“სისულელეა იმის თქმა, თითქოს პუტინი საქართველოსთვის ვერ მოიცლის...”

“სამწუხაროდ, მართლაც არაფერია ახალი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კიდევ კარგა ხანს არ იქნება. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, როგორც მახსოვს, წინა ინტერვიუსას გითხარით, რომ ეს საკითხი უფრო გამწვავდებოდა, რაც ასეც მოხდა.

ვხედავთ, რამდენად გაიზარდა ზეწოლა დასავლეთიდან, რაც, ჩემი აზრით, ორმაგი მიდგომის შთაბეჭდილებასაც ტოვებს, რადგან არავინ ახსენებს იმას, თუ როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში - ის შემოიპარა კანონის დარღვევით. რომელი დასავლელი ქვეყნის იურიდიული სისტემა აპატიებს ამას ვინმეს? თუმცა უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებაც უთავოდ და არასწორად იქცევა. წესით, დასავლელ პარტნიორებს უნდა პასუხობდნენ ასე - ეს მთავრობის საქმე არ არის და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოსო, მაგრამ ამის თქმის უფლებაც არა აქვთ, რადგან თავის დროზე სასამართლო სისტემის რეფორმა არ გატარებულა, არ გაწმენდილა იმგვარი ოდიოზური ფიგურებისგან, რომ განაჩენები ეჭვს არ იწვევდეს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სისულელეა იმის თქმა, თითქოს პუტინი საქართველოსთვის ვერ მოიცლის...”

 

“რაც შეეხება პოლონეთის სეიმის რეზოლუციას, მე ვესწრებოდი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ამ ქვეყანაში და ვიცი, იქ როგორ უყვართ სააკაშვილი. ამიტომაც ეს რეზოლუცია არ მიკვირს. ნორმალურ ქვეყანაში ვინ რა რეზოლუციას მიიღებს ან რას იტყვის, ეს კი არ უნდა წყვეტდეს საქმეს, არამედ სასამართლო. წესით, სასამართლოს ვერდიქტისა და პრეზიდენტის შეწყალების გარდა, სხვა იურიდიული ბერკეტი არც არსებობს მისი გათავისუფლებისთვის... მახსენდება, ოსიპ მანდელშტამის ცნობილი ლექსი, რის გამოც ის გააციმბირეს და რომელშიც ამბობს, ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც ვერ ვგრძნობთო. ზუსტად იგივე ხდება საქართველოში, ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვერ ვგრძნობთ. სამაგიეროდ, ვგრძნობთ კლანებსა და პოლიტიკურ-ფინანსურ ინტერესებს. ჩვენში არავინ იცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - არც “ქართული ოცნება”, არც ოპოზიცია და არც სხვა ვინმე. თუ მთავრობას აკრიტიკებ, ეგრევე ოპოზიციონერის იარლიყს მოგაკრავენ, თუ “ნაციონალურ მოძრაობას” შენიშვნა მიეცი, ეგრევე “ქოცი” ხარ. აი, ასეთ სამარცხვინო ჩიხშია მოქცეული პროცესი. არადა, პოლიტიკურად აქტიური ჩვენი საზოგადოების 1% თუ იქნება, დანარჩენი ქვეყანა სხვაგან ცხოვრობს, სხვა ინტერესებითა და პრობლემებით”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

 

“რამდენი მთავრობა და ადმინისტრაცია გამოვიცვალეთ და არც ერთს არ ჰქონია ქვეყნის განვითარების სტრატეგიული გეგმა. მხოლოდ საკუთარი მანდატის გახანგრძლივების გეგმები აქვთ ხოლმე. ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება მოგწონდეთ და შეიძლება არა, იყო ედუარდ შევარდნაძე, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივის დანახვა შეეძლო და სტრატეგიული გეგმებიც ჰქონდა. მას ჰქონდა საქვეყნოდ მნიშვნელოვანი მიზნები და ეძებდა მათ მისაღწევად გზებს. მის სახელს უკავშირდება კონსტიტუციის მიღება, ლარის შემოღება, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი და ა.შ. საქართველოს სახელმწიფოს მან ჩაუყარა საფუძველი, ის რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ახლა აქ არ ვიქნებოდით. მას შემდეგ რაც კეთდება, კეთდება პოლიტიკური და საკუთარი ჯიბის ინტერესების გათვალისწინებით. გარდა ამისა, ნახეთ, როგორი შეზღუდული აზროვნება და მენტალიტეტი აქვთ ჩვენს ძირითად პოლიტიკურ აქტორებს, ნებისმიერ მხარეს. გამაოგნებელიც კია, რომ მათ რაღაც რეიტინგი აქვთ. ფართოდ მოაზროვნე ადამიანი სულ რამდენიმე შეიძლება ჩამოვთვალო ქართულ პოლიტიკაში და არც ერთს მაღალი რეიტინგი არა აქვს. არ ვიცი, ეს რით ავხსნა. ეს არის ჩემთვის ყველაზე მეტად დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი... ხომ არსებობს რაღაც, რაც ყველას უნდა აერთიანებდეს, მაგალითად, უსაფრთხოება, ქვეყნის კეთილდღეობა და ა.შ. ამაზე ხომ შეიძლება შეთანხმდნენ, მაგრამ ამაზეც ვერ თანხმდებიან, რადგან გაცილებით მნიშვნელოვანი ჰგონიათ ერთმანეთის კრიჭაში დგომა და გაუთავებელი ლანძღვა-გინება. ასე ქვეყანა ვერ აშენდება და სულ ვიქნებით ევროპის სანაგვეზე”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“პირადად მე არ მჯერა, რომ სააკაშვილის მოწამვლის მიზანმიმართული ცდა ყოფილიყო. თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც მიზანმიმართულად მოწამლეს, არ მჯერა, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების გაკეთებულია, რადგან სააკაშვილის დაზიანება ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ. უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შედის მასთან, ვის რა შეაქვს აკონტროლებს ვინმე? აი, აქ შეიძლება იყოს უფრო სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ქვეყნის გარედან მისი მოწამვლის შესაძლებლობა, მაგრამ ესეც ნაკლებად სავარაუდო მგონია.... რაც ახლა “ნაციონალურ მოძრაობაში” ხდება, მიკრომოდელია იმისა, რაც ქვეყანაში ხდება, როდესაც პირადი ინტერესები ამოძრავებს მთელ პოლიტიკურ ელიტას, რომლის მთავარი დევიზიც არის, მე ვარ და ჩემი ნაბადი, დანარჩენი ყველაფერი წყალსაც წაუღიაო. პარტიისთვის დამანგრეველია ასეთი დაპირისპირება და განხეთქილება. შეიძლება ჩატარდეს პარტიაში არჩევნები, ეს დემოკრატიული პროცესია, მაგრამ არა ასეთი კონფლიქტით. თუ გინდა რეიტინგის შენარჩუნება, ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე. ტექნოლოგიურად კი იქცევიან ისე, როგორც ხელისუფლებაში ყოფნისას სხვებს ექცეოდნენ, არაფერი ახალი მაგათ მოქმედებაში არ არის. ერთმანეთის დისკრედიტაციის გაუთავებელი ცდა ქართული პოლიტიკის ისეთ თანამდევად იქცა, რომ აღარც გვიკვირს, შევეჩვიეთ ამ სიბინძურეს, რაც დიდი უბედურებაა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“პოლიტიკოსები სულ არ მადარდებს, მაგრამ ეს მთელ საზოგადოებას რყვნის - თუ პოლიტიკოსებისთვის ყველაფერი დაშვებულია და საკუთარ განცხადებებსა და მოქმედებებზე პასუხს არ აგებენ, გამოდის, რიგითმა მოქალაქემაც შემიძლია იგივე ვაკეთო. რისთვის უნდათ ამ ადამიანებს “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში ყოფნა, საკითხავია. ამ ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი უმცირესია. აქედან გამომდინარე, იმიტომ უნდათ, რომ ფულადი რესურსები მართონ და პირადი სარგებელი მიიღონ. როგორც თვითონვე ამბობენ, ხაბეიშვილის ჯგუფის უკან მერაბიშვილ-კეზერაშვილი დგანან. მათ პარტია იმისთვის უნდათ, დიდი ალბათობით, რომ მმართველ ძალასთან უკეთესად ივაჭრონ. ამასთანვე, ჩემი აზრით, აქ შურისძიების მოტივიც ძლიერია. უნდათ პარტიას მიხეილ სააკაშვილის გავლენა მთლიანად მოაცილონ. სხვათა შორის, მე ისიც მეჩვენება, რომ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაშიც მერაბიშვილისა და კეზერაშვილის როლი მნიშვნელოვანი იყო. ეს ვარაუდია, მაგრამ პროცესების ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს შეიძლება ძალიან ახლოს იყოს რეალობასთან. ეს ვითარება ხელისუფლებასაც აწყობს, რადგან დღეს გაცილებით მნიშვნელოვან თემებზე ლაპარაკის ნაცვლად ვლაპარაკობთ ჩანაწერებზე, სააკაშვილის გათავისუფლებაზე, “ნაციონალური მოძრაობის” დაპირისპირებაზე და ა.შ. ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების უმწვავესი პრობლემები არავის ახსოვს”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.

 

“ჩვენ დიდი ხანია გადავედით პოლიტიკური ცხოვრების იმ დონეზე, როდესაც ერთმანეთისთვის სულელის ძახილის გარდა, არაფერი ხდება. ამიტომ ვამბობ, უდიდესი პრობლემაა ის, რომ ქვეყნის განვითარების სტრატეგია არ არსებობს, წუთიერი ინსტინქტებით იმართება ქვეყანა, რომელსაც ამასობაში ვკარგავთ... შეხედეთ, დიდ ბრიტანეთში ქვეყნის პრემიერმინისტრობიდან ქალბატონი ტრასი იმიტომ გადადგა, რომ ერთი პატარა დანაპირები ვერ შეასრულა, აი, ეს არის სახელმწიფო მიდგომა, დემოკრატია, როდესაც ქვეყანა და ხალხი შენს კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანია. ჩვენთან ეს რომ ვინმეს გაეკეთებინა, შერეკილი ეგონებოდათ და ელდარ შენგელაიას მის გამოსაკვლევად დაუძახებდნენ. ჩვენთან აცდენილია ერთმანეთთან მორალური კრიტერიუმები. ჩვენ კონფორმიზმი ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის შემადგენელ ნაწილად ვაქციეთ”, ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “გამოქვეყნდა საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ინტერვიუ, რომელშიც ამბობს, კიევმა თბილისს სთხოვა “ბუკის” სარაკეტო კომპლექსები, რომლებიც საქართველოს უკრაინამ 2008 წლის ომის დროს გადასცა, რაზეც ოფიციალური თბილისისგან უარი მიიღოო...” - პასუხობს:

 

“მოდი, თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებს შორი ურთიერთობა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შეიძლება ამ ტონით ერთმანეთთან ლაპარაკი. საქართველო უკრაინას ვერც “ბუკის” კომპლექსებს და ვერც სხვა რომელიმე ტიპის იარაღს გადასცემს, რადგან ჩვენ, სამწუხაროდ, არა გვაქვს ამის ფუფუნება ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. რუსეთი ისევ უდიდესი საფრთხეა საქართველოსთვის და ჩვენ გვიწევს სიფრთხილით მივიღოთ გადაწყვეტილებები. სისულელეა იმის თქმა, თითქოს პუტინი საქართველოსთვის ვერ მოიცლის... ამ სიფრთხილისთვის საქართველოს ხელისუფლებას ვერ დავძრახავ, მაგრამ მე მის რიტორიკასა და საუბრის ტონს, იმას, თუ როგორ ლაპარაკობენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებზე, უკიდურესად ნეგატიურად ვაფასებ. ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ამას აქვს მეტად ობიექტური მიზეზები, რისი ახსნაც ადამიანურად უნდა შეეძლოს ხელისუფლებას და არა ისე, როგორც აკეთებს. საქართველოს მოსახლეობა უკრაინის გამარჯვების მოსურნე და დიდი მხარდამჭერია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს არ სურს. შეუძლებელია არ ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის უკრაინის გამარჯვება...”

წაკითხვა 271 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.