“ეს ისტორიული გარღვევაა” - ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა დიდი სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდეს
“კავკასიის რეგიონში მრავალწლიანი ტერიტორიული და ეთნიკური კონფლიქტი შესაძლოა უახლოეს მომავალში დიდი სამშვიდობო ხელშკრულებით დასრულდეს - სომხეთმა ფაქტობრივად აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობა და საპასუხო ნაბიჯებს ელის, თუმცა, ბაქოს პასუხი ხისტია და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ თურქეთის ჩართვა გახდეს საჭირო.
ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს ორ-სამ თვეში კავკასიის რეგიონში დიდი სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მომსწრენი გავხდეთ. ასეთ შემთხვევაში კი ე.წ. რუსი სამშვიდობოების ყოფნას ლოგიკა აღარ ექნება და იძულებულს გახდიან, რომ ჯარები გაიყვანოს. ეს საქართველომ უნდა გამოიყენოს და რუსული ჯარების გაყვანა საკუთარი ტერიტორიებიდანაც მოითხოვოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ეს ისტორიული გარღვევაა” - ყარაბაღის კონფლიქტი შესაძლოა დიდი სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდეს.
“სრულიად ვაღიარებთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ ბაქოც იგივეს გააკეთებს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება რეალური გახდება, თუ ორივე მხარე მკაფიოდ, ორაზროვნების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ერთხელ და სამუდამოდ ვალდებულებას აიღებს ერთმანეთს ტერიტორიული პრეტენზიები არ წაუყენოს”, - განაცხადა ფაშინიანმა. მისი თქმით, აღნიშნული დებულება აზერბაიჯანულ მხარესთან 2022 წლის ოქტომბერში პრაღასა და სოჭში უმაღლესი დონის ბოლო შეხვედრებზე შეთანხმდა. “მინდა განმეორებით ვთქვა, რომ სომხეთის რესპუბლიკა სრულიად აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ველით, რომ აზერბაიჯანიც იგივეს გააკეთებს და აღიარებს სომხეთის სსრ-ის ტერიტორიას როგორც სომხეთის რესპუბლიკას”, - აღნიშნა ფაშინიანმა. მედია წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი ფაქტობრივად მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის აღიარებას ნიშნავს, რომელიც საბჭოთა დროს აზერბაიჯანის სსრ-ში შედიოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სომხეთი უარყოფს აღნიშნულ რეგიონში თავის სამხედრო ჩართულობას და ამტკიცებს, რომ იქ ყარაბაღის ადგილობრივი თავდაცვის ძალები არიან განლაგებული. აზერბაიჯანის განცხადება გაცილებით ხისტია - როგორც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა, მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა უნდა მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა, ან დატოვონ რეგიონი. მისივე თქმით, ბაქო აპირებს უახლოეს მომავალში ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის დასრულების მიზნით. “ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა ან აზერბაიჯანის მოქალაქეობა უნდა მიიღონ, ან სხვა საცხოვრებელი ადგილი იპოვონ”, - განაცხადა ალიევმა. როგორც ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, ფაშინიანმა პრაქტიკულად აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და თუ ბაქო ხისტ პოზიციას გააგრძელებს, თურქეთის შუამავლობა გახდება საჭირო, რათა მხარეები სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მივიდნენ”, - დასძენს გამოცემა.
“ფაშინიანი კავკასიაში ერთ-ერთი რეალისტი პოლიტიკოსია. რეალიზმია, როცა სიტუაცია შეიძლება შენს სასარგებლოდ სულაც არ იყოს, თუმცა, თუ მითებში ხარ გამოჭედილი, შესაძლოა კიდევ უარესი მიიღო, ვიდრე დღეს გაქვს. ფაშინიანს სურს, რომ დღეს არსებული სიტუაცია გადაარჩინოს, მეტი აღარ დაკარგოს და ამიტომ პრაქტიკულად აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთილი მისი პოზიციაა. თუმცაღა, აქვე უნდა ითქვას, რომ ომის წინ, 2020 წელს, ფაშინიანმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა თქვა, რომ ყარაბაღი სომხეთია და წერტილიო. ამის შემდეგ აზერბაიჯანი მიხვდა, რომ სომხეთთან რაიმე სამშვიდობო მოლაპარაკებების ცდას აზრი აღარ ჰქონდა, ომისთვის მზადება დაიწყო და განახორციელა კიდეც საომარი მოქმედებები. ფაშინიანმა ახლა მისი ცნობილი ფრაზა არსებითად შემოატრიალა. მას პირდაპირ არ უთქვამს, მარამ პრაქტიკულად აღიარა, რომ სომხეთი აზერბაიჯანულ ტერიტორიულ მთლიანობას სცნობს 1991 წლის საზღვრებში, ანუ ვიდრე სომხეთი ყარაბაღს დაიკავებდა. ეს ისტორიული გარღვევაა, ალბათ კავკასიაში მომავალი მშვიდობა ამაზე დაფუძნდება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთნ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“ამასთან, თურქეთი ცოტა აქტიური უნდა იყოს. აზერბაიჯანი რიტორიკის დონეზე რომ უფრო მოქნილი იყოს, კარგი იქნებოდა. ფაშინიანი ჩემთვის მისაღებ და მოსაწონ მეორე ნაბიჯს რასაც აკეთებს ისაა, რომ ის თურქეთთან საერთო ენას ეძებს, ხედავს, რომ აზერბაიჯანთან პირდაპირი კავშირების დამყარება ძნელია, პარტნიორული თანამშრომლობისთვის მზად არაა, მაგრამ თურქეთმა შესაძლოა ბაქოზე გავლენა მოახდინოს. მზადდება, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვარი გაიხსნას. მგონია, რომ ერევანი მოახერხებს, რომ თურქეთი ჩართოს, რათა აზერბაიჯანთან ურთიერთობები დაალაგოს. აქ, საბედნიეროდ, რუსეთისთვის თითქმის ადგილი არ რჩება - თუ აზებაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებას საჯაროდ ხელს მოაწერენ, აზერბაიჯანი და თურქეთი სომხეთს კულუარებში ეტყვის, რომ რუსეთი რაში სჭირდება, ჩვენ საერთო ენას ვიპოვითო. მაშინ ბაქო ხმამაღლა იტყვის, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშვიდობოები აღარ გვჭირდება, ყველაფერი წესრიგში გვაქვსო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“აზერბაიჯანი ეთნიკური სომხების მიმართ უფრო მეტად ლმობიერი და ყურადღებიანი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ყარაბაღს მაინც ბევრი დატოვებს და ამ ტერიტორიაზე სომხები ცოტანი დარჩებიან, მაგრამ, ვინც დარჩება, ალბათ ბაქოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება უნდა იყოს, უფლებები დაცული იქნას, რათა არანაირი განცხადებები არ გაკეთდეს, როგორც ევროპიდან, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა თქვას, ჩვენ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი მოვაწერეთ და სამშვიდობოები აღარ გვჭირდება და ვთხოვთ რუსეთს გავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ყველაფერი აქეთკენ მიდის, მხოლოდ ჩვენ ვართ დოყლაპიები, პირი დაგვიფჩენია და ხმა ვერ ამოგვიღია, რომ რუსეთმა 2008 წლის თავისივე ხელმოწერილი პირობა უნდა შეასრულოს და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარები გაიყვანოს. ეს ხელისუფლებაც კი, პარლამენტის რეზოლუციით ამბობდა ამას, რომ რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოსო, დღეს უკვე ეს რეზოლუცია პარლამენტის საიტიდან გამქრალია”, - ამტკიცებს კონფლიქტოლოგი.
“რუსეთის გავლენები ყოველდღიურად მცირდება, მხოლოდ საქართველო ვერ ხედავს ამას. აზერბაიჯანი და თურქეთი დაინტერესებულები არ არიან, რომ კავკასიაში რუსეთის გავლენები ხელოვნური იყოს. ამის გამო, რუსეთს ომს არ დაუწყებენ, მაგრამ მაქსიმალურად დიპლომატიურად და რეალობიდან გამომდინარე, კავკასიაში რუსეთის ადგილი მინიმუმზე მინიმუმი უნდა იყოს დაყვანილი. ხელშეკრულებას შესაძლოა უახლოეს ორ-სამ თვეში მოეწეროს ხელი, ახლა უკვე კონფიგურაცია გამოჩნდა ალიევისა და ფაშინიანის ამ განცხადებებში არ ჩანს, მაგრამ აქ საინტერესოა კულუარებში რა ხდება. სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები. ამ ფონზე, მგონია, რომ რაღაც სერიოზული ხელშეკრულება მზადდება. რაც შეხება საქართველოს შუამავლის როლს, დღეს ჩვენ მხოლოდ სკამებს და მაგიდებს ვთავაზობთ, ჩვენ არ ვჩანვართ, პოლიტიკას არ ვთავაზობთ, მხოლო ავეჯს და ადგილს ვთავაზობთ|”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის