გიდების “აჯანყება” აფხაზეთში - დე ფაქტო მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მოსახლეობის 13% შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს

“საკურორტო სეზონი ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი სკანდალით დაიწყო, რომელმაც უკვე შეიძინა პოლიტიკური დატვირთვა. საუბარია ე.წ. საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლითაც აფხაზეთში ჩასული ტურისტული ჯგუფების მომსახურების უფლება რუს გიდებსაც ექნებათ.

ამას აფხაზი გიდების მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. მდგომარეობა იმდენად დაიძაბა, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი. რატომ გახდა ეს ცვლილება საჭირო და მოყვება თუ არა ამას სერიოზული დაპირისპირება? აფხაზური “ტელეგრამ” არხებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია სანქტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მოგზაურობისას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმდა, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთში რუსი გიდების მუშაობაზე მოქმედ აკრძალვას გააუქმებს. აფხაზური საექსკურსიო კომპანიები შეშფოთებულნი არიან ამ გადაწყვეტილებით, რადგან ისინი ვერ გაუწევენ კონკურენციას რუსულ კომპანიებს. დე ფაქტო ხელისუფლების ამ ინიციატივის დასაპირისპირებლად სპეციალური შტაბიც კი შექმნეს. შტაბის მუშაობის პირველი 24 საათის განმავლობაში მას ტურიზმის ათასზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გიდების “აჯანყება” აფხაზეთში - დე ფაქტო მინისტრი თანამდებობიდან გადადგა, მოსახლეობის 13% შეიძლება შემოსავლის გარეშე დარჩეს.

“აფხაზეთში აქამდე მოქმედი ე.წ. კანონმდებლობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ტურისტების ჯგუფების მომსახურების უფლება მხოლოდ “აფხაზეთის მოქალაქეებს” აქვთ. აფხაზი გიდები ამბობენ, რომ ამ წესის შეცვლით ისინი შემოსავლის მთავარ წყაროს დაკარგავენ, რადგან ერთ დღიანი ტურები საკმაოდ შემოსავლიანია და მარტო შარშან ასეთ ექსკურსიაზე სოჭიდან აფხაზეთში 1.2 მილიონი რუსი ტურისტი ჩავიდა. აფხაზეთი რუს ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და, შესაბამისად, გიდის პროფესია იქ ძალიან მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით პოპულარულია ერთდღიანი ტურები აფხაზეთში - როდესაც სოჭში დასასვენებლად მყოფი მოქალაქეები ავტობუსებით ან მირკოავტობუსებით ჩადიან აფხაზეთში და ადგილობრივ ღირშესანიშნაობებს ათვალიერებენ - ახალი ათონი, რიწის ტბა და ა.შ. ასეთი ჯგუფები საზღვარზე ქირაობენ აფხაზ გიდებს, რომელიც ტურისტებს მეგზურობას უწევს, კონკრეტული ლოკაციების დათვალიერებაში ეხმარება, ესაუბრება აფხაზეთის ისტორიის შესახებ და ა.შ. ახლა კი მოსალოდნელია, რომ ამ ტურისტულ ჯგუფებს სოჭიდანვე გაყვებიან რუსი გიდები და მათ აფხაზების მომსახურება აღარ დასჭირდებათ. აფხაზეთში გიდების შემოსავალი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით კი ზაფხულში. სწორედ ამან გამოიწვია აფხაზი გიდების უკმაყოფილება, რადგან მათ რუსი კოლეგების საკუთარ ტერიტორიაზე შეშვება არ სურთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აფხაზური საექსკურსიო კომპანიების თქმით, თუ ეს ცვლილება ამოქმედდება აფხაზეთის მოსახლეობის დაახლოებით 13% საარსებო წყაროს გარეშე დარჩება. ამ ყველაფრის ფონზე აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ე.წ. ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა თანამდებობიდან გადადგა. მან განაცხადა, რომ ინდუსტრიაში შექმნილი ვითარების გამო პოსტი საკუთარი ნებით დატოვა. როგორც მან აღნიშნა, იგი ტურისტული საქმიანობის შესახებ მოქმედ კანონს (ეს კანონი უცხოელი გიდებს აფხაზეთის ტეიტორიაზე საექსკურსიო საქმიანობას უკრძალავს) მხარს უჭერს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ აფხაზ გიდებს სხვადასხვა ლოკაციებზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, ხშირ შემთხვევაში მითებსა და ზღაპრებს ჰყვებიან, დასმულ შეკითხვებს კი ზერელედ პასუხობენ. მისივე თქმით, შესაძლოა ე.წ. აფხაზეთის ხელისუფლებამ გარკვეული სტანდარტები დააწესოს, რომლის მიხედვითაც გიდები შეირჩევა. ზაქარეიშვილი სიტუაციის დაძაბვას გამორიცხავს, რადგან მიაჩნია, რომ ეს საკითხი პრობლემატური არ არის. როგორც იგი აღნიშნავს, ამ თემას აფხაზებიც არ უყურებენ სერიოზულად.

“ამ კანონის ცვლილებას თავისი ლოგიკა აქვს, რადგან აფხაზებიიმ თანამედროვე ტურიზმის სტანდარტებს არ შეესაბამებიან, რასაც რუსეთიდან ჩამოსული გიდები ახორციელებენ, რომლებიც უფრო კომპეტენტური არიან, ვიდრე აფხაზები. რუსი ტურისტები თავის გიდებს უფრო ენდობიან, რადგან აფხაზებს ხშირ შემთხვევაში მითებსა და ზღაპრებს ჰყვებიან, დასმულ კითხვებს ვერ პასუხობენ, ან თუ პასუხობენ - ძალიან ზერელედ. ასე რომ, ისინი რუსეთიდან ჩამოსულ გიდებს კონკურენციას ვერ უწევენ. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, რათა ტურისტული სფერო უფრო კვალიფიცირებული იყოს. შესაძლოა, რაღაც გარკვეული სტანდარტები დააწესონ და არ ექნება მნიშვნელობა რუსი იქნება თუ აფხაზი. მაგრამ ასეთ ვითარებაში რუსეები გაიმარჯვებენ, თუმცა გიდების გამო სერიოზულ პოლიტიკურ დაპირისპირებას მე ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, თეიმურაზ ხიშბა პრობლემებს ვერ გაუმკლავდა და ამიტომ გადადგა. აფხაზებს მიაჩნიათ, რომ ხიშბა სიტუაციის მსხვერპლი გახდა და ამჯობინა წასულიყო, ვიდრე ვინმეს მხარე დაეჭირა”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 273 ჯერ

Related items

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.