოდ, დასავლეთის მხარდაჭერა და პატრიარქის განცხადება, რომელმაც შიმშილობის შეწყვეტისაკენ მოუწოდა. ექს-პრეზიდენტის საპყრობილეში ყოფნა მისი პარტიისათვის მომგებიანი იქნება, სამომავლო არჩევნებისათვის“. 

 

პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია „იზვესტიის“ ცნობა“ (Справка «Известий»), რომელშიც ჩამოთვლილია მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიისა და პოლიტიკური საქმიანობის ძირითადი მომენტები - როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში.

 

წყარო

წაკითხვა 641 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.