რაზე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?!

“ერთია, რა განაცხადა საჯაროდ პრესისა და საზოგადოებისთვის და მეორე, რა თქვა ქალბატონმა მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

იმას, რაც მოვისმინეთ ანალენა ბერბოკისგან, ფაქტობრივად, ვისმენთ თითქმის ყველა ევროპელი პოლიტიკოსისგან, ევროპარლამენტისგან თუ სხვა ევროპული სტრუქტურებისგან. მას შეეძლო გერმანიაშიც ეთქვა, რომ ევროპა მზად არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებისთვის... მთავარია, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რა და როგორ თქვა დახურულ კარს მიღმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე. არ იქნებოდა მარტივი საუბრები. ვფიქრობ, ლაპარაკი იქნებოდა დღევანდელ პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში არასდროს ყოფილა ასეთი მასშტაბური და გავეშებული ანტიდასავლური პროპაგანდა, როგორიც დღეს არის. ვიღაცისთვის ეს პრორუსული პროპაგანდაა, ვიღაცისთვის ნეიტრალური პოლიტიკის მაგალითი, ვიღაცისთვის “ღირსების საკითხი”, მაგრამ საბოლოოდ ამას აერთიანებს ერთი ნომინალი - ანტიდასავლური პროპაგანდა”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რაზე ისაუბრა დახურულ კარს მიღმა ბერბოკმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან?!

 

“ამის არდაკავშირება იმასთან, რაც ხდება უკრაინაში, თუ ჩვენსა და რუსეთს შორის, ალბათ, დიდი გულუბრყვილობა იქნება. ვფიქრობ, ამ თემაზეც იქნებოდა ლაპარაკი. დარწმუნებული ვარ, მძიმე საუბარი გაიმართებოდა პრემიერსა და ბერბოკს შორის. თუ ასე არ ყოფილა, საქართველოში მისი ჩამოსვლის აზრსა და მიზანს ვერ ვხედავ. სხვათა შორის, ოპოზიციისთვისაც მნიშვნელოვანი იყო ეს ვიზიტი. სამწუხაროა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაციონალური მოძრაობა” ისევ ბოიკოტზე ლაპარაკობს, არადა, მოწოდებაში, რომ საჭიროა დეპოლარიზაცია, ისიც იგულისხმება. აუცილებელია ითანამშრომლონ და იმუშაონ პარლამენტში ხელისუფლებასთან ერთად 12 პუნქტის შესასრულებლად. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რთული სათქმელია. ეს მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. თუ აკვირდებით სახელისუფლებო მედიას ან ხელისუფლებასთან აფილირებულ ექსპერტებს, ჩინეთ-რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ მათი რიტორიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ცდილობენ გააჩინონ იმის მოლოდინი, რომ ეს ორი ქვეყანა ერთ ტანდემად იქცევა და დაამარცხებს უკრაინასა და დასავლეთს. არადა, ცხადია, ჩინეთს რუსეთის გამარჯვება არ აწყობს, შესაძლოა არც დასავლეთის, მაგრამ რუსეთი მისი ბუნებრივი მოკავშირე ვერასდროს გახდება. მას აწყობს შექმნილი ვითარება რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტად მოითბოს ხელი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ჩვენი ხელისუფლების ქმედება ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. დღეს მეტი სადარდებელი ხელისუფლებას არა აქვს. მართლაც აბსურდია, აქ, თბილისში, “ფრანკლინის კლუბს” რომ ერჩიან და გაიძახიან, რა საერთო აქვს საქართველოსთან ფრანკლინსო, და ამ დროს მათი შვილები ფრანკლინის დაარსებულ წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობენ. იცით, ამან რა გამახსენა, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნების შვილების 90%, სტალინიდან მოყოლებული, საზღვარგარეთ გარბოდა. იგივე მეორდება აქაც. ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის არის თურმე დასავლეთი უბედურება, მაგრამ სახელისუფლებო გუნდისა და მათი შვილებისთვის თანამედროვე განათლების კერაა. მშვენივრად იციან, რომ ბევრად ჯობს ფრანკლინის დაარსებულ უნივერსიტეტში განათლების მიღება, ვიდრე რომელიმე ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. აიღეთ ბიძინა ივანიშვილი. როგორც ვიცი, ამჟამად მისი არც ერთი შვილი საქართველოში არ ცხოვრობს და აქ არც განათლება მიუღიათ. თუ ორმაგ სტანდარტზეა ლაპარაკი, ამაზე მეტი ორმაგი სტანდარტი ვერც წარმომიდგენია. საკუთარი თავისთვის უნდათ დასავლეთი, იქაური განათლება, ცხოვრების დონე, დემოკრატიული განვითარება, რაშიც ვერ გაამტყუნებ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს არ სურთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“წინააღმდეგი კი არ იქნებიან, თუ სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამასთანავე, გარანტია სჭირდებათ, რომ ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. დღეს ხელისუფლება თვითიზოლაციაშია. მარტის მოვლენებს დააკვირდით, იმას, რაც გაშუქდა, გარდა ხელისუფლებასთან აფილირებული ჩაკეტილი წრისა, მეტ-ნაკლებად ნეიტრალური ვერც ექსპერტი მოძებნეს, ვერც საზოგადო მოღვაწე, ვინც მაგათ ე.წ. აგენტების კანონს გაამართლებდა. ბოლოს იქამდე მივიდნენ, რომ ლამის მთელი ახალგაზრდობა სატანისტებად მონათლეს. ძალიან საყურადღებო იყო ბატონი რისმაგ გორდეზიანის ინტერვიუ, რომელშიც ბრძანა, 60 წელია უნივერსიტეტში ვარ და არ მინახავს რომელიმე რექტორს, ლექტორს ან მინისტრს, როგორი მკაცრი ხელიც არ უნდა ჰქონოდა, გავლენა მოეხდინა სტუდენტურ მოძრაობაზეო. სრულად ვეთანხმები - 1978 წლიდან მოყოლებული, როდესაც ახალგაზრდობა ქუჩაში ქართული ენის დასაცავად გავიდა, ვერავინ შეძლო მათი შეჩერება, მათ წინააღმდეგ არაფერი მუშაობს. ამიტომაც აშინებთ ასე ძალიან ეს მოძრაობა”, - მიიჩნევს ექსპერტი.

 

“შეგახსენებთ, 2024 წელს არჩევნები პროპორციული წესით გაიმართება. ცხადზე ცხადია, რომ “ქართული ოცნება” ვერ მიიღებს 50%-ზე მეტ მხარდაჭერას, რათა ძალაუფლება ერთპიროვნულად შეინარჩუნოს. მათ ეს ვერ შეძლეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც, როდესაც 46% აიღეს და უმრავლესობის პრობლემა მაჟორიტარებით გადაწყვიტეს. აი, ეს პრობლემა აქვთ და აღარ იციან, რა ქნან. ერთადერთ შანსს, რომ მიიღონ 50%-ზე მეტი მხარდაჭერა “ქართული ოცნება” ხედავს იმაში, რომ დარჩეს ერთი-ერთზე “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მით უფრო ასეთთან, რომელშიც სააკაშვილს ანაცვლებენ კეზერაშვილ-მერაბიშვილი. ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ არ დაუშვან მესამე ძალის ფორმირება. სურთ ამ ორმა პარტიამ 5%-იანი ბარიერი გადალახოს და გაუნაწილებელი მანდატებით მოახერხონ უმრავლესობის მოპოვება... მარტამდე შედარებით მშვიდად იყვნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ პოლიტიკური სპექტრის დაშოშმინებას მოახერხებდნენ, მაგრამ გამოჩნდა ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი - ახალგაზრდობა, რომელზეც ზეგავლენა შეუძლებელია”, - ამტკიცებს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ერთიც - მიუხედავად იმისა, რომ “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების უდიდესი ნდობა და რეიტინგი გაანიავა, ის დღესდღეობით მაინც ყველაზე გავლენიანი პარტიაა, რომელიც, მართალია, ვერ აიღებს 50%-ს არჩევნებში, მაგრამ ყველა სხვა პარტიაზე მეტ მხარდაჭერას მაინც მიიღებს. თუ ის ვერ შეძლებს მთავრობის დაკომპლექტებას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება გახდება საჭირო, რაც მრავალპარტიული პარლამენტის პირობებში შესაძლოა “ქართული ოცნების” გარეშეც მოხერხდეს და მათ ოპოზიციაში მოუწიოთ გადასვლამ, რაც ძალიან აშფოთებთ. ასეთ შემთხვევაში ე.წ. კოაბიტაციამ შეიძლება აღარ იმუშაოს და რიგ მაღალჩინოსნებს მოუწიოთ ნაშოვნი დიდძალი ქონების დათმობა. აი, ეს აშინებთ ყველაზე მეტად”, - დაასკვნის რესპონდენტი.

 

“ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს - თუ არ შესრულდება 12 პუნქტი და ისევ უარს გვეტყვიან, დასავლეთი აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ საშუალებით, რაც ხელთ ექნება. ამ შემთხვევაში საკითხავია, ეს ზომები პერსონიფიცირებული იქნება თუ მთელ ქვეყანას შეეხება. ჩემი აზრით, მოსალოდნელია ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონიფიცირებული სანქციები. სიმართლე გითხრათ, ყველაფრის მიუხედავად, იმედიანად ვარ და მგონია, რომ აუცილებლად შევძლებთ ამ სიტუაციიდან დიდი დანაკარგის გარეშე გამოსვლას. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ სტატუსის მისაღებად. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, რომ ერთობლივად იმუშაონ 12 პუნქტის შესრულებაზე. უნდა დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც, რომ ხელისუფლება თუ არა, ქართველი ხალხი სტატუსს იმსახურებს. შემდეგ კი უნდა ვიფიქროთ არა მარტო ხელისუფლების, არამედ სახელმწიფო მოწყობის სისტემურ ცვლილებაზე. ცოტა კი ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა, მათ შორის კოალიციური ხელისუფლებაც, ამას მოინდომებს, მაგრამ ჩვენ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მოვითხოვოთ”, - თვლის ექსპერტი.

 

“ფიზიკური დაპირისპირება ყველა ქვეყნის პარლამენტში ხდება და ამაში უბედურებას ვერ ვხედავ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო ხანს “ქართული ოცნების” დეპუტატები მეტისმეტად აგრესიულები გახდნენ, მანამდეც ხომ ვნახეთ ერთმანეთისთვის მიკროფონების სროლა. მესმის მათიც, ნამდვილად არ მინდა მათ ადგილას ყოფნა, საკუთარ თავთან მარტო რომ რჩებიან, მაშინ მაინც ხომ აღიარებენ, რომ მათ რეალურად არაფერი ეკითხებათ, ე.წ. აგენტების კანონის განხილვამ აჩვენა მათი პარლამენტარობის მთელი არსი. ამ უსიამოვნების განცდის გადალახვას აგრესიით ცდილობენ. აქვე ღარიბაშვილის გამოსვლის ერთ მომენტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, როდესაც ის ქვეყანაში უცხოური სპეცსამსახურების მუშაობასა და მეხუთე კოლონაზე ლაპარაკობდა. არ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელი ამგვარ საკითხებზე ასე ლაპარაკობდეს. როცა ხელისუფლებაში ხარ, პირდაპირ გევალება არა ამაზე ლაპარაკი, არამედ მისი აღკვეთა. ბოლოს და ბოლოს, გამოძიება მაინც უნდა დაიწყო, რომ გქონდეს ამგვარი ლაპარაკისთვის საფუძველი. ამ ხელისუფლების პირობებში გახსოვთ კი ერთი ამგვარი გამოძიებული საქმე? თუ ქვეყანაში მეხუთე კოლონა მუშაობს და ვერაფერს უხერხებ, რა გინდა ხელისუფლებაში?! ისე კი, თუ გაიხსენებთ, ჩვენში ოპოზიცია თითქმის ყველა ხელისუფლების დროს ცხადდებოდა მეხუთე კოლონად. სხვათა შორის, ეს კომუნისტური გადმონაშთია”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

წაკითხვა 269 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.