გეოპოლიტიკური კატასტროფა - ადამიანთა მასობრივი გადაადგილება დაიწყო
“ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში ომი სხვადასხვა ინტენსივობით კიდევ რამდენიმე კვირას მაინც გაგრძელდება. ორი კვირის თავზე საომარ მოქმედებებს გლობალური მასშტაბით მოჰყვა ის შედეგი, რომ ევროპაში ლტოლვილთა მასშტაბური კრიზისი დაიწყო. კრიზისის დაწყების ნიშნები უკვე იკვეთება ეკონომიკური კუთხითაც. ექსპერტების აზრით, მიმდინარე პროცესების ჯერჯერობით სარკისებური ასახვა საქართველოში არაა, თუმცა, ფაქტია, რომ დაპანიკებულმა მოსახლეობის ნაწილმა სხვადასხვა პროდუქტის დაგროვება დაიწყო, ამან კი ზოგიერთი მაღაზიის თაროებიდან პირველადი მოხმარების პროდუქტები გააქრო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გეოპოლიტიკური კატასტროფა - ადამიანთა მასობრივი გადაადგილება დაიწყო.
“ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთზე გაზისა და ნავთობის შეძენის შეწყვეტის ფაქტორმა იმოქმედოს, თუმცა, ომი სხვადასხვა ინტენსივობით მაინც შეიძლება გაგრძელდეს. “მიუხედავად იმისა, რომ მხარეები მოლაპარაკებების რაღაც ფორმატის შექმნას ცდილობენ, ვთვლი, რომ ომი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება. არსებული მოლაპარაკებების ფორმატი სერიოზული არაა, რადგან განსაკუთრებით რუსეთის მხრიდან არასერიოზული დელეგაციაა. რომ გითხრათ უკრაინის მხრიდანაც ისეთი დელეგაციაა, რომ დედა ეს რა ვნახეო, არც ასე არაა. „მნიშვნელოვანია ლავროვისა და კულებას ანტალიაში სავარაუდო შეხვედრა. როგორც ჩანს დასავლეთი ერთის მხრივ უკრაინას ეხმარება, მეორეს მხრივ ზეწოლასაც ახორციელებს ზელენსკიზე, რომ მან რაღაც მოლაპარაკებების ფორმატი შექმნას და რაღაცა დათმოს”, - ამბობს არეშიძე, რომლის აზრით, “დასავლეთში აბსოლუტურად უსაფუძვლოდ თვლიან, რომ თუ ზელნსკი რამეს დათმობს, დათმობს რუსეთიც”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეჭვი მეპარება, რომ პუტინის ხელისუფლებამ რამე დათმოს. შესაძლოა რუსებზე ერთადერთმა ფაქტორმა იმოქმედოს, ესაა ენერგომატარებლების შესყიდვის შეზღუდვა, მაგრამ, ომი სხვადასხვა ინტენსივობით ყველა ვარიანტში მაინც გაგრძელდება. პუტინისთვის კიევის დაკავება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, თან ნაკლები ნგრევების ხარჯზე, მაგრამ უკრაინელებს ისეთი ტიპის ზღუდეები აქვთ აშენებული, რომ ნგრევების გარეშე ეს არ გამოვა. პუტინს რუსეთის მიოსახლეობისთვის კიევის დანგრევის ახსნა უჭირს და მათ პროპაგანდისტულ არხებს რომ დავაკვირდეთ, იგრძნობა, რომ ამას თავს არიდებენ. თუმცა, დასავლეთის ზე ამოცანას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებას გულისხმობს, მაშინ როგორც ჩანს რუსეთი კიევის დანგრევასაც არ მოერიდება. ერთის მხრივ უნდათ, რომ ეს ომი სწრაფად დამთავრდეს, მეორეს მხრივ უაღრესად დასუსტებული რუსეთი უნდათ, რომელიც დასავლეთის მიმართ ლოიალურად იქნება განწყობილი და ჩინეთთან დაპირისპირების საქმეშიც სავარაუდო მოკავშირე იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.
“საქართველოს რაც შეეხება, აქ ეკონომიკური ფაქტორები მუშაობს. ჩვენ გვინდა თუ არა გარკვეულწილად რუსეთის ეკონომიკაზე ვართ მიბმულები. ამაში დამნაშავე მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებები არაა. დასავლეთის შემრიგებლურმა პოლიტიკამ და იმის თქმამ, რომ რუსეთთთან საერთო ენა გამონახეთ და ეკონომიკური კავშირები შექმენითო, (ეს ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი) დღეს კი გვსაყვედურობენ, ასევე ზოგიერთი ქართველი ჩინოვნიკისა და ბიზნესმენის უქნარობამ გამოიწვია ის, რომ რუსეთის ეკონომიკაზე სერიოზულად ვართ მიბმულები. ამიტომაც რუსეთში რა კატაკლიზმაც ხდება, ის ჩვენზეც მოქმედებს. რეგიონიც ასეთია, გვერდით გვყავს ინფლაციაში ჩაძირული თურქეთი, აქ რუსეთი არაფერ შუიაშია, ეს მისი ამბიციური სამხედრო პოლიტიკური სურვილების ბრალია. ასევე ომით გათანგული სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლის ვექტორი ბუნდოვანია. მოკლედ, არის რეგიონალური ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის კონტექსტშია”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საქართველოში უკრაინელი ლტოლვილებიც არიან და საკმაოდ ბევრნიც, უამრავმა ჩემმა ახლობელმა მიიღო. მათ ასევე ბელარუსიდანაც მიიღეს ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდო ჯარში გაწვევას აქ თავს აფარებენ. ლუკაშენკოს რეჟიმს გამოქცეული ისედაც 5 ათასი ბელარუსი იყო გამოქცეული, ამას ერთი იმდენი დაემატა, პლუს უკრაინელები და რუსები. რუს შემომსვლელებს შორის ბევრი კავკასიელია, რომელმაც უბრალოდ საზღვარი გადალახა და მერე სადღაც წავიდნენ. ჩვენ ახლა გეოპოლიტიკური კატასტროფის მოწმენი ვართ და ამ კონტექსტში ადამიანების გადაადგილება უკეთესი ადგილის საპოვნელად ხდება ხოლმე, ეს ელემენტარულია. იმის თაობაზე საუბარი, რომ რუსები შემოვიდნენ და მაღაზიებში პროდუქტის გაქრობა და ლარის კურსის განსაკუთრებული ცვლილება გამოიწვიეს, ეს სწორი არაა, ჯერ ერთი ხელისუფლება კეთილი უნდა ენება, ყველაფერი უნდა გაეთვალა და ლარის კურსზე ეზრუნა”, - განმარტავს არეშიძე.
“შესაძლოა ამ ნაკადმა ლარის კურსის ვარდნას რაღაცნაირად ხელი შეუწყო, რადგან დიდძალი ვალუტა შეიძინეს, მაგრამ, მეორეს მხრივ სერიოზული სახელმწიფოსთვის ეს ნაკადი ისეთი არაა, რომ ყველაფერი დაანგრიოს. მოცემულობა ასეთია, რომ ეკონომიკურად სერიოზული დარტყმების რეჟიმში ვართ, ფინანსურადაც ასეთი. პლიუს გაქვს გაუცხოვების ფაქტორიც. ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისთვის რუსული პასპორტებით შემოსული ადამიანები მიუღებლები არიან. ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური ფონი იყო, პლუს სუსტი ეკონომიკა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც უკეთესი მდგომარეობა არაა. მიუხედავად მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და იმ უზარმაზარი ნაპრალისა, რომელიც საზოგადოებასა და პოლიტიკაში არსებობს, საზოგადოებას მინდა ვურჩიო, რომ დამშვიდდნეს და გონს მოვიდნენ, რადგან ასეთი ანტაგონიზი არ შეიძლება არც ერთმანეთის და არც მათ მიმართ ვინც აქ ჩამოვიდნენ”, - დაასკვნის არეშიძე.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ შესაძლოა ომი ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ამასთანავე რუსეთზე ზეწოლაც სანქციების თვალსაზრისით გაგრძელდება, რაც ახალ-ახალი ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს წარმოშობს. “ჩემი აზრით შესაძლოა ომი ერთ თვეზე მეტხანსაც გაგრძელდეს, რადგან უკვე ორი კვირაა უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და არცერთი მიმართულებით რუსეთს ჯერჯერობით სერიოზული წარმატებისთვის ვერ მიუღწევია. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ომს გააგრძერლებს. ამასთანავე, რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა და მსოფლიო ეკონომიკიდან მისი იზოლირება გაგრძელდება. მეორეს მხრივ გაგრძელდება უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდებაც, რაც უკრაინულ ჯარებს უფრო ბრძოლისუნარიანს გახდის”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “ასევე ისინი რუსეთთან ბრძოლის გარკვეულწილად წარმატებულად გამოცდილებას იღებენ”, - დასძენს გამოცემა.
“ასე რომ, ეს დაპირისპირება საკმაოდ ხალნგრძლივი შეიძლება აღმოჩნდეს. ომის თითოეული დღე ადამიანების დანაკარგთანაა დაკავშირებული, ამას კი ახალ-ახალი ეკონომიკურ და სოციალური პრობლემები ემატება. მიმდინარე პროცესებზე ჯერჯერობით სარკისებური ასახვა საქართველოში არაა, მაგრამ უკვე იგრძნობა ის, რომ თუნდაც ლარის კურსი დაეცა. კი ბატონო, შესაძლოა ეს აჟიოტაჟის გამო იყოს, მაგრამ ჩემი აზრით დოლარი სამ ლარს ვერ დაუბრუნდება. ჩვენთან უფრო ეკონომიკური კრიზისები წარმოიშობა. უკრაინაში რუსეთის წარმატებული სვლა რომ ყოფილიყო, რეალური იქნებოდა ის, რომ რუსეთს ჩვენთანაც იგივე ულტიმატუმები წამოეყენებინა, მაგრამ ამ ეტაპზე არა მგონია, რომ რუსეთს ამ მიმართულებით ჩვენთვის ეცალოს. ამასთანავე რუსეთიდან ლტოლვილთა ნაკადი გაიზრდება, ოღონდ ხელისუფლემაბ ამის კონტროლირება აუცილებლად უნდა მოახდინოს. ამასთანავე, ალბათ გართულდება სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, ეს პირდაპირ იქნება მიბმული იმაზე, რომ რუბლის კონვერტაცია ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება იმ მარაგების გამო, რაც რუსეთს აქვს, რუსეთს კი ძალიან ცოტა მარაგი დარჩა იმისთვის, რომ რუბლის კურსი როგორმე დაიჭიროს, მით უმეტეს ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებიც კი გაუყინეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“უფრო ეკონომიკურ პრობლემებს ველოდები, ოღონდ ცოტა მოგვიანებით, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება. ჩავთვალოთ, რომ უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობები თითქმის განულებულია. საომარ ვითარებაში ნაკლებადაა სავარაუდო, რომ ეს სწრაფად აღდგეს. მძიმე ვითარებაა რუსეთთანაც, მათთან ვაჭრობაში ალბათ უფრო ბარტერის ვარიანტი იქნება, ვიდრე ცივილური სავაჭრო ურთიერთობები. ოღონდ ეს ეკონომიკური ურთიერთობები დასავლელ პარტნიორებთან და კოალიციასთან სრული კოორდინაციით და მათი თანხმობის პირობებში უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გაცილებით მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ”, - დასძენს ძაბირაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო