"ეროვნული თანხმობის პროცესის დასაწყისი არ არის პარტიების შერიგება"

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა და ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივის შესახებ ისაუბრა, რომლის განხორციელებაშიც პრეზიდენტის განცხადებით, სამოქალაქო სექტორს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აქვს.

„სამოქალაქო და იურიდიული სექტორი ნამდვილად ის საფუძველია, რომელზეც შენდება ეროვნული თანხმობა. ეს პროცესი არ არის ადამიანების ერთმანეთთან შერიგების პროცესი, რაც მორალური კატეგორიაა.

 

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას სივრცე, სადაც შევძლებთ ერთმანეთთან საუბრის დაწყებას იმ თემებზე, რის გამოც ქვეყანა დაყოფილია, რის გამოც ვართ დაპირისპირებულნი და გადამტერებულნი. ვერ ვპოულობთ ჩვენში ძალას, რომ დავსხდეთ ერთად და განვიხილოთ ის მთავარი საკითხები, რომელიც ვიცით, რომ აუცილებელია ამ ქვეყნის განვითარებისა და მისი მომავლისათვის, ეს იქნება ეკონომიკური, სოციალური და მართლმსაჯულების თემები. ეს ძალა რომ ვიპოვოთ, საჭიროა, შევძლოთ ჩვენ წარსულის ერთიან შეფასებაზე შეთანხმება. დღეს ჩვენი ახლო წარსული ბუნდოვანია ან თვით ეს წარსულია გახლეჩილი.

 

ამ პროცესის დასაწყისი არ არის პოლიტიკური პარტიების შერიგება. მე არ მაქვს არც ბერკეტი, არც ძალა, რომ დღეს შევარიგო ესოდენ დაპირისპირებული ძალები. იყო მცდელობა თუნდაც ევროკავშირის ხელით, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ასეთი საწყისი შეთანხმება შემდგარიყო.  მე მგონი, შეიძლებოდა, რომ ეს აღსრულებულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. არ ვაპირებ ამის ჩემი ძალებით გამეორებას და ხელახლა დაწყებას, რადგან მიმაჩნია, რომ ამის ძალა და რესურსი არ გამაჩნია.

 

წინასაახალწლო ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის ის არის, რომ ყველამ,  ვინც ამ სასახლეში მოვიდა, შევძელით სასაუბროდ დაჯდომა. ეს იმას ნიშნავს, რომ – ყველას ყველასთან საუბარი შეგვიძლია. არ არის გამონაკლისი თუ არის ამის ნება არსებობს.

 

ცხადია, კრიტიკა შედის ამ საუბარში, ამ საუბრის შემდეგაც მისი შეფასების უფლებაც ყველას აქვს, მაგრამ ჩვენ ამ პერიოდში ეს რაღაც ცივილური ფორმით შევძელით და იმედი მაქვს, ამას გავაგრძელებთ. ეს უნდა გაგრძელდეს საზოგადოების ფორმატში და მომავალ დღეებში ამ ფორმატს ჩამოვაყალიბებთ, რათა მომავალი წლისთვის მზად ვიყოთ ახალი ფორმატის შესათავაზებლად და ამ პროცესში, ცხადია, თქვენ გექნებათ ძალიან მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

წაკითხვა 345 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.