რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტსცენაზე და ვინ შეიძლება მიიღოს “მესამე ძალის” სტატუსი
"2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ სპექტრში გარკვეული გადაჯგუფებები უკვე დაიწყო. წინასწარი შეფასებით კი ჯერჯერობით 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ ენმ-სა და “ოცნებას” აქვს. “ლელო” გეგმავს, რომ ე.წ “მესამე ძალა” გახდეს.
“სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “დროა” ერთიანი სიის ფორმირების საკითხს განიხილავს. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია კი ხანგრძლივი ჩრდილში ყოფნის შემდეგ მწვავე განცხადებებით გამოჩნდა და აშშ-ში სამუშაო შეხვედრაც გამართა. “ნაცმოძრაობა” არავისთან გაერთიანებას აღარ აპირებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა ცვლილებებია მოსალოდნელი პოლიტსცენაზე და ვინ შეიძლება მიიღოს “მესამე ძალის” სტატუსი.
“სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი” და “დროა” ერთიანი სიის საკითხზე საუბრობს, რომელიც ამომრჩევლის ნების მიხედვით უნდა დაკომპლექტდეს, კერძოდ, სიაში ადამიანების რიგითობა, შესაძლოა, პრაიმერის გზით განისაზღვროს. როგორც”სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატი პაატა მანჯგალაძე აღნიშნავს, სიის ფორმირების საკითხი განიხილება. ხოლო, მათი მთავარი ამოცანაა საქართველოს ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად გარშემო ადამიანები შემოიკრიბონ. “პრაიმერის მექანიზმი იქნება, სანდო სოციოლოგია, თუ შიდა კენჭისყრა, ეს იქნება დემოკრატიულ მექანიზმზე აწყობილი. საუბარია ყველაზე დემოკრატიულ მექანიზმზე, რომ ევროპაში და ამერიკაში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად, ჩატარდეს შიდა არჩევნები მხარდამჭერებში და არჩევნებმა განსაზღვროს სიაში ადამიანების რიგითობა... მაგრამ სია არ არის პრიორიტეტი, მთავარი საკითხი არის გაერთიანება იდეების, პრინციპების და საერთო გადაწყვეტილებების გარშემო”, - განაცხადა მანჯგალაძემ. “ლელოს” დეპუტატი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველი ელოდება ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” და საზოგადოებისთვის სწორედ ასეთი ალტერნატივის შესთავაზებას გეგმავს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ლელოს” დღის წესრიგია პარტიული გაძლიერება და მხარდამჭერების გაზრდა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ალტერნატივას ელოდება დღეს დიდი რაოდენობით ჩვენი თანამოქალაქე, იმ ალტერნატივას, რომელიც არ იქნება არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა”. “ლელო” გეგმავს, რომ მსგავსი ალტერნატივა შესთავაზოს ამომრჩეველს”, - განაცხადა სამადაშვილმა. თავის მხრივ, პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. პარტიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარიამ შეხვედრები გამართა, როგორც ოფიციალურ პირებთან, ისე ანალიტიკური და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან. მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის გამოწვევებს და საგარეო საფრთხეებს.გახარიამ სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა რამდენიმე მწვავე პოსტი, სადაც ოლიგარქიაზე იყო საუბარი, რამაც საკმაოდ მწვავე რეაქცია გამოიქვია როგორც მმართველ გუნდში ისე მთელს პოლიტიკურ სპექტრში. ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, მიუხედავად ბოლო დროს მიმდინარე პროცესებისა 2024 წლის არჩევნების პროგნოზი რთულია, რადგან საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, მოვლენები კი შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს”, - დასძენს გამოცემა.
“2024 წლამდე საკმაოდ დიდი დროა, ამიტომ ჯერ ძნელია იმის პროგნოზი იმ დროისთვის კონფიგურაცია როგორი იქნება. რაღაც პროცესი დაწყებულია, მთლად პროცესიც არა, უფრო რაღაც პროცესისმაგვარი. ჯერ კიდევ გასარკვევია პოლიტიკური სპექტრი საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება. ეს ყველაფერი მხოლოდ განცხადებების დონეზე ხდება, საჭიროა არა განცხადებები, არამედ რეალური მოქმედებები. უნდა დავიცადოთ და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჯერჯერობით 5%-ანი ბარიერის დაძლევის გარანტირებული შანსი მხოლოდ “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო