ნინო ბურჯანაძე - მიხეილ სააკაშვილი საქართველოს, თავის ტკივილის გარდა, სხვას არაფერს მოუტანს

რუსულ პოპულარულ გაზეთის „იზვესტიის” («Известия») დღევანდელ, 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ინტერვიუ ნინო ბურჯანაძესთან სათაურით „მიხეილ სააკაშვილი საქართველოს, თავის ტკივილის გარდა, სხვას არაფერს მოუტანს“, რომელშიც პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ქვეყნის პარლამენტის ექს-სპიკერი  წინასაარჩევნო ფონზე საუბრობს სხვადასხვა საკითხების ირგვლივ, მათ შორის - რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო პერსპექტივაზე და ექს-პრეზიდენტმიხეილ სააკაშვილის შანსებზე ხელისუფლებაში დაბრუნების თვალსაზრისით.


გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:


- აქვს თუ არა რუსეთთან დიალოგისთვის მნიშვნელობა იმას, თუ რომელი პარტია იქნება ხელისუფლებაში - ივანიშვილის „ქართული ოცნება“ თუ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“?
- მე ვერ წარმომიდგენია ის პერსპექტივა, რომ ხელისუფლებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. სხვათა შორის, არც „ოცნება“ და არც „ნაციონალები“ [რუსეთთან მიმართებით] რაიმე ცვლილებისათვის რადიკალური ნებას არ ამჟღავნებენ. გასაგებია, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაიჭრას „გორდიას კვანძი“ და რუსეთთან  მოლაპარაკების პროცესი უნდა დავიწყოთ - პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. ყველა მიმართულებით უნდა ვეცადოთ ჩვენი ინტერესები დავიცვათ, მათ შორის, რუსეთთან დიალოგის მეშვეობითაც, მაგრამ ამას ხელისუფლება ვერ ბედავს. საქართველო პარადოქსების ქვეყანაა...


- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თქვენ არ ელოდებით მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობის გაუმჯობესებას არჩევნების შემდეგ?
- ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება ძალთა განლაგება პარლამენტში. თუ ჩვენ ხმების იმ რაოდენობას მივიღებთ, რომ გავლენა მოვახდინოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე, მაშინ მე ყველაფერს გავაკეთებ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. თუ ასეთი შესაძლებლობა არ მექნება, მაშინ პროცესი, უკეთეს შემთხვევაში,  ერთ ადგილზე „იბუქსავებს“. იმედი მაქვს, რომ გაუმჯობესება მაინც იქნება და შევძლებთ ჩვენი ურთიერთობის აწყობას.


---------------
- მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს თავისი უკრაინული კარიერა და სამშობლოში დაბრუნდეს. რა რისკებს შეიცავს საქართველოსთვის მისი შესაძლო დაბრუნება?
- იმედი მაქვს, რომ ასე არ მოხდება. მას სჭირდება აბსოლუტური გარანტიები იმაზე, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს, მაგრამ იგი [ამ გარანტიებს] ვერ მიიღებს. გარდა ამისა, თუ გაერთიანებული ოპოზიცია გაიმარჯვებს და მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას ქვეყნის პრემიერად ოფიციალურად წარადგენს, მე მას ხმას არ მივცემ. მზად ვარ მხარი დავუჭირო სხვა კანდიდატებს ოპოზიციური პარტიებიდან, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს - არავითარ შემთხვევაში. იგი საქართველოს არაფერს კარგს არ მოუტანს, თავის ტკივილის გარდა. თუ ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ გადაწონის, მაშინ, რასაკვირველია, პარლამენტში მეტი წილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ექნება, თუმცა [ვიმეორებ], რომ მიხეილ სააკაშვილი ჩემს მხარდაჭერას ვერ მიიღებს.


- ანუ თქვენთვის სხვა ოპოზიციური კანდიდატის განხილვა შესაძლებელია, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია, ხომ? 
- დიახ, ერთმნიშვნელოვნად მიუღებელია. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან არ მომწონს, ფაქტი ფაქტად რჩება: „ერთიან ნაცმოძრაობას“ მეტი მხარდაჭერა აქვს, ამიტომ ამ გარემოების იგნორირება არასწორი იქნებოდა. „ქართულ ოცნებას“ რომ სწორი პოლიტიკა გაეტარებინა, „ნაციონალურ მოძრაობას? ბოლო ადგილი ექნებოდა. ბიძინა ივანიშვილი ჩემს პარტიას ყველანაირი მეთოდებით ებრძოდა. მართალია, იგი მიხეილ სააკაშვილივით არ მოქმედებს - ჩემი პარტიის წევრებს არ იჭერს და ფიზიკურ ძალას არ იყენებს, მაგრამ ზეწოლას ახდენს ფინანსურად, პოლიტიკურად, მორალურად... ჩვენი პარტიის წევრები სამსახურის გარეშე არიან დარჩენილნი: მათ ეუბნებოდნენ, რომ დასაქმდებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტიას დატოვებდნენ. 


- შეიძლება თუ არა, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - ანუ მხოლოდ ორმა გადაწყვიტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის საკითხი?
- 2016 წლისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მშვენივრად მოახდინა „ნაციონალებთან“ კოოპერირება, ორივემ ბიზნესი გადაინაწილა. ჩვენ იმ პერიოდისათვის მესამე ძალა ვიყავით - საპრეზიდენტო არჩევნებში 11% მოვაგროვე. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გარიგდნენ და ჩემი ხმები „პატრიოტთა ალიანსს“ ჩაუთვალეს, დაეხმარნენ ბარიერის გადალახვაში. თუ ახლაც ასე მოხდება, ამას უპასუხოდ არ დავტოვებ... ცხადია, არის იმის რისკი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხმების სერიოზულ რაოდენობას მიიღებს და შეიძლება ამ დროს „ქართულმა ოცნებამ“ ბევრ რამეზე თვალი დახუჭოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახლა „ნაციონალებმა“ ძალა იგრძნეს და ბიძინა ივანიშვილს არ გაურიგდებიან.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: https://iz.ru/1080108/aleksei-zabrodin/saakashvili-nichego-krome-golovnoi-boli-gruzii-ne-prineset 

წაკითხვა 514 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 30 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.