მიძინებული სეპარატიზმი რუსეთში ანუ “გაუმარჯოს ურალის რესპუბლიკას!”
“2008 წელს რუსეთში ერთი საინტერესო წიგნი გამოვიდა - “რუსეთის შემდეგ”.
მისი ავტორი პოლიტოლოგი ფიოდორ კრაშენინიკოვია. წიგნის სიუჟეტის მიხედვით, რუსეთის მმართველს (სავარაუდოდ, პუტინს) მოსახლეობა აღმერთებდა, თუმცა ქვეყანაში სერიოზული კრიზისი დაიწყო და პრეზიდენტის სიყვარული სიძულვილით შეიცვალა. კრიზისის გამო რუსეთი დაიშალა და დიდი ქვეყნის ნანგრევებზე ურალის რესპუბლიკა აღმოცენდა. ახალი რესპუბლიკის ლიდერებმა ერთ-ერთ ფილოსოფოსს ურალის სახელმწიფოს იდეოლოგიის შექმნა დაავალეს. წიგნის დასასრულს ფილოსოფოსი დაასკვნის, რომ რეალურად მოსკოვსა და ურალში მცხოვრები რუსები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები არიან და მოსკოვი ურალის ერთ-ერთი დაუძინებელი მტერია. წიგნში აღნიშნულია, რომ ურალი მოსკოვისგან ისევე უნდა გათავისუფლდეს, როგორც ბრიტანული კოლონიები ლონდონის უღელისგან. ვნახოთ, იქნება თუ არა ეს წიგნი ისეთივე წინასწარმეტყველური, როგორიც ამერიკელი მწერლის მორგან რობერტსონის ნაწარმოები “ტიტანის” დაღუპვა. დიახ, რობერტსონმა 1898 წელს ზუსტად აღწერა `ტიტანიკის~ ტრაგედია, რომელიც მისი წიგნის გამოსვლიდან 14 წლის შემდეგ მოხდა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით მიძინებული სეპარატიზმი რუსეთში ანუ “გაუმარჯოს ურალის რესპუბლიკას!”
“როდესაც ქართველ ექსპერტებს ეკითხებიან, თუ რას ფიქრობენ რუსეთის დაშლის სავარაუდო სცენარებზე, პასუხი ზოგადია. მეტიც, უმეტესობა ამბობს, რომ რუსეთის დაშლა ზღაპარია, დასავლეთი ამას არ დაუშვებს, რათა ბირთვული იარაღი ტერორისტების ხელში არ აღმოჩნდეს და ა.შ. მატარებელზე წინ სირბილი საჭირო არ არის - რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური პროგნოზების გაკეთება უმადური საქმეა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში რაც დღეს წარმოუდგენელი გვეჩვენება, ხვალ შეიძლება რეალობა იყოს. ფაქტია, რუსეთში არსებობს მიძინებული სეპარატიზმის დიდი კერები, რომელთაც თუ ცეცხლს წაახმარ, აგიზგიზდებიან. დღეს რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიას, ჩეჩნეთის თამადობით, ყოველწლიურად უხდის მრავალმილიარდიან ხარკს ლოიალურობისთვის. წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთში რყევები დაიწყო და მოსკოვმა ვეღარ შეძლო ხარკის გადახდა - როგორ ფიქრობთ, ჩრდილოკავკასიელები რუსული სახელმწიფოს ფუნდამენტის გამაგრებას შეეცდებიან?! რა თქმა უნდა, არა. პირველები სწორედ ისინი იქნებიან, რომლებიც შეეცდებიან რუსული სახელმწიფოს ნანგრევებისგან თავის გადარჩენას. ამაზე ყველაზე ფანატიკოსი რუსი შოვინისტებიც არ დაობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩრდილოეთ კავკასია, სავარაუდოდ, ჟურნალი იქნება რუსებისთვის, თუ მიძინებულმა სეპარატიზმმა სხვა რეგიონებშიც გაიღვიძა. მაგალითად, თათარსტანში. ალბათ, მოსკოვშიც არ იცის ბევრმა, რომ რუსეთის ამ რეგიონში საზოგადოებისა და აქტივისტების არცთუ მცირე ნაწილი არაოფიციალურად აღნიშნავს “ყაზანის დამცველთა დღეს”. იგულისხმება 1552 წლის მოვლენები, როდესაც რუსებმა ყაზანი აიღეს და თათარი ნაციონალისტების აზრით, მოსახლეობას გენოციდი მოუწყვეს. იქ ძლიერია სეპარატისტული განწყობები და თუ რუსეთის რყევა დაიწყო, თათარსტანი მოიქცევა ისე, როგორც მოიქცა 1992 წელს, როდესაც დამოუკიდებლობისკენ აიღო გეზი. როგორ და რა მეთოდებით ჩაახშვეს მოსკოვიდან ადგილობრივი სეპარატიზმი, ეს სხვა სტატიის თემაა... რუსეთის ერთიანობას საფრთხე ციმბირიდანაც ელის. ეროვნება “ციმბირელი” ოფიციალურად აღიარებული არ არის. თუმცა რუსეთში ერთ-ერთი ბოლო საყოველთაო აღწერისას 4 ათასზე მეტმა ადამიანმა გრაფაში “ეროვნება” “ციმბირელი” ჩაწერა. ციმბირული სეპარატიზმი სათავეს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, 1917-1918 წლებში კი ამ რეგიონს საერთოდ დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული. ციმბირული სეპარატიზმის გარდა, ადგილობრივების “განსაკუთრებულობის” იდეოლოგია ეკონომიკურ ფაქტორებსაც ეფუძნება. არცთუ მცირე ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ციმბირს ექცევა როგორც კოლონიას, რადგან ადგილობრივი სასარგებლო წიაღისეულიდან მიღებული შემოსავლიდან ციმბირელებს მხოლოდ ნამცეცები რჩებათ”, - განაგრძობს გამოცემა.
“სხვათა შორის, ციმბირელი სეპარატისტები განსაკუთრებით 2014 წელს გააქტიურდნენ, მაგრამ პუტინის სპეცსამსახურებმა მათთვის ჩვეული მეთოდებით დაამშვიდეს “განსაკუთრებულები”. თუმცა “ციმბირის რესპუბლიკის” იდეა არსად წასულა, სძინავს და როცა დრო დადგება, გაიღვიძებს. “ციმბირის რესპუბლიკის” გვერდით შესაძლოა ვიხილოთ “ურალის რესპუბლიკაც~. მით უმეტეს, აქ სეპარატისტებს შორის ერთგვარი კონკურენციაცაა. ნაწილს “ურალის რესპუბლიკა” სურს, ნაწილს კი “დიდი ურალის ფედერაციული რესპუბლიკა”, რომელიც უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავს, ვიდრე გეოგრაფიულად ურალია. ადგილობრივი სეპარატისტების იდეოლოგია ისეთივეა, როგორიც დაახლოებით “ციმბირის რესპუბლიკის”. მათი აზრით, ურალის მოსახლეობის მთავარი მტრები უცხოელი დამპყრობლები კი არა, რუსეთის მთავრობაა, რომელიც რეგიონს ძარცვავს. ციმბირელებისგან განსხვავებით, ურალის სეპარატისტებს “რესპუბლიკობის” გამოცდილება უფრო აქეთ აქვთ, უახლოეს წარსულში. დიახ, 1993 წელს სვერდლოვსკის მხარის ტერიტორიაზე “ურალის რესპუბლიკა” გამოცხადდა და მალევე კონსტიტუციაც მიიღო. მთავარი მოქმედი ფიგურა იყო “ურალის რესპუბლიკის” ხელმძღვანელი ედუარდ როსელი, რომელიც დიდი სახალხო პოპულარობით სარგებლობდა. უკვე ბეჭდვაში იყო გაშვებული ფულის ერთეულიც - ურალის ფრანკი. კრემლი ოპერატიულად ჩაერია და სეპარატიზმი ჩაახშო, მაგრამ იდეა ადგილობრივებში დღემდე პოპულარულია”, - დასძენს გამოცემა.
“2019 წელს ეკატერინბურგში მღელვარება დაიწყო არაპოლიტიკურ ნიადაგზე, თუმცა აქციებზე სეპარატისტული ლოზუნგები ისმოდა და კრემლმა მაქსიმალურად “მოუჭირა” ცენზურას, რათა ამ ამბავს სხვა რეგიონებამდე არ მიეღწია... ტუვა (ტივა) რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს სამშობლოა. როგორც მისი ნაცნობები ინტერვიუებში ჰყვებიან, მისი ოცნება იყო ტუვას პრეზიდენტი გამხდარიყო (შოიგუს თავისი რესპუბლიკა რუსეთის შემადგენლობაში მყოფი წარმოედგინა თუ დამოუკიდებელი, ამას მისი ნაცნობები არ აკონკრეტებენ). თუმცა შოიგუ დიდ პოლიტიკაში წავიდა და თუ ოდესმე უკრაინაში რუსეთის დანაშაულებთან დაკავშირებით ტრიბუნალი შედგა, ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული სწორედ სერგეი კუჟუგეტოვიჩი იქნება. ტუვა კი როგორც იყო რუსეთის ერთ-ერთი უღარიბესი რეგიონი, ისეთივედ დარჩა. ტუველებისთვის თავის გადარჩენის ერთადერთი გამოსავალი ჯარში სამსახურია. ჰოდა, უნახავი ტუველი ჯარისკაცები უკრაინაში (რა თქმა უნდა, რუსებსა და რუსეთში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებთან ერთად) დანაშაულს სჩადიან და უნიტაზებს იპარავენ. ცნობილი რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი ვარლამოვი ორიოდე წლის წინ იმყოფებოდა ტუვაში. მისი რეპორტაჟი რომ ნახოთ, მიხვდებით, რატომ იპარავენ უნიტაზებს რუსეთის მოქალაქეები”, - წერს სტატიის ავტორი.
“გარდა ამისა, როგორც ადგილობრივებმა ჟურნალისტს უთხრეს, დღის ოთხი საათის შემდეგ ქუჩაში ფხიზელ კაცს ვერ იპოვიდა. თავად ვარლამოვიც ძლივს გადაურჩა თავდასხმას. თუმცა ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ვარლამოვის ინფორმაციით, ტუვაში ნაციონალიზმი მძვინვარებს - ადგილობრივები ყველანაირად ცდილობენ ეთნიკური რუსების შევიწროებას: ყოფითი საკითხებით დაწყებული და სახელისუფლებო სტრუქტურების ჩათვლით. ნაციონალიზმის რა მოგახსენოთ, მაგრამ სეპარატიზმი ტუველებისთვის უცხო ნამდვილად არ არის. 1990 წლის 12 დეკემბერს (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს), ტუვის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შესახებ. მოსკოვმა ამჯერადაც მოახერხა სეპარატიზმის ჩახშობა, მაგრამ იდეა დარჩა... ტუვის არ იყოს, კარელიაც ერთ-ერთი ჩამორჩენილი რუსული მხარეა. იქ სულ ახლახან უცნაური ამბები დაიწყო. კერძოდ, წარწერები სახელმწიფო დაწესებულებებზე და გზის მაჩვენებლები ორენოვნად გადააკეთეს - რუსულად და კარელიურად. რუსულ რეგიონულ მედიას თუ გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ კარელიაშიც სეპარატისტთა ორი დაჯგუფება მოქმედებს - ერთს ფინეთთან მიერთება უნდა, მეორეს კი დამოუკიდებლობა. კარელიის ტერიტორიაზე არალეგალურად ვრცელდება გაზეთი “ფინური კარელია”. რა თქმა უნდა, რუსული პროპაგანდისტული მედია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია”, თუმცა დაინტერესებული ადამიანი ინტერნეტში იოლად იპოვის ფაქტებს იმის შესახებ, რომ ამ რეგიონში სეპარატიზმმა უკვე გაიღვიძა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“P.S. მთელი გაზეთი არ ეყოფა რუსეთში მიძინებული სეპარატიზმის მთლიანად მიმოხილვას. რუსეთს ეს პირველად 90-იან წლებში დაემუქრა. თუმცა მაშინ დასავლეთი რუსეთის მოკავშირე იყო და სწორედ ვაშინგტონ-ბრიუსელის მრავალმილიარდიანმა დახმარებებმა გადაარჩინა ეს ქვეყანა. არ ვიცი, მაშინდელი ლიდერები თვლიან თუ არა ამას სტრატეგიულ შეცდომად, რადგან 20 წელიწადში მიიღეს აგრესიული პუტინი, რომელიც მესამე მსოფლიო ომით იმუქრება. დღეს რუსეთი და დასავლეთი ფრონტის სხვადასხვა მხარეს არიან. ასე რომ, ჯერ კიდევ საკითხავია, უკრაინაში რუსეთის დამარცხების შემდეგ (და იმედია, ეს მალე მოხდება) ჩათვლიან თუ არა ვაშინგტონში, ბრიუსელში ან ლონდონში, რომ რუსეთის ერთიანობის შენარჩუნებას მსოფლიო უსაფრთხოებისთვის მაინცდამაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს”, - დაასკვნის სტატიის ავტორი, რედაქტორი გიორგი კვიტაშვილი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის