"შეხვედრა დროული იყო, საჭირო და აქტუალური" - დავით ზალკალიანი ლავროვთან შეხვედრაზე
"როგორც მაშინ, ისე დღესაც, ვიყავი და ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეხვედრა იყო დროული, საჭირო და აქტუალური" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შესახებ საუბრისას.
მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში შექმნილი გამწვავებული ვითარება იყო ამ შეხვედრის მთავარი განმაპირობებელი.
„მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების, ბორდერიზაციის აგრესიული ტალღის ფონზე, ჩვენ მოვახდინეთ საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა ინსტიტუტის მაქსიმალური მობილიზაცია, არ დარჩენილა არც ერთი ფორმატი, საერთაშორისო მექანიზმი და ორგანიზაცია, რომელიც არ გამოეხმაურა ამ მოვლენებს, პროცესი მაინც გრძელდებოდა და მნიშვნელოვანი იყო მისი შემდგომი გართულების პრევენცია,"-განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, სწორედ შემნილი ვითარება გახლდათ განხილვის მთავარი საგანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ ყველა მაღალი დონის შეხვედრაზე, სადაც პარტნიორებმა შემოგვთავაზეს განხილულიყო შესაძლებლობა გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი რუსეთის ფედერაციასთან ამ საკითხებზე სასაუბროდ.
„ინიციატივა შვეიცარიისგან მომდინარეობდა და მისი მიღების მიზანშეწონილობა განხილულ იქნა მოკავშირეებთან და მეგობრებთან, მათ შორის, ტრანსატლანტიკური საბჭოს შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ყველა მათგანის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა შექმნილ ვითარებაში საუბრის გამართვის საჭიროება, რაც მათ შეხვედრის შემდგომ გაკეთებული განცხადებებითაც დაადასტურეს,"- განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე განცხადებით, ასევე მიუღებელია სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო გაცხადებული.
„გაეროში ვიზიტის დაწყებისთანავე ყველა კომუნიკაციაში საზოგადოებასთან, ღიად ვაცხადებდით, რომ პარტნიორებთან ერთად მუდმივად მიდიოდა მსჯელობა იმაზე, თუ როგორ გამოგვეყენებინა გაეროს ფორმატი საქართველოში შექმნილი დაძაბული ვითარების დეესკალაციისთვის,"-განაცხადა ზალკალიანმა.
მისი თქმით, შეხვედრის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე მის მიერ წინა დღით იყო გაჟღერებული მედიისთვის მიცემულ კომენტარში.
ზალკალიანის განცხადებით, სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა ყველა აქტუალური საკითხი, პირველ ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ შორის, ბოლო განვითარებები. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა მოლაპარაკებების რაიმე ახალი ფორმატის შექმნაზე და არსებულის გადახედვაზე.
სიახლეები
- "დასავლეთის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს გლობალური სახე მისცა"
- "ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ"- გიორგი გახარია
- "ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს"- პრეზიდენტი
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი