"პირველი დარტყმა თბილისზე იქნება“ - რა საფრთხეს ქმნის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაორმაგება

“სომხეთში, ქალაქ გიუმრიში ახალი, მოდენიზებული იარაღითა და საბრძოლო ტექნიკით რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზის საბრძოლო პოტენციალის თითქმის გაორმაგება, საქართველოს რეალური საფრთხის წინაშე აყენებს;

ახალი სამხედრო დაპირისპირების, „პირობითად, აგვისტოს ომის ნომერი 2-ის შეთხვევაში," 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს „დაშვებულ შეცდომებს მოსკოვი აღარ გაიმეორებს," სომხეთში განთავსებული რუსული ბაზა საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდება”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "პირველი დარტყმა თბილისზე იქნება“ - რა საფრთხეს ქმნის სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზის პოტენციალის გაორმაგება

 

"2016 წელს სომხეთმა და რუსეთმა გააფორმეს სპეციალური ხელშეკრულება სომხეთის ტერიტორიაზე სომხურ-რუსული კოალიციური ძალების გახსნის შესახებ, რომლის მიზანი და ამოცანა გაშლილი არაა, თუმცა, ეს რთულად გამოსაცნობი არ არის. ერთი წლის შემდეგ, ანალოგიური ხელშეკრულება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, დე-ფაქტო აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაიდო," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია. სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის საბრძოლო პოტენციალი თითქმის გაორმაგდების შესახებ 102-ე ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ნიკოლაი მარტინიუკმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოუგუს გიუმრის ბაზის დათვალიერების დროს, 29 ოქტომბერს განუცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი" ავრცელებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ვახტანგ მაისაია სომხეთში განთავსებული რუსული ბაზის მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ საქართველო-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ამ ლოკაციიდან საქართველო პოტენციური სამიზნე ხდება. „სომხეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთში კოალიციური ძალების შექმნა რას წარმოადგენს, გასაგებია. დე-ფაქტო რეჟიმის ხელში არსებული კოალიციური ძალების რაოდენობა დაახლოებით 15 ათას ადამიანს შეადგენს, ხოლო სომხეთში - დაახლოებით 25 ათასს. მშვიდობიანობის პერიოდში, ამ კოალიციურ ძალებს სომეხი მთავარსარდალი უხელმძღვანელებს, ხოლო საბრძოლო ოპერაციების დაწყების შემთხვევაში, რაც ომიანობას არ გულისხმობს, უკვე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელის დონეზე გადადის. „გიუმრის 102-ე ბაზაზე მეთაური ამ კოალიციური ძალების სარდალი ხდება. სავარაუდოდ, ანალოგიური სისტემით იმოქმედებს დე-ფაქტო აფხაზეთის ტერიტორიაზეც. როგორც ჩანს, ამ კოალიციური ძალების მთავარი იდეაა მოახდინოს საქართველოს ალყაში მოქცევა. „თურქეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე, ამ საკითხმა შეიძლება დროებით მეორე პლანზე ჩაიწიოს, მაგრამ რეალურად რუსეთის გენერალურმა შტაბმა ის შეცდომები გაითვალისწინა, რაც საქართველოსთან, აგვისტოს ომის პერიოდში დაუშვეს. როგორც ჩანს, შემდგომი სავარაუდო სამხედრო კამპანიის, პირობითად აგვისტოს ომის ნომერი 2-ის შემთხვევაში, ეს ყველაფერი რუსეთის გენშტაბის მიერ გათვალისწინებული იქნება," - აღნიშნა მაისაიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი იმ ლოკაციებს ასახელებს, რომლის მიმართულებით რუსეთის სამხედრო საფრთხე იზრდება: „თუ დაიწყო სამხედრო ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ეს კოალიციური დაჯგუფება ჩვენ წინააღმდეგ ამოქმედდება და ისინი სამხრეთის მიმართულებით დაიძვრებიან; ალბათ სამცხე-ჯავახეთის მეშვეობით ბორჯომის ხეობაში შემოსვლას განახორიცლებენ და უკვე ოკუპირებული ცხინვალიდან წამოსული გარკვეული შენაერთის, ან აფხაზურ-რუსული კოალიციური ძალების მოახლოებასა და შეერთებას შეუწყობს ხელს. „პირველი დარტყმა ცხინვალიდან და სომხეთიდან თბილისისკენ იქნება მიმართული, ხოლო რუსულ-აფხაზური - სავარაუდოდ ქუთაისისა და ზუგდიდის მიმართულებით. არ არის გამორცხული, ბათუმიც ერთ-ერთი ობიექტი იყოს. სომხეთის ტერიტორიაზე სამხედრო პოტენციალის გაძლიერება სავარაუდოდ ამ იდეას მოიცავს - კოალიციური ძალების შექმნის წინაპირობას ქმნის," - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ. შეგახსენებთ, 2016 წელს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო ძალების ერთობლივი შეიარაღებული დაჯგუფები შექმნის შესახებ ორ ქვეყანას შორის ხელშეკრულება გაფორმდა”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1314 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.