საქართველოს “კრავთა დუმილი” და დიდი “გეოპოლიტიკური ტრაგედია”
“ოკუპანტების მხრიდან ბორდერიზაციის პროცესის განახლება და ამაზე დასავლეთის დუმილი, რეალურად ამით რა გზავნილს ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, არსებობს თუ არა რაიმე საიდუმლო გეგმა საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით და რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველომ უკანონო მცოცავი ოკუპაცია შეაჩეროს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველოს “კრავთა დუმილი” და დიდი “გეოპოლიტიკური ტრაგედია” / “გამოსავალი ისაა, რომ იყვირო, რაც შეიძლება ხმამაღლა და არა ის, რომ სირაქლემასავით ქვიშაში თავი ჩავრგოთ”.
„ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ საქართველოს სწორ გზაზე დაყენება მხოლოდ ჩვენი აქტიურობის შედეგად მოხდება, რადგან დასავლეთი ისედაც რთულ და გაორებულ სიტუაციაშია. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ საქართველომ პრობლემა უნდა გაააქტიუროს, რათა გეოსტრატეგიულმა პარტნიორებმა ჩვენზე ყურადღება გაამახვილონ. „ჩვენ თუ ხმა არ მივაწვდინეთ, არავინ ჩვენს მაგივრად თავს არ აიტკიებს, აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ ჩვენი ხელისუფლების რეაქცია როგორია? იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოში ასეთი ამბებია, მხოლოდ ჩვენი სუპერაქტიურობის შედეგად შეიძლება დასავლეთს მივაწვდინოთ ხმა, სხვაგვარად ახლა დასავლეთი ჩვენს გასაკეთებელს არ გააკეთებს. „დღეს ვართ იმ ფაზაში, როდესაც აშშ სულ მცირე ახლო აღმოსავლეთში ბოლომდე რუსეთს პოზიციებს უთმობს. დღეს გამოქვეყნდა ძალიან საინტერესო ორი სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ერაყის ქურთისტანიდან მომავალ მთავარ ნავთობსადენზე, 60%-იანი საკონტროლო პაკეტი იყიდა, ტრამპი თავის ეგზოტიკური შემოტევების დროს კი ამბობს ხოლმე, რომ ახლო აღმოსავლეთში რა დაგვრჩენია, მხოლოდ ქვიშააო, თურქებმა, რუსებმა და ირანელებმა ქვიშით ითამაშონო, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც მე ვუყურებ, ახლო აღმოსავლეთში ცარიელი ქვიშის ამარა მხოლოდ ამერიკელები რჩებიან”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს მიმართ დასავლეთის დამოკიდებულებაში, იმიტომ, რომ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, ნავთობისა და გაზით უმდიდრესი რეგიონის მიმართ ინტერესს კარგავს, რა უნდა გააკეთო იმისათვის, რომ აშშ-მა და ნატომ შენს მიმართ ინტერესი შეინარჩუნონ. ნატოში პირველ ვიოლინოდ იყო და რჩება აშშ, ჩვენთვის გადამწყვეტი აშშ-ს მხარდაჭერის მოპოვებაა, ამ პირობებში, როდესაც ის უმდიდრეს რეგიონს თმობს და ფაქტობრივად რუსულ თამაშს თამაშობს, ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას? „დღეს ასევე ძალიან საინტერესო „ფორინ პოლისის" სტატია იყო, მრავლისმეტყველი სათაურით, „დღეს ქურთები და ხვალ კრაკოვი", იქ პირდაპირ წერია, რომ აშშ-მ სანდო პარტნიორის იმიჯი დაკარგა და თუ ასე გაგრძელდა და დასავლეთი დროზე აზრზე არ მოვიდა, შესაძლოა მომდევნო ბალტიის ქვეყნებია, იქ წერია, რომ ევროპა რჩება და დარჩება ეკონომიკურ სუპერ ძალად, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ის როგორც სამხედრო სუპერძალა, აღარ იარსებებსო. „ამ ფონიდან გამომდინარე, ჩვენ რა გამოსავალი გვაქვს, პირველი ისაა, რომ იყვირო, რაც შეიძლება ხმამაღლა და არა ის, რომ სირაქლემასავით ქვიშაში თავი ჩავრგოთ და საერთოდ ჩვენი პრობლემებიანად დავიწყებას მივეცეთ, თუ ჩვენ ჩვენი პრობლემა არ გავააქტიურეთ, ამ სიტუაციაში შენთვის არავის არ სცხელა”, - განაგრძობს გამოცემა.
„ვფიქრობ, რომ ჟენევის ფორმატმა თავისი თავი ამოწურა, ყოველ შემთხვევაში ცხადია, რომ ის, როგორც მცოცავი ოკუპაციის შემაკავებელი ფაქტორი აღარ არსებობს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა და საზოგადოებამ კონსესუსს მიაღწიოს იმის თაობაზე თუ, საქართველოს მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, როგორი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, მაშინ, როდესაც ჩვენთვის საერთაშორისო ფონი უკიდურესაც ნეგატიურია. "ახლა წინაასაარჩევნოდ ყველა პოპულიზმითაა დაკავებული და ამით მხოლოდ ზარალდება როგორც ოპოზიცია და ხელისუფლება, ასევე ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, ეს ვიწროპოლიტიკური ინტერესები უნდა გამოირიცხოს და საერთო კონსენსუსით უნდა მივიდეთ მარტივ დასკვნამდე, როდესაც დასავლეთს შენთვის არ სცალია, რა გავაკეთოთ, რომ რუსები უფრო სიღრმეში არ შემოვიდნენ ", - აცხადებს იგი. ლაგაზიძისვე შეფასებით,დღეს აშშ და შესაბამისად დასავლეთიც რუსეთის მიმართ ორმაგ პოლიტიკას ატერებს, ამიტომაც, საქართველოს საგარეო კურსის საიდუმლო გეგმაზე საუბარი ძნელია. „ბოლო დროს გააქტიურდა საუბარი იმაზე, რომ ბერლინის კედლის მსგავსი, ჩვენ თვითონ ხომ არ ავაშენოთ საოკუპაციო ზოლის გასწვრივ, სანამ საერთაშორისო სიტუაცია ჩვენთვის სასიკეთოდ შემოტრიალდება, რუსეთის უფრო სიღრმეში შემოწევა თავიდან ავიცილოთ. „დღეს ჩვენ ორი ამერიკა გვაქვს, შესაბამისად დასავლეთიც, ტრამპის ამერიკა რუსეთთან მიმართებაში კაპიტულანტურ პოლიტიკას ეწევა, მეორე ამერიკა, ანუ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის ნაწილი, რომელიც რუსეთთან ამ კაპიტულანტურ პოლიტიკას აფასებს, როგორც გეოპოლიტიკურ ტრაგედიას, ისინი მიიჩნევენ, რომ აშშ-მა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ 2022 წელს საქართველო ნატოში მაპის გარეშე მიიღონ, რომელიც შეიძლება იქცეს ტრამპის პრეზიდენტობის გვირგვინადო. „საქართველოს საგარეო კურსის რაიმე საიდუმლო გეგმაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, იმიტომ, რომ თავად ამერიკაა დღეს ორად გაყოფილი, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ თუ ადრე საუბარი იყო ორ რუსეთზე, რომელიც ერთი ჩვენს მიმართ კეთილგანწყობილი იყო და მეორე იმპერიული, დღეს სამწუხაროდ ვსაუბრობთ ორ ამერიკაზე, რომელთაგანაც ერთი რუსეთის მიმართ კაპიტულანტურია, მეორე კი ტრამპის პოლიტიკას გეოპოლიტიკურ ტრაგედიად მიიჩნევს", - აცხადებს ლაგაზიძე”, - დასძენს გამოცემა.
„რუსეთი საქართველოს სტრატეგიული მეგობრების საგარეო პრობლემას, როგორც ყოველთვის სათავისოდ იყენებს, ოკუპანტმა ორი დღის წინ სოფელ ატოცთან ბორდერიზაციის პროცესი განაახლა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა „რეზონანსთან" ამბობს, რომ ოკუპანტების გააქტიურება საქართველოს ხელისუფლების არასათანადო რეაგირებიდან გამომდინარეობს. „ატოცში ოკუპანტებმა 330-მეტრიანი მონაკვეთის შეღობვა ორი დღის წინ დილით დაიწყეს და იმავე დღეს დაასრულეს, ეს ის მონაკვეთია, რომელიც 11 თვის წინ მოამზადეს, თუმცა, მაშინ ანტისაოკუპაციო მოძრაობამ მცოცავი ბორდერიზაცია შეაჩერა, რეალობა კი ორი დღის წინ შეიცვალა. "სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ხელშეწყობით ოკუპანტებმა შეღობეს ეს ადგილი, ვინაიდან ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოკუპანტებს ღობეების დამონტაჟების პროცესში პრობლემა არ შეჰქმნოდათ. პოლიციამ ჩვენი მოძრაობის წევრები საოკუპაციო ხაზის სიახლოვესაც არ მიგვიშვა, რათა რუსი ოკუპანტებისთვის დისკომფორტი არ შეგვექმნა. „ამ ეტაპზე სამუშაოები შეჩერებულია, თუმცა შეღობილია დაახლოებით 4 კმ-იანი მონაკვეთი, ეს ორი დღეა ოკუპანტები მიმდებარე ტერიტორიაზე აღარ ჩნდებიან, ატოცში ჟურნალისტების შემოშვება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ოკუპანტებმა დაასრულეს ამ მონაკვეთის შეღობვა, ვარაუდია, რომ ეს მხოლოდ გეგმის ნაწილი იყო, შესაძლებელია ხვალ, ზეგ ან მაზეგ გამოჩნდნენ და პროცესი გააგრძელონ. „რაც შეეხება ჩორჩანას ტყეს, იქაც ნებისმიერი პირისთვის მოძრაობა შეზღუდულია, თუმცა, ვახერხებთ დაკვირვებას და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ჯერჯერობით პროცესი დასრულებული არაა, ყოველდღიურად ოკუპანტების მხრიდან მიმდინარეობს ტყის გაჩეხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. „ეს ტერიტორიები ხაშურის რაიონის კუთვნილებაა და არასოდეს შედიოდა ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ ოკუპანტებს ვუთმობთ იმ ტერიტორიებს , რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად არ დაგვიკარგავს. „ამ ეტაპზე სოფელ ყობის მიჯნაზე შეჩერებულია საოკუპაციო ზოლის გავლება, ყობიდან დოლომიტის საბადომდე, რომელიც ოკუპანტების სტრატეგიულ ინტერესს დარჩენილია 490მ და ბუნებრივია შესაძლებელია, რომ ნებისმიერ წუთს გაგრძელდეს სამუშაოები ამ საბადოს მიმართულებით და ჩვენ დავკარგოთ უზარმაზარი ტერიტორიები,"-აცხადებს იგი”, - წერს გამოცემა.
„ქაცარავა ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მცოცავ ოკუპაციაზე სათანადო რეაგირება არ აქვს და მხოლოდ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ატარებენ. „ჩვენი ხელისუფლება გამოწვევებს ძალიან მდორედ პასუხობს, აქ ჩვეულ რეჟიმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს, ისე როგორც მანამდე მუშაობდა, ის ალბათ თავის მანდატის ფარგლებში, ხოლო რაც შეეხება რომელიმე ოფიციალურ პირს, აქ ხელისუფლებიდან არავინ ჩამოსულა, თუ არ ჩავთვლით ქარელის გამგებელს, რომელმაც სამწუხაროდ ვერაფერი საგანგაშო ვერ დაინახა ატოცში მიმდინარე შემოვლებთან დაკავშირებით, ეს იყო მხოლოდ ის წარმომადგენლობა, რომელიც ჩვენ ატოცში ვიხილეთ, ჩვენს ხელისუფლებას ბრალს ვდებ უმოქმედობაში. „თუ ჩვენი პრობლემით არავინ დაინტერესებულა, ეს ისევ და ისევ ჩვენი ხელისუფლების ბრალია, ის ამ საკითხს იმ პლატფორმებზე და იმ დონეზე არ აყენებს, რომლის მიხედვითაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნები საკითხში უნდა ჩაებან, ამაშია პრობლემა. "მეგობარი ქვეყანა ვერ დაინტერესდება თუ ამისკენ ჩვენი ხელისუფლება არ მოუწოდებს, ჩვენი ხელისუფლება კი ჩვენი მტერი სახელმწიფოს უმაღლესი დონის პირებს ხვდება და ესაუბრება ავიამიმოსვლების განახლებაზე, ეს კი ხდება 11 წლის სრული დიპლომატიური უკონტაქტობის შემდეგ, თურმე პირველი საკითხი ავიამიმოსვლების აღდგენაა და არა ჩვენი ტერიტორიული პრობლემები. „ჩვენი ხელისუფლება მოწოდების სიმაღლზე არაა - აწარმოებს ამ პოლიტიკას და შესაბამისად, ამითაა განპირობებული ჩვენი მეგობარი ქვეყნების შესაბამისი რეაქციაც, ჩვენი მეგობარი ქვეყანა იმაზე მეტად ვერ შეწუხდება ვიდრე ჩვენ შევწუხდებით. „მკაფიოდ რაც გამოიკვეთა, ესაა რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა, ნათლად ჩანს, რომ ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთი ბედნიერი ჰყავდეს და არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში კონფლიქტის ტერიტორიებზე მიმდინარეობს სრული კომფორტის შექმნა რუსული მხარისთვის, მიუხედავად დასავლეთისკენ დეკლარირებული კურსისა, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ჩვენი საგარეო კურსი შეიცვალოს და ჩვენ რუსეთის გუბერნია ვიყოთ. „დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ ვიქნებით ნატოს წევრი, არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ ამას საქმითაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენ იმ ცივილიზებულ ნაწილთან ინტეგრეცია გვინდა და არა რუსეთში, საბოლოოდ ჩვენ ზუსტად ეს მოქმედება დაგვიცავს, ჩვენ თუ ნატოს წევრი ვიქნებით, აღარ გვექნება ისეთი პრობლემები რომლებიც ახლა გვაქვს. მცდელობაა, რომ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა გავხდეთ, მაგრამ სინამდვილეში იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი ნელ-ნელა იცვლება რუსეთის მიმართულებით, რაც ძალიან დიდი პრობლემაა,"-განაცხადა ქაცარავამ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი