უცხოური პრესა: მრავალათასიანი მიტინგი ყოფილ საბჭოთა საქართველოში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით
ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრეს“-მა («AFP - Agence France-Presse») გაავრცელა ვრცელი მასალა სათაურით „მრავალათასიანი მიტინგი ყოფილ საბჭოთა საქართველოში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით“, რომელშიც ფართოდაა გადმოცემული თბილისში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია.
„კვირას თბილისში ათასობით მოქალაქე შეიკრიბა ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა“, - აღნიშნულია მასალაში, - „ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, რაც კავკასიურ სახელმწიფოში კრიზისის დაწყება განაპირობა. საერთოდ, საქართველოში არჩევნების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ხშირად ხდება ერთმანეთისათვის ბრალდებების წაყენება, რასაც დემონსტრაციები მოსდევს“.
პუბლიკაციაში ციტირებულია მიტინგის მონაწილეთა რადიკალური განცხადებები:
„ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, სახელმწიფო გადატრიალების ტოლფასია. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას ახალი არჩევნები ჩაატაროს“, - ამბობს 33 წლის ფარმაცევტი თეონა ლანჩავა. „ეს არჩევნები უკვე ბოლო წვეთი გახდა. მოვიდა დრო „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან წავიდეს“, - ამბობს 70 წლის პენსიონერი გივი ბარამიძე.
სტატიაში მიმოხილულია დასავლელი და ადგილობრივი ქართველი დამკვირვებლების შეფასებები. „მაშინ როცა დასავლეთის ქვეყნებიდან ჩასულმა დამკვირვებლებმა - ეუთოს დელეგაციამ, აშშ-ისა და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლობა - გარკვეული ნეგატიური ფაქტების მიუხედავად, არჩევნები დემოკრატიის სტანდარტების შესაბამისად ჩათვალეს, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმის მიცემა გაყალბებულად მიიჩნიეს“, - აღნიშნავს „ფრანს-პრესი“.
პუბლიკაციაში ერთმანეთთანაა შედარებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მმართველობის წლები - რას მიაღწიეს მათ ქვეყნის განვითარების მხრივ:
„საქართველო დასავლეთისთვის სანიმუშო ქვეყანა გახდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის შედეგად. მან დაიწყო რეფორმების გატარება, რომლებიც მიმართული იყო როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიზნით, ასევე კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად.
„ქართულ ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება, ავტორიტეტი და პოპულარობა დაეკარგა, რადგან მან ვერ შეძლო ეკონომიკური სტაგნაციისადმი გამკლავება და სავარაუდოდ, უკან დაიხია დემოკრატიული ვალდებულებების შესრულების საკითხშიც
კრიტიკოსები ბრალს სდებენ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანს და საქართველოს რეალურ მმართველს ბიძინა ივანიშვილს იმაში, რომ იგი დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, ქმნის ისეთ კორუმპირებულ სისტემას, რომელშიც კერძო ინტერესები პოლიტიკასთან არის შერწყმული“, - ნათქვამია „ფრანს-პრესის“ პუბლიკაციაში.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.france24.com/en/live-news/20201108-thousands-rally-in-ex-soviet-georgia-demanding-snap-polls-1
სიახლეები
- "ერთადერთ რამეს ვთხოვ პოლიტიკურ პარტიებს, ერთმანეთის ლანძღვა ცოტა გააჩერონ" - პრეზიდენტი
- "პრეზიდენტი დიდ ეროვნულ საქმეს ეწევა ევროპული მომავლის გადასარჩენად, მაგრამ ამ ბრძოლაში იმ ადამიანის ციხეში მივიწყება, რომელმაც ქვეყანას ევროპის კარი გაუხსნა, გაუმართლებლად მიმაჩნია"
- " აფხაზეთში არ ვიმყოფები, რამდენიმე დღით მოსკოვში მივფრინავ" - ასლან ბჟანია
- მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას აღნიშნავს
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"