საქართველოში FETÖ-ს ძალა სულ უფრო სუსტდება
თურქული სააგენტო „ანადოლუ“ («Anadolu Ajansı») აქვეყნებს ინტერვიუს თბილისში თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან ფატმა იაზგანთან, სათაურით „საქართველოში FETÖ-ს ძალა სულ უფრო სუსტდება“, რომელშიც საუბარია ფეთულა გიულენის ტერორისტულ ორგანიზაციის „ფეტო“-სთან ბრძოლაზე, რომელიც ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ე.წ. „გიულენის სკოლების“ სახითაა წარმოდგენილი.
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოში 2015 წლის 15 ივლისის სემდეგ, ანუ როცა FETÖ-ს ტერორისტულმა ორგანიზაციამ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოაწყო, საქართველოში ფეთულა გიულენის მიერ გახსნილი საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა თანდათან შემცირდა - ლიცენზიები გაუუქმდა რიგ სკოლებს და კოლეჯებს ბათუმში, თბილისში, რუსთავში... დღეისათვის დარჩა მხოლოდ სამი დაწესებულება, რომელთაგან ყველაზე მსხვილი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტია.
საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა იაზგანის თქმით, თურქულ მხარეს მუდმივად აქვს კავშირი ქართულ სამსახურებთან იმ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, რომელიც „ფეტო“-ს დანაშაულებრივი ორგანიზაციის შესახებ არის მოძიებული. ეს ეხება საქართველოში არსებულ ქსელსაც, ანუ იმ ორგანიზაცია-დაწესებულებებს, რომლებიც „ფეტო“-ს მიერ ფინანსდებიან. მათი მეშვეობით „ფეტო“-სთან დაკავშირებული პირები საქართველოდან ევროპაში გადადიან.
„ფეტო“ საქართველოში სულ უფრო კარგავს თავის ძალას და სუსტდება. თბილისი შესაბამის ზომებს იღებს მის წინააღმდეგ, რაც სასარგებლოა თვით საქართველოს განვითარებისთვისაც. ჩვენი მიზანია აღვკვეთოთ ამ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელიც საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს. „ფეტო“ საქართველოში ანტითურქულ საქმიანობას ეწეოდა“, - განაცხადა თურქმა ელჩმა „ანადოლუ“-ს კორესპონდენტთან საუბრისას.
„დღეისათვის, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, საქართველო-თურქეთის ურთიერთობა კიდევ უფრო მტკიცდება, ვაჭრობა ფართოვდება... შესაბამისად, ორი კეთილი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა არ მისცემს შესაძლებლობას ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის „ფეტო“-ს, რომ მათი თანამშრომლობა შეარყიოს“, - აღნიშნა ელჩმა და ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი მუდმივად ახმარს თავის ძალისხმევას საქართველოსთან ურთიერთობის განმტკიცებას.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.aa.com.tr/tr/15-temmuz-darbe-girisimi/turkiyenin-tiflis-buyukelcisi-yazgan-fetonun-gurcistandaki-gucu-gittikce-azaliyor/1910971
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"