ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში ქარტული ოცნება დამაჯერებლად - 63%-ით იმარჯვებს.

ოლიგარქი ოპოზიციას ძალადობასა და რადიკალურ ქმედებებში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პირადად ის, ყველანაირ ძალადობას ემიჯნება.

 

ბიძინა ივანიშვილის წერილდ უცვლელად გთავაზობთ:

 

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე.

მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში.

ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.

როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ - პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია.

მინდა მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს - ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.

ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში.

ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას. ესაა "ქართული ოცნების" ხელწერა და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ მათგან.

უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. "ქართული ოცნება" დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.

შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“,- წერს ოლიგარქი

წაკითხვა 916 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.