მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობის ახალი ტალღა რუსეთსა და საქართველოს შორის
“საქართველოში ანტირუსულ პროტესტს კრემლისგან მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა, განცხადებები ორაზროვანი და მუქარანარევია. საკითხზე, რამდენად შეიძლება დაიწყოს რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ახალი ტალღა გემების ინციდენტების გამო და რამდენად აწყობს ეს თავად რუსეთს, ანალიტიკოსთა აზრი ორად იყოფა.
ნაწილი აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან, გააჩნია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის “თავში როგორი კონფიგურაცია დალაგდება”, იმ გაგებით, რომ საიდან ჩათვლის, რომ მას მეტი ხეირი ექნება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მოსალოდნელია თუ არა დაძაბულობის ახალი ტალღა რუსეთსა და საქართველოს შორის - “თუ შიდა პოლიტიკური ძალები არ ეყო, ტანკები 40 კმ-ში დგას და დაქოქავს”.
“ექსპერტების ნაწილი კი ამბობს, რომ რუსეთი საქართველოსთან სიტუაციას ახლა არ დაძაბავს, რადგან თბილისთან კარგი ურთიერთობები სჭირდება და მსოფლიოში იმის დემონსტრირება, რომ “რუსეთისთვის საქართველო წარმატებული პოლიტიკის შედეგია. როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, კრემლისგან არაფერია გამოსარიცხი და თუ დასჭირდა ქვეყანაში დაძაბულობას შემოიტანს, მათ შორის, ქვეყნის შიგნით არსებული პრორუსული ძალების მეშვეობით და თუ ეს არ ეყო, თბილისიდან 40 კმ-ში საოკუპაციო ხაზთან მდგომ “ტანკებს დაქოქავს”. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი აცხადებს, რომ რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები სჭირდება სადემონტრაციოდ და ამას არ გააფუჭებს ამ ხელისუფლების პირობებში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთის უკრაინაში შეჭრას დიდი ტვინის ჭყლეტვა მოჰყვა, სამხედრო და პოლიტიკურ ექსპერტებს ზუსტად ეს კითხვა აწუხებდათ - რუსეთს უკრაინაში ასეთი ძალადობრივი შეჭრა რაში აწყობდა და ეს კითხვა დღემდე უპასუხოა. რუსეთის პირველი პირის თავში როგორი კონფიგურაცია დალაგდება, ძნელი სათქმელია. კონფიგურაცია იმ გაგებით, რომ საიდან ჩათვლის, რომ მას მეტი ხეირი ექნება. იყო ლაპარაკი იმაზე, რომ თუ გაიმარჯვებს, მერე ჩვენც მოგვადგებაო, რაც არა მგონია დამაჯერებელი იყოს იმიტომ, რომ თუ დამარცხდება, მაშინაც მოგვადგება, რომ მარცხის კომპენსაცია მოახდინოს. ასე რომ, პუტინის ტვინის რომელი ხვეული აღმოჩნდება უფრო ძლიერი, ძნელი სათქმელია. გამორიცხული არაფერია, რადგან რუსეთის სახელწიფო სათათბიროში ხმები ისმის, რომ შეურაცხყოფის საშუალება არავის არ უნდა მივცეთ, მათ შორის ქართველებსო და დასავლეთისკენ ვინც მიდის, ყველას გზა უნდა გადავუღობოთო”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ღარიბაშვილი ძალიან ენერგიულად კი გააკრიტიკეს, როცა თქვა, რომ ნატოსკენ უკრაინის სწრაფვა რუსეთის შეჭრის მიზეზი იყოო, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთს ნერვებზე შლის იმ ნებისმიერი ქვეყნის დასავლეთისკენ სწრაფვა, სადაც მიაჩნია, რომ მას რაღაც უფლებები აქვს. მერე საბაბი რა იქნება, ეს უკვე სხვა საკითხია. არაა გამორიცხული, რომ შიდა პოლიტიკური ძალებით ქვეყანაში დაძაბულობა შემოიტანოს, ისინი პრინციპში სიტუაციას უკვე ძაბავენ, რაც უკვე იმას გვაფიქრებინებს, რომ რუსეთი რაღაცას ცდილობს. თუ შიდა პოლიტიკური ძალები არ ეყო, აგერ ტანკები 40 კმ-ში დგას და დაქოქავს”,- დაასკვნის რამაზ საყვარელიძე.
“რუსეთს საქართველოსთან კარგი ურთიერთობები სჭირდება და მსოფლიოში იმის დემონსტრირება, რომ აი, 2008 წელს მასთან ომი მქონდა და დღეს როგორი მოქნილი და აბრეშუმისაა და ჩემს პოლიტიკას როგორ ერგება, რუსეთისთვის საქართველო წარმატებული პოლიტიკის შედეგია. ამიტომ, გემების გამო ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბება. მით უმეტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ გამოხატული პრორუსული პოზიცია დაიკავა - ქაჯები უწოდა იმ ხალხს, რომლებმაც პროტესტი გამოთქვეს, ბათუმის აქციებში მონაწილე ადამიანები დააპატიმრა. რუსეთი კმაყოფილია, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მაქსიმალურად ბოლომდე რუსეთის ინტერესების რეალიზატორი იყოს. რუსები ბედნიერები არიან, რომ საზოგადოება “ქართული ოცნების” პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს და ესე გაგრძელდება. მით უმეტეს, რომ ახლა საქართველომ ჩინეთთან ურთიერთობები დაალაგა, ანუ დასავლეთს და საკუთარ კონსტიტუციას პირდაპირ ზურგს აქცევს”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“კონსტიტუციაში ევროკავშირი და ნატო გიწერია და ამ დროს, რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე ჩინეთთან ამყარებ ურთიერთობებს, რაც დამაფიქრებელია. ამ ფონზე, რუსეთს აწყობს საქართველოში რაც ხდება და ვითარება არავითარ შემთხვევაში არ დაიძაბება. მას ბათუმში გემის შემოსვლით უნდოდა დაეფიქსირებინა, რომ საქართველოს მოსახლეობაც კი ჩემიაო, მაგრამ ვერ დააფიქსირა. ეს რა თქმა უნდა არ ესიამოვნა, მაგრამ მთავარია, რომ “ქართული ოცნება” შეამოწმა და გამოცდა ჩაუტარა, “ოცნებამ” კი ბრწყინვალედ ჩააბარა და რუსეთის თვალში დაადასტურა, რომ მისი ერთგული მსახურია. განცხადებების იქით სიტუაცია არ დაიძაბება, რუსეთი ბედნიერია. მისთვის მთავარია, რომ საქართველო ახლა ევროკავშირსა და ნატოში არ მიდიოდეს, ის კი ცალსახად არ მიდის. რუსეთისთვის მთავარი ამოცანა კი ესაა და ძალიან კმაყოფილია”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის