November 23, 2024

"პირველად ევროპის საბჭოს ისტორიაში, ორგანიზაციის თავმჯდომარე-ქვეყანამ - საქართველომ საკუთარ უუნარობაზე მოაწერა ხელი"

რუსული ყოველდღიურ ფედერალურ  გაზეთ „როსიისკაია გაზეტა“-ში («Российская газета») დაბეჭდილია სტატია სათაურით „სამიტი გადავიდა:

საქართველომ უარი განაცხადა ევროსაბჭოს ქვეყნების მინისტრების შეხვედრის ჩატარებაზე“ (ავტორი - მარინა ალეშინა), რომელიც საქართველო-რუსეთს შორის ბოლო დროს გააქტიურებულ საკითხს - თბილისში 14-15 მაისს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარებას და მასში რუსული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის სავარაუდო მონაწილეობას ეხება.

 

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

 

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში ჩასვლის საკითხი, რომლის გამოც ამას ორიოდე დღის წინათ ქართველმა ჟურნალისტებმა ჟენევაში სერგეი ლავროვს „შეუტიეს“, უკვე აქტუალური აღარ არის: პირველად ევროპის საბჭოს ისტორიაში, ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე-ქვეყანამ, საქართველოს სახით, საკუთარ უუნარობაზე მოაწერა ხელი, რომ ვერ უზრუნველყოფდა თავის ტერიტორიაზე მინისტრთა სამიტის ჩატარების უსაფრთხოებას, რომელიც, საბოლოო ჯამში, თბილისში კი არა, სტრასბურგში გაიმართება. თუ ქართული დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, სამიტის თბილისიდან სტრასბურგში გადატანის საკითხში საქართველოს საფრანგეთი დახმარებია.

 

ბატონმა დავით ზალკალიანმა შეხვედრის გადატანა ქართული კანონმდებლობის მოთხოვნით ახსნა, რომელიც ვითომდა ნება არ იძლევა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფნაზე. პრეტენზიის არსი იმაში გამოიხატება, რომ სერგეი ლავროვი ადრე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიცაა ნამყოფი, რომელთა დამოუკიდებლობის ცნობაზე თბილისი უარს აცხადებს. ისე, კაცმა რომ თქვას, თვითონ ქართველებიც აღიარებენ, რომ ეს პრეტენზია მხოლოდ საბაბია, სინამდვილეში კი საქართველოს მთავრობა სერიოზულად შიშობდა, რომ ვაითუ რუსი მინისტრის თბილისში ჩასვლას „ბუნტი მოჰყოლოდა - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მონაწილეობით. გავიხსენოთ, რა მოჰყვა გასულ ზაფხულში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის  თბილისურ ვიზიტს.

 

არადა, როგორც ჩანს, თბილისი ბოლო დრომდე ყოყმანობდა - უარი ეთქვა თუ არა სამიტის ჩატარებაზე. მართლაცდა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 იანვარს მტკიცედ აცხადებდა, რომ მისი ქვეყანა მზად იყო ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრების შეხვედრა უზრუნველყო - „საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებისა და ევროსაბჭოს წესდების გათვალისწინებით“, მაგრამ შიდაპოლიტიკურმა კონიუნქტურამ ყველაფერი გადასწონა - საერთაშორისო ვალდებულებაც და წესდებაც. ექსპერტების აღიარებით, რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში საქართველოს თავმჯდომარეობა ევროპის საბჭოში ხმაურიანი საერთაშორისო სკანდალით დასრულდებოდა, ახლა კი საქმე მხოლოდ ჩაშლასთან გვაქვს, ისიც მხოლოდ თბილისში ჩატარებასთან მიმართებით. დამკვირვებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ ნაბიჯით ქართველებმა თვითონ თქვეს უარი რუსეთთან დიალოგის აღდგენისათვის ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობაზე“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: «Российская газета» (რუსეთი)

https://rg.ru/2020/02/27/gruziia-otkazalas-provesti-vstrechu-glav-mid-stran-soveta-evropy.html

წაკითხვა 516 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 28 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.