"ბევრჯერ მითქვამს, რომ ომი მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა"

ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, ვინ არის პასუხისმგებელი ომზე. მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო მედიის ბიუროების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა „ფრანს პრესის“ შეკითხვას: „თქვენს ციტატას გაგახსენებთ, 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა. თქვენ ბრძანეთ, რომ რუსეთის და საქართველოს ლიდერები ამ სფეროში არიან ერთად, რუსეთი არის პროვოკატორი და საქართველო ზედმეტად რეაგირებს. საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად არის პასუხისმგებელი ამ ხალხზე, იმ სამხედრო აგრესიის გამო, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. თან რუსეთს მისცა შესაძლებლობა, რომ შემოსულიყო და აფხაზეთის და სახრეთ ოსეთის ტერიტორიები ეღიარებინა დამოუკიდებლად. როგორ ფიქრობთ, ახლა რუსეთს სჭირდება საფუძველი ან მიზეზი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეღწევისთვის?“.

 

ზურაბიშვილის თქმით, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი, თუმცა მისი წუხილი ეხება იმას, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, როდესაც პროვოკაცია იწყება.

 

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ვლადიმირ ზელენსკი ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რათა არ წამოეგოს პროვოკაციებს და მისი ქმედებები გაკვეთილად მიიღეს.

 

„უპირველეს ყოვლისა, თქვენი ციტატა არის ფრაგმენტი. მე ბევრჯერ მითქვამს ვრცლად და ეს შიდა დისკუსია იყო. ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, ბევრჯერ ძალიან ნათლად მითქვამს, 2008 წლიდან მოყოლებული, მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა, რუსეთმა გადმოაბიჯა, საქართველოს არ გადაუბიჯებია იმ მხარეს. ანუ, ყველა კონფლიქტისთვის რუსეთი არის დასადანაშაულებელი. ჩემი წუხილი სხვა რაღაცას ეხება. ამ შეხვედრაზე, მინდა, ვთქვა, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება.

 

ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა…მე იქ ვიყავი, როდესაც ჩამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ არ წამოეგოთ პროვოკაციებსო. ჩვენ გაკვეთილად მივიღეთ ის, რაც უკვე ვიხილეთ ზელენსკის ქმედებებიდან. ძალიან ფრთხილად დგამს ნაბიჯებს, რომ არ წამოეგოს პროვოკაციებს. ძალიან ცუდია, რუსეთი ასეთია, მაგრამ მე იმის თქმა მინდა, რომ, და ეს არ არის ამ შეხვედრის ფორმატი, პოლიტიკური დისკუსიები გულისხმობს მთავრობის მიერ პროვოკაციის თავიდან აცილებას მაქსიმალური დოზით, მიუხედავად იმისა, ეს წარმატებული იქნება, თუ – არა. ყველა უნდა ეცადოს და ეს იყო ჩემი საუბრის და ციტატის სულისკვეთება. საინტერესო ის გახლავთ, რომ კიდევ ერთი რამ არის, რაც ზელენსკიმ გააკეთა, თუ გვინდა, რომ ისტორიის რაკურსებში შევიდეთ. არამგონია, აქ ჯეროვანი იყოს, მაგრამ მოახდინა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია, სრული მობილიზაცია, ვიდრე რამე მოხდებოდა და საქართველოს შემთხვევაში, უსაფრთხოების საბჭო რუსეთმა მოიწვია  იმის წინ, ვიდრე საქართველო მოიწვევდა 2008 წელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ამასთან, „ბლუმბერგის“ ჟურნალისტის კითხვაზე: „თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველომ ზედმეტად მოახდინა რეაგირება, როგორ ფიქრობთ, ზელენსკის რომ მოეხდინა რეაგირება, იგივე პასუხს მიიღებდა რუსეთიდან? რაიმე შეიცვლებოდა?“, – ზურაბიშვილი პასუხობს, რომ არ სურს, რაიმე ჰიპოთეტური მოსაზრებები გამოთქვას. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო ჩვენს შემთხვევაში“.

 

„მე არ მინდა, რაიმე ჰიპოთეტური მოსაზრებები, ვარაუდები გამოვთქვა. ეს არ არის ჩემი როლი და ფუნქცია. ზელენსკიმ ყველაფერი სცადა, მაგრამ რუსეთის რეაქცია უფრო მეტი იყო ჩვენს შემთხვევაში იმიტომ, რომ ჩვენ პირდაპირ აღიარების შედეგი გვქონდა. მე დღეს რაც მესმის, ეს საფრთხეები, ვითომდა ეს აღიარებული რეგიონები, გულისხმობს იმ ტერიტორიებს, რომლებიც უკრაინამ ხანგრძლივი კონფლიქტის შედეგად მიიღო. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

წაკითხვა 360 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.