November 22, 2024

„რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერშეტევაში დაადანაშაულეს“- «Financial Times»

დღევანდელი უცხოური მასმედია საკმაოდ მდიდარია საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალებით:

მთავარი თემა - იმ კიბერშეტევის გამოძიების შედეგები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო და არასამთავრობო ინფრასტრუქტურაზე გასულ წელს განხორციელდა. როგორც ცნობილია, 2019 წლის ოქტომბერში კიბერშეტევით საქართველოში 15 ათასამდე ვებ-საიტი განადგურდა, მათ შორის სამთავრობო ორგანოების საიტებიც. აშშ-მა და დიდი ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ვირუსის გაშვება რუსეთმა განახორციელა, და ამ ოპერაციას სამხედრო დაზვერვა (გრუ“) ხელმძღვანელობდა.

 

კიბერშეტევის გამოძიების შედეგების თაობაზე დასავლურ მასმედიაში მასალები გაავრცელეს პრაქტიკულად ყველა წამყვანმა საინფორმაციო საშუალებამ - ამერიკულმა „ესოშეითედ პრეს“-მა, ფრანგულმა „ფრანს-პრეს“-მა, ბრიტანულმა „როიტერ“-მა და სამაუწყებლო ტელერადიო კომპანია „ბი-ბი-სი“-მ, , გერმანულმა „დოიჩე ველემ“ და ბევრმა სხვამ. სტატია გამოქვეყნდა ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშლ თაიმს“-შიც («Financial Times») სათაურით „რუსეთის სამხედრო დაზვერვა საქართველოზე კიბერЫეტევაში დაადანაშაულეს“. პუბლიკაციის ავტორები არიან ჰელენ უორელი - ლონდონიდან, მაქს სედონი - მოსკოვიდან და კატერინა მენსონი - ვაშინგტონიდან.

 

სტატიაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული კიბერშეტევის ფაქტი და მისგან მიყენებული ზიანი, რომელიც საქართველომ განიცადა. ავტორები ოფციალური განცხადებების ციტირებასაც ახდენენ - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თქმით, ვაშინგტონი საქართველოს დაეხმარება მსგავსი შეტევების თავიდან ასაცილებლად. დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური იწყების ხელმძღვანელის დომინიკ რააბის განცხადებით, „რუსეთის დაზვერვის მიერ განხორციელებული კიბერნეტიკული შეტევა დამოუკიდებელ საქართველოზე სრულიად მიუღებელია“.

 

თავის მხრივ, მოსკოვი უარყოფს კიბერტერორისტული აქტის ჩადენას: როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ამბობს, რუსეთს აღნიშნულ კიბერშეტევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ჩვენ არავის კიბერსივრცეში არ ვერევით და არც ვაპირებთ ჩარევას“.

 

„ფაინენშელ თაიმსი“ მკითხველებს ახსენებს, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების საიტების კონტენტი უეცრად შეიცვალა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოსურათით, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: „მე დავბრუნდები“.

 

„მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი იყო კატასტროფული შედეგების მომტანი 2008 წლის ომის პერიოდში და რომელიც ქვეყანას ტერიტორიის ერთი მეხუთედის დაკარგვით დაუჯდა, ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს. საქართველოს მთავრობამ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელსაც, რა თქმა უნდა, თვითონ იგი უარყოფს.

 

გასულ ზაფხულში საქართველოს პარლამენტის წინ გამართული მწვავე საპროტესტო აქციები, რომელიც რუსი დეპუტატის ვიზიტთან დაკავშირებით დაიწყო, იმას მოწმობს, რომ 2008 წლის ომის ჭრილობები ბევრისთვის ჯერ კიდევ ღიაა. აღსანიშნავია, რომ ანტირუსული მიტინგების შედეგად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან  ავიამიმოსვლა აკრძალა, რაც დიდი დარტყმა იყო ქართული ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგის - ტურიზმის მიმართ. მსგავსი ფაქტები გვაჩვენებს, რომ საქართველო ეკონომიკურად ჯერ კიდევ მოწყვლადია რუსეთის წინაშე, რომელიც ამ ეტაპზე მის ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორად რჩება“, - ასეთი დასკვნაა გაკეთებული ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Financial Times» (დიდი ბრიტანეთი)

https://www.ft.com/content/14377b84-53e3-11ea-90ad-25e377c0ee1f

წაკითხვა 709 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.