რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ომში - “თუ უკრაინა გამომფიტავ ტაქტიკას გააგრძელებს, შეიძლება კონტრშეტევა არც დასჭირდეს”
“რუსული ძალები უკრაინის ფრონტზე აქტიურ შეტევით ოპერაციებს სამი მიმართულებით ახორციელებენ, ესენია: ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებები.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი გასული დღის განმავლობაში, ფრონტის ამ სექტორებში მტრის 39 შეტევა მოიგერიეს. ხოლო ბახმუტისა და მარინკასათვის სასტიკი ბრძოლები გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის სევერნოესა და პერვომაისკოეს დასახლებებთან, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია. ამასთან, რუსებმა კონტაქტის ხაზთან მდებარე რამდენიმე დასახლება დაბომბეს. რაც შეეხება მარინკას მიმართულებას, გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა გასული დღის განმავლობაში მარინკას დასახლების მიდამოში მოწინააღმდეგის მრავალი შეტევა მოიგერიეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამ შეიძლება გარდატეხა შეიტანოს ომში - “თუ უკრაინა გამომფიტავ ტაქტიკას გააგრძელებს, შეიძლება კონტრშეტევა არც დასჭირდეს”.
“უკრაინის ატომური ობიექტების სიახლოვეს რუსეთის ბარბაროსული თავდასხმები, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოკუპაცია და მისი სამხედრო ბაზად გადაქცევა, მსოფლიოს ახალი კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს, რომლის მასშტაბებმა შეიძლება გადააჭარბონ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგებს”, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ჩერნობილის კატასტროფის 37 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, მაშინ უკრაინა და მსოფლიო ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ კატასტროფას წააწყდნენ, რომლის შედეგადაც თითქმის 5 მილიონი ადამიანი დაზარალდა. მისი თქმით, ყველა ცივილიზებულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს მოვლენები და შედეგები, რომლებიც 1986 წლის 26-მა აპრილმა მოიტანა იმისთვის, რათა გადამწყვეტად ებრძოლონ რუსეთის ბირთვულ ტერორს. “და ამ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გახდეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია და რუსეთის ფედერაციის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესება”, - განაცხადა შმიგალმა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ახალი სამოქმედო გეგმა მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის მაგიდაზე იქნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მისი თქმით, საერთაშორისო სანქციების ჯგუფმა, ანდრეი ერმაკისა და მაიკლ მაკფოლის ხელმძღვანელობით, წარადგინა დოკუმენტი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ სანქციების პირველი გეგმა 70%-ზე მეტით შესრულდა. “ასე რომ, ახლა ჩვენ წარმოვადგინეთ ის სფეროები, რომლებშიც სანქციების ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო გაძლიერდეს და გზები, რათა უზრუნველვყოთ მსოფლიოში უფრო მეტი სტაბილურობა, გლობალური ურთიერთობებიდან ყველა დესტრუქციული რუსი აქტორის, ყველა მათგანის, ვინც ომისთვის მუშაობს, სრული გამორიცხვით. სანქციების შესახებ ეს დოკუმენტი მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერის - პოლიტიკური, საზოგადოებრივი და ბიზნეს ლიდერის მაგიდაზე იქნება. სანქციები რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის წინააღმდეგ, ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ, აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ, ვინც რუსეთს უკვე დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ, რომლის თქმით, “ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის აუცილებელი თავდაცვა”, - განაგრძობს გამოცემა.
“საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე აცხადებს, რომ უკრაინას ახლა კონტრშეტევის დასაწყებად ყველაზე მეტად საარტილერიო საბრძოლო მასალები სჭირდება, რომელიც არა აქვთ. ბერიძე ფიქრობს, რომ ამ შეიარაღების მიღების გარეშე უკრაინა კონტრშეტევაზე გადასვლას ვერ მოახერხებს. “აბსოლუტურად რაშიც დარწმუნებული ვარ ის არის, რომ თუკი უკრაინა ასეთ გამომფიტავ ომს გააგრძელებს, მას შეიძლება კონტრშეტევა არც დაჭირდეს. რუსები თავად ვეღარ გაუძლებენ და ჯარი ჩამოიშლება. კიევთან რაც მოხდა ძალიან კარგად ვნახეთ, როცა უკრაინამ რუსების ჯარი დედაქალაქს მომდგარი ბრძოლაში სრულიად გამოფიტა, მათი მდგომარეობიდან გამოყვანა მოახერხა და იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ”, ამბობს ბერიძე, რომლის თქმით “იგივე ვიხილეთ ხარკოვთან, სუმისთან, იზიუმთან”, - დასძენს გამოცემა.
“უკრაინელებმა როგორ შეძლეს ამ ტაქტიკით გამარჯვება. ხერსონი როგორ გაათავისუფლეს? ერთი, რაც ფაქტია და ამ ომმა განსაკუთრებით აჩვენა, ისაა, რომ თუკი უკრაინა გამოფიტვაზე ბრძოლას გააგრძელებს, რუსებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა დიდხანს გაუძლონ. რუსული ძალები ძალიან გაწელილია. ახლა სამხრეთ უკრაინაში ძალიან გამოუცდელი ქვედანაყოფები განალაგეს. ამიტომ რა წამსაც სამხრეთის მიმართულებაზე უკრაინელების მიწოლა დაიწყება, წინააღმდეგობას ვერ გაუძლებენ. კრემლს ნელ-ნელა უკრაინის ომში ფრონტის სხვადასხვა მიმართულებების დათმობა მოუწევს. სტრატეგიულად რომ ვიაზროვნოთ, რუსებს თავისი ხალხის უაზროდ შეხოცვა რომ არ უნდოდეთ, სამხრეთ მიმართულება თავად უნდა დათმონ. თუმცა, ამის გაკეთება გაუჭირდებათ, რადგან ყირიმი ამ მიმართულებაზეა მიბმული. ყირიმის დაკარგვა კი პუტინს ომის წაგების ფასად დაუჯდება. ან ქვეყნის შიგნით სერიოზული პრობლემები დაიწყება”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის