სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა?
“პატიმრობიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტონი ხელისუფლების მიმართ თითქოს რბილდება - “ემპათიის” სამედიცინო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც არაორაზროვნად არის საუბარი მოწამლვაზე, მიშა აცხადებს, რომ თუ მართლა მოწამლეს, ეს საქართველოს მთავრობამ კი არა, გარე მტრულმა ძალამ გააკეთა, ანუ რუსეთმა, თუმცა ამ უკანასკნელს არ ასახელებს.
მეტიც, ის თანაპარტიელებს მოუწოდებს შეწყვიტონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება პოლიტიკურ კონტექსტში, რაც ასევე უჩვეულოა ექსპრეზიდენტისთვის. ხომ არ მიანიშნებს ეს იმას, რომ შედგა გარკვეული გარიგება მთავრობასთან სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გაშვებაზე? ამ გარიგებას არ გამორიცხავს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე, რომელიც ამბობს, რომ „ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილის თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. თუკი ამას გააკეთებს, ახსნის იმით, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ხელისუფლებამ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სააკაშვილსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა? - ექსპრეზიდენტის შერბილებული ტონი შეიძლება მიანიშნებდეს, რომ სამკურნალოდ ევროპაში უშვებენ.
“იძლევა თუ არა ცენტრ “ემპათიას” დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იმის საფუძველს რომ მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანა მოხდეს? როგორც დასკვნაშია აღნიშნული, აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ტოქსიკური აგენტების, მათ შორის, ქიმიური შენაერთებსა და რადიოაქტიურ ნივთიერებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ორგანიზაციის ცნობით, ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. დასკვნში ასევე წერია, რომ შესაძლოა მესამე პრეზიდენტი მოწამლული იყოს. თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულება შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით სრულიად სხვაგვარია. ის აცხადებს, რომ თუკი მართლა მოწამლეს, ეს უცხო ქვეყნის გაკეთებულია. ის პირდაპირ რუსეთს არ ასახელებს, თუმცა განცხადების კონტექსტი წარმოდგენაში სწორედ მას ატივტივებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სააკაშვილმა წერილის სახით გაავრცელა, რომელიც საზოგადოებას მისმა დედამ გიული ალასანიამ გააცნო. მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. გიული ალასანია ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მინდა, გავაკეთო განცხადება, ძალიან მკაფიო და ნათელი ყველასთვის - ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში - თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ეს ტესტები გაკეთდა ამერიკაში, კალიფორნიაში, საუკეთესო ლაბორატორიაში, ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას, ამ საკითხს არავითარ ზერელედ არ მოეკიდებოდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისა და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ... ჩემი შვილი არ აპირებს, გააგრძელოს რაიმე საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე. იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას, ჩემი შვილისა და ოჯახის ღირსებას”, - განაცხადა გიული ალასანიამ. პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ “ემპათიას” დასკვნის შეფასებისას განაცხადა, რომ მათ ისეთი დიაგნოზიც ვერ დასვეს, რომელიც საზოგადოებას აზრს მაინც შეუცვლიდა”, - განაგრძობს გამოცემა.
“მე თუ ვიცი, რომ მოცემულობა, რაც დაწერეს, რაშიც ჩვენ ვერკვევით სამედიცინო პერსონალის გარეშე, რომ ტყუილია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ დანარჩენიც ტყუილია, მიუხედავად იმისა, რომ დიაგნოზი საერთოდ არ წერია. სასამართლოს გადასაწყვეტია თუ ჩაჯდება კრიტერიუმებში ეს ყველაფერი, რაც გათავისუფლების საფუძველია სამართლებრივად. მაგრამ ასეთი კი არა, უბრალოდ პიარული დიაგნოზიც კი ვერ დაწერეს, რომელიც საზოგადოებას აზრს შეუცვლიდა,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ სააკაშვილის დამოკიდებულება აქციებთან და მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით სწორია, რადგანაც ის კარგად მიხვდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ზოგიერთი წევრი მისი ჯანმრთელობის თემას კონკრეტული პოლიტიკური ქულების დაწერისთვის იყენებს. შესაბამისად, ხვდება, რომ მისი ჯანმრთელობა პოლიტიკას რაც უფრო დაუკავშირდება, ხელისუფლება მის გათავისუფლებას ან სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაყვანას გააჭიანურებს”, - დასძენს გამოცემა.
“სააკაშვილმა ერთი წელია კარგად დაინახა, რომ საკუთარმა პარტიის წევრებმა მოატყუეს და ქვეყანაში ცრუ იმედებით ჩამოიყვანეს. მიხვდა, რომ “ნაციონალები” მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას პოლიტიკური ქულების დასაწერად იყენებენ, პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირება ამიტომაც უნდა. ახლა პარტიაში წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყო და სააკაშვილის თემის გამოყენება წაადგება არა სააკაშვილს, არამედ თავად ამ კანდიდატებს. ამას სააკაშვილი მიხვდა და ლევან ხაბეიშვილს ამიტომაც მოუწოდა, ახლა აქციების დრო არ არისო. ნიკა მელიამაც ჩაატარა აქციები, მაგრამ ამით არაფერი მომხდარა. ჩატარდა ბევრი აქცია, სადაც 100 კაციც კი არ შეიკრიბა. ეს კი უარესია, რადგანაც უფრო რწმუნდება იმაში, რომ მის გამო ქუჩაში გამოსვლას მისივე ამომრჩეველი არ აპირებს. მით უმეტეს ამით ხელისუფლების პოზიცია შეიძლება შეიცვალოს. “ოცნებას” არ უნდა სააკაშვილის სამკურნალოდ გაშვება ან შეწყალება ისე შეიფუთოს, თითქოს “ნაციონალების” ან რომელიმე კონკრეტული ლიდერის ზეწოლის შედეგი. ამიტომ, რაც უფრო იხმაურებენ, სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას ხელისუფლება მით უფრო გააჭიანურებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ხაბეიშვილმაც კარგად იცის, რომ ერთი აქციით სააკაშვილს არავინ გამოუშვებს. მით უმეტეს ამ აქციაზე ათი ათასაობით ადამიანი არ მივა. ამიტომ სააკაშვილი სწორად უთვლის, რომ არ უნდა მისი სახელი მისივე პარტიისთვის პოლიტიკური მანიპულაციების საშუალება იყოს... ვფიქრობ, ხელისუფლება საზოგადოებაში ნიადაგს ამზადებს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან სამკურნალოდ გაყვანა მოხდეს, პროცესები ზუსტად ამისკენ მიდის. იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგვაძის განცხადება, რომ სააკაშვილმა სასჯელი ქვეყანაში უნდა მოიხადოს და პრივილეგირებული არ უნდა იყოს, არაფერს ნიშნავს. ზუსტად მასე ამბობდნენ ვენეციის კომისიაზე დეოლიგარქიზაციის კანონის გაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ პოზიციები როგორც კი დასჭირდათ შეიცვალეს”, - განმარტავს რესპონდენტი.
“არ არის გამორიცხული, რომ ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილს შორის კომუნიკაცია ხდებოდეს და გარიგებას ცდილობდნენ. საქმე კი იმაშია, რომ ხელისუფლებას შეუძლია სააკაშვილის თუნდაც საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვება სათავისოდ, პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენოს. თუკი ამას გააკეთებს, ახსნის იმით, რომ გადაწყვეტილება სასამართლომ მიიღო და არა ხელისუფლებამ. გამოდის, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და არა ხელისუფლებისგან მართული. ამით დასავლეთის თვალშიც ქულებს დაიწერს და სააკაშვილის პრობლემასაც თავიდან მოიშორებს. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ხელისუფლება და არც სხვა ვინმე არ არის იმაში დარწმუნებული, რომ გამოჯანმრთელებული სააკაშვილი ქვეყნის პოლიტიკურ საქმეებში ჩარევას აღარ გადაწყვეტს. ხელისუფლებამ ეს კარგად იცის, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ამის დასაზღვევად კიდევ რაღაცეები შემოინახონ. ასე რომ, არ მივიჩნევ ხელისუფლებისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება რამე კატასტროფის მომტანი იყოს“, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო